
“ტრამპი ევროპას დიდებას უბრუნებს: აშშ-ის პრეზიდენტმა ევროპულ ინტეგრაციას ცივი ომის დასრულებიდან ყველაზე დიდი ბიძგი მისცა”-Financial Times
ბრიტანული გაზეთის „ფაინენშელ თაიმსის“ (Financial Times) 11 მარტის ნომერში გამოქვეყნებულია მოწინავე სტატია სათაურით „ტრამპი ევროპას დიდებას უბრუნებს: აშშ-ის პრეზიდენტმა ევროპულ ინტეგრაციას ცივი ომის დასრულებიდან ყველაზე დიდი ბიძგი მისცა“ (ავტორი – გიდეონ რეჩმენი, საერთაშორისო მიმომხილველი).
გთავაზობთ პუბლიკაციას მცირე შემოკლებით:
დონალდ ტრამპს არასოდეს არ მიუღია ნობელის მშვიდობის პრემია, მაგრამ იგი სერიოზული პრეტენდენტი უნდა გახდეს კარლოს დიდის პრემიის მისაღებად, რომელიც ყოველწლიურად ენიჭებათ ადამიანებს ევროპის ერთიანობაში დიდი წვლილის შეტანისათვის.
აშშ-ის პრეზიდენტმა თამაში დაუწყო მოსკოვს, შეასუსტა რწმენა ნატოს მიმართ, დაემუქრა ევროკავშირს ტარიფების ზრდით და მხარი დაუჭირა ევროპელ ულტრამემარჯვენეებს. ამ ყველაფერმა ევროკავშირზე მასტიმულირებელი ზემოქმედება მოახდინა. ფუნდამენტური ნაბიჯები ევროპული ერთიანობის განსამტკიცებლად, რომლებიც ათწლეულების განმავლობაში შენელებული იყო, ამჟამად ისევ აქტიურად გადაიდგმება.
არსებობს სამი საკვანძო სფერო, რომლებზედაც საჭიროა ყურადღება გავამახვილოთ. პირველი – ევროპული თავდაცვა, მეორე – საერთოევროპული ვალი, მესამე – ევროკავშირსა და დიდ ბრიტანეთს შორის არსებული განხეთქილების აღმოფხვრა.
ამ მოვლენებს საფუძვლად უდევთ ევროპის საზოგადოებრივი აზრის მკვეთრი ცვლილება. გასულ კვირას ჩატარებულმა საზოგადოებრივმა გამოკითხვამ აჩვენა, რომ ბრიტანელების 78% დონალდ ტრამპს საფრთხედ მიიჩნევს დიდი ბრიტანეთისათვის. მათ ეთანხმებათ გერმანელთა დაახლოებით 74% და ფრანგების 69%. კიდევ ერთი გამოკითხვის დროს გერმანელთა 85%-მა საფრანგეთი საიმედო პარტნიორად შეაფასა. რაც შეეხება დიდ ბრიტანეთს, მას მხარს უჭერს გერმანელთა 78%. აშშ-ის რეიტინგი დაეცა 16%-მდე.
ბევრი ევროპელი ლიდერი ეთანხმება იმას, რომ ტრამპისეული ამერიკა დღეს [მათთვის] საფრთხეს წარმოადგენს, თუმცა ამას ხმამაღლა ძალიან ცოტა ვინმე თუ იტყვის, დიპლომატიური მოსაზრებით. ისინი შეშფოთებით აცნობიერებენ იმასაც, რომ ტრანსატლანტიკურმა ალიანსმა, რომელსაც უკვე 8 წელი შეუსრულდა, ისინი ძლიერ დამოკიდებულებაში ჩააყენა აშშ-ის მხრიდან სამხედრო მხარდაჭერის საკითხში. ეს არამარტო ფულის ხარჯებთან დაკავშირებითაა, არამედ უფრო უარესადაც – ევროპა აშშ-ზე სახიფათოდ დამოკიდებული აღმოჩნდა ტექნოლოგიებისა და შეიარაღების დარგშიც.
ევროპელები ხედავენ, თუ როგორ მძიმე სიტუაციაში აღმოჩნდა უკრაინა დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის მიერ მიღებული გადაწყვეტილების შემდეგ, რომელიც სადაზვერვო მონაცემებისა და იარაღის გადაცემას ეხება. ამრიგად, საქმე ეხება ორ მიმართულებას: ერთი მხრივ, საჭიროა რაც შეიძლება გაჭიანურდეს ამერიკული დახმარების მიღება ევროპისათვის და მეორე – რაც შეიძლება სწრაფად მოემზადონ აღნიშნული მომენტისათვის
სწორედ ეს ლოგიკა ჰქონდა საფუძვლად გასულ კვირას მიღებულ გადაწყვეტილებას, რომლის თანახმად, ევროკომისიას ნება მიეცა 150 მილიარდი ევრო გამოყოს ევროკავშირის თავდაცვითი მრეწველობის განვითარებისათვის. ეს ახალი დანახარჯები, ალბათ, გამიზნული იქნება იმ სფეროებისათვის, რომლებშიც ევროპა ამერიკას ჩამოუვარდება (რაკეტმშენებლობა, ჰაერსაწინააღმდეგო დაცვა და ა.შ.).
საერთოევროპულ ბიუჯეტში ვალების (დეფიციტის) დაშვება ეს არ არის მხოლოდ უბრალო მეთოდი თავდაცვის ფულის შესაგროვებლად. ეს არის აგრეთვე ევროს განმტკიცების შესაძლებლობა დოლარის ალტერნატივად, მსოფლიო სარეზერვო ვალუტის სახით. დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის კაპრიზები იმას ნიშნავს, რომ თეთრ სახლში კარგად იციან – მთელ მსოფლიოში არსებობს მნიშვნელოვანი მოთხოვნა აშშ-ის სახაზინო ვალდებულებების ალტერნატივაზე, ანუ დოლარის შემცვლელ უსაფრთხო ვალუტაზე.
გერმანია ტრადიციულად მკაცრად იცავს ხოლმე ტაბუს საერთოევროპული ბიუჯეტის დეფიციტის დაშვების საკითხში. ახლა ეს ტაბუ, დიდი ალბათობით, მოხსნილი იქნება. ფრიდრიხ მერცი, რომელიც გერმანიის კანცლერის პოსტს დაიკავებს, საფრანგეთთან შედარებით უფრო თავისუფლად იმოქმედებს: რადგანაც ბერლინი ყოველთვის ფრთხილობდა ბიუჯეტის დეფიციტი არ ჰქონოდა, მას უფრო მეტი შესაძლებლობა ექნება საშინაო ვალის ასაღებად, ვიდრე პარიზს, ან თუნდაც ლონდონს, რომლებიც ვალების აღების საკითხში საკმაოდ გაწაფულნი არიან და ამიტომაც აქვთ დიდი საბიუჯეტო დეფიციტი.
სხვათა შორის, ეკონომიკაში სამხედრო სექტორის გაფართოება გერმანიის ეკონომიკას საკმაოდ წაადგება. ერთ-ერთმა ცნობილმა ფრანგმა ბიზნესმენმა ჩემთან საუბარში საკმაოდ მკაფიოდ განაცხადა: „რა თქმა უნდა, აშკარად ასე მოხდება. გერმანია ვეღარ ჰყიდის თავის ავტომობილებს, სამაგიეროდ, დაამზადებს და გაჰყიდის ტანკებს“.
დონალდ ტრამპი თავისი მოქმედებით, ნებით თუ უნებლიედ, ხელს უწყობს ევროკავშირისა და დიდი ბრიტანეთის ერთმანეთთან დაახლოების გააქტიურებას, „ბრექსიტის“ შემდეგ. საფრანგეთისა და დიდი ბრიტანეთის ლიდერები ემანუელ მაკრონი და კირ სტარმერი მჭიდროდ თანამშრომლობენ უკრაინის საკითხში, ხოლო თუ მათ ფრიდრიხ მერციც დაემატება, მძლავრი პროუკრაინული ტრიუმვირატის შექმნის მოწმენი გავხდებით.
სამხედრო ხარჯების გაზრდის ერთ-ერთი მექანიზმი შეიძლება გახდეს ახალი ევროპული თავდაცვითი ფონდის ჩამოყალიბება, რომელშიც მონაწილეობის მიღება დიდ ბრიტანეთსაც შეუძლია. ეს იქნებოდა ლონდონისა და ბრიუსელის თანამშრომლობის ახალი ფორმა, რომელიც გარკვეულწილად აღმოფხვრის „ბრექსიტის“ შედეგად გახსნილი პანდორას ყუთის ნეგატიურ შედეგებს.
ბრექსიტით გამოწვეული ზიანის ნაწილობრივი ლიკვიდაციის პერსპექტივა ხაზს უსვამს, რომ ევროპისათვის შესაძლებლობების გამოხატვის დრო დგება. ევროპას ახლა, ალბათ, შეუძლია მსოფლიოს უფრო მეტად სტაბილური საქმიანი გარემო შესთავაზოს, ვიდრე ტრამპის ამერიკას.
იმდენად, რამდენადაც დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია აძლიერებს ზეწოლას აშშ-ის უნივერსიტეტებზე, ევროპას წამყვანი ამერიკელი მკვლევრების მიზიდვის შანსი უჩნდება. მართალია, მათი ხელფასები აშშ-ში უფრო მაღალია, მაგრამ, ვფიქრობ, ევროკავშირი ამ საკითხის გადაწყვეტასაც მოახერხებს.
რასაკვირველია, დიდი ევროპული ერთიანობის გზაზე ბევრი უთანხმოება და წარუმატებლობა იქნება. საწყენია, რომ საფრანგეთი და გერმანია უკვე იწყებენ დავას იმის თაობაზე, თუ როგორ იქნება დახარჯული ევროკავშირის ახალი თავდაცვითი ფონდის სახსრები.
ყოველი მსგავსი კონფრონტაცია გააძლიერებს სკეპტიციზმს მათში, ვინც ამბობს, რომ ევროპა ძალების მოკრებას ვერასოდეს ვერ შეძლებს. ანალოგიური ეჭვები და ურწმუნოება იყო 1950-იან წლებში, როცა ევროპამ ფოლადისა და ქვანახშირის წარმოება გააერთიანა და 1990-იან წლებში, როცა საერთოევროპული ვალუტა იქნა შემოღებული. მაგრამ საბოლოოდ ევროპელმა ლიდერებმა თავისას მაინც მიაღწიეს – იმიტომ, რომ პოლიტიკური შეთანხმების სურვილი უფრო მეტი იყო, ვიდრე წინააღმდეგობა.
ევროპული ერთიანობის გზაზე მომხდარი ყველა დიდი ნახტომი გამოწვეული იყო გეოპოლიტიკური რყევებით – ჯერ მეორე მსოფლიო ომის დასრულებით, შემდეგ კი ცივი ომის დამთავრებით. ახლა, დონალდ ტრამპის წყალობით, ჩვენს თვალწინ ტრანსატლანტიკური ალიანსის დეზინტეგრირების პროცესი მიმდინარეობს. ევროპამ ენერგიული და ოსტატური რეაგირება მოახდინა წინა ორ სერიოზულ გამოწვევაზე. იმედია, რომ ევროპა იგივენაირად უპასუხებს დღევანდელ გამოწვევასაც.
მოამზადა სიმონ კილაძემ