1. Home
  2. TOP სიახლე
  3. თავდაცვის კოდექსში დაგეგმილი ზოგი ცვლილება დისკრიმინაციულია -საია
თავდაცვის კოდექსში დაგეგმილი ზოგი ცვლილება დისკრიმინაციულია -საია

თავდაცვის კოდექსში დაგეგმილი ზოგი ცვლილება დისკრიმინაციულია -საია

168
0

„გასული წლის 28 დეკემბერს საქართველოს პარლამენტში დარეგისტრირდა საქართველოს მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივა – საქართველოს კანონის პროექტი „თავდაცვის კოდექსი“და მასთან დაკავშირებულ 45 სხვა საკანონმდებლო აქტში გამომდინარე ცვლილებების პროექტები. ინიციატივის მიხედვით, სასულიერო პირებიც გაივლიან არასამხედრო, ალტერნატიულ შრომით სამსახურს. ამჟამინდელი მოწესრიგების თანახმად კი, გაწვევის გადავადების უფლება (სხვა საფუძვლებს შორის, ასევე) აქვს პირს, რომელიც არის მღვდელმსახური (კონფესია დაკონკრეტებული არაა)“, – აღნიშნულის შესახებ განცხადებას ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია ავრცელებს. 

როგორც საიას განცხადებაშია აღნიშნული, ერთი შეხედვით, ნეიტრალური ბუნების ცვლილებების თანახმად, განურჩევლად ყველა სასულიერო პირს სამხედრო სამსახურის გავლის გადავადების უფლება აღარ ექნება და ამას არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახურით ჩაანაცვლებს.

 

„თუმცა, შემოთავაზებული ცვლილებების სისტემურად, საქართველოში მოქმედ სხვა საკანონმდებლო აქტებთან განხილვის შემთხვევაში, ცხადი ხდება, რომ კანონპროექტების ამგვარი ფორმით მიღების შემთხვევაში, მოხდება არსებითად თანასწორი პირების, სხვადასხვა რელიგიური ორგანიზაციების მღვდელმსახურების, უთანასწორო მოპყრობა, კერძოდ:

კონსტიტუციური შეთანხმება „საქართველოს სახელმწიფოსა და საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალიურ მართლმადიდებელ ეკლესიას შორის“ ითვალისწინებს, რომ „სასულიერო პირი თავისუფლდება სამხედრო ვალდებულებისაგან“.

ნორმატიული აქტების შესახებ საქართველოს ორგანული კანონის თანახმად, საქართველოს კონსტიტუციური შეთანხმება საქართველოს კონსტიტუციის შემდეგ საქართველოს სხვა ორგანულ კანონებსა და საკანონმდებლო აქტებზე იერარქიულად უფრო მაღლა დგას.

ამასთან, კონსტიტუციურ შეთანხმებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა შესაძლებელია მხოლოდ მხარეთა ურთიერთშეთანხმების საფუძველზე, ორივე მხარის ხელმოწერითა და პარლამენტისა და წმინდა სინოდის დამტკიცებით.

ყოველივე ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, იარარქიულად უფრო დაბლა მდგომ საკანონმდებლო აქტში ცვლილების შეტანა იმგვარად, რომ  სამხედრო სამსახურის ვალდებულება (თუნდაც არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახურის სახით) განესაზღვროს სასულიერო პირსაც, გავლენას ვერ მოახდენს საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალიური მართლმადიდებელი ეკლესიის სასულიერო პირებზე, და ისინი კვლავ გათავისუფლდებიან ალტერნატიული შრომითი სამსახურისგანაც, ვინაიდან, კონსტიტუციური შეთანხმება იერარქიულად უფრო მაღლა მდგომი აქტია. 

ამასთან, ხაზგასასმელია, რომ საქართველოს კანონის „არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახურის შესახებ“ რეგულირების სფეროა  საქართველოს მოქალაქეთა სამხედრო ვალდებულების არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახურის ფორმით მოხდასთან დაკავშირებული სამართლებრივი ურთიერთობები.

შესაბამისად, არაკეთილსინდისიერი იქნებოდა იმგვარი განმარტება, რომ „სამხედრო ვალდებულება“ უკავშირდება მხოლოდ გაწვევის ფაქტს, ხოლო, არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახური ამისგან დამოუკიდებლად არსებული ვალდებულებაა.

საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახური ცვლის არა მთლიანად სამხედრო ვალდებულებას, არამედ სამხედრო ვალდებულების მხოლოდ სამხედრო სამსახურის ფორმით მოხდას.

 ამგვარად, საკონსტიტუციო სასამართლოს შეფასებით, ალტერნატიული შრომითი სამსახური წარმოადგენს სამხედრო ვალდებულების მოხდის ფორმას.

საია მიიჩნევს, რომ მხოლოდ ერთი რელიგიის სასულიერო პირებისთვის უფლებრივი პრივილეგიის მინიჭება, ადამიანის უფლებათა სამართლის პერსპექტივით, დისკრიმინაციულია და ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას“, – ნათქვამია განცხადებაში. 

საია კანონპროექტის ინიციატორებს და დეპუტატებს მოუწოდებს თავიანთი მანდატის შესაბამისად იმოქმედონ. 

„ამრიგად, მოვუწოდებთ, როგორც კანონპროექტის ინიციატორებს, ისე, დეპუტატებს, იმოქმედონ თავიანთი მანდატის შესაბამისად იმგვარად, რომ უზრუნველყონ საქართველოს კონსტიტუციითა და საერთაშორისო ხელშეკრულებებით განმტკიცებული თანასწორობის პრინციპის განუხრელი დაცვა.

დისკრიმინაციის პრევენციისთვის კი სამართალშემოქმედს აქვს რამდენიმე ალტერნატივა, შესაძლებლობის ყველა არსებითად თანასწორ პირზე გავრცელებით, ასევე, მისი სრულად გაუქმებით“, – აცხადებენ საიაში.