1. Home
  2. TOP სიახლე
  3. თანამედროვე ეპოქაში, როდესაც მიმდინარეობს მიზანმიმართული ბრძოლა ტრადიციული ოჯახის წინააღმდეგ, მოვუფრთხილდეთ ოჯახს, რათა გადარჩეს და გაძლიერდეს -მეუფე შიო
თანამედროვე ეპოქაში, როდესაც მიმდინარეობს მიზანმიმართული ბრძოლა ტრადიციული ოჯახის წინააღმდეგ, მოვუფრთხილდეთ ოჯახს, რათა გადარჩეს და გაძლიერდეს -მეუფე შიო

თანამედროვე ეპოქაში, როდესაც მიმდინარეობს მიზანმიმართული ბრძოლა ტრადიციული ოჯახის წინააღმდეგ, მოვუფრთხილდეთ ოჯახს, რათა გადარჩეს და გაძლიერდეს -მეუფე შიო

191
0

ოჯახის სიწმინდის დღეს განსაკუთრებით ვფიქრობთ ოჯახის ცნებაზე, მის მნიშვნელობაზე, რომ ეს არის უდიდესი ფასეულობა და განძი, რომელიც ღმერთმა უბოძა კაცობრიობას, – ამის შესახებ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა, შიომ (მუჯირი) ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღესთან დაკავშირებით ქაშუეთის ტაძართან განაცხადა.

„გილოცავთ, ოჯახის სიწმინდის დღეს და გადმოგცემთ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის ლოცვა – კურთხევას. ამ დღეს ყოველთვის განსაკუთრებით ვფიქრობთ ოჯახის ცნებაზე, მის მნიშვნელობაზე. ეს არის უდიდესი ფასეულობა და განძი, რომელიც ღმერთმა უბოძა კაცობრიობას. ბიბლია გვაუწყებს, უფალმა თქვა, რომ არ ვარგა ადამის მარტო ყოფნა, გავუჩენ მას შემწეს, მის შესაფერს და შეუქმნა ღმერთმა ადამს ცოლი და აკურთხა ისინი და თქვა, „აღორძინდით და გამრავლდით და დაიმკვიდრეთ ქვეყანა“. ასე დადგინდა კაცობრიობის ისტორიის დასაწყისში ეს განსაკუთრებული ცხოვრებისეული კავშირი – ოჯახი. მართლმადიდებლური სწავლების მიხედვით, ოჯახი უფალ იესო ქრისტესა და ეკლესიის კავშირის სახედ მოიაზრება, წმინდა მოციქული პავლე წერს, რომ კაცია თავი ცოლისა, როგორც ქრისტეა თავი ეკლესიისა და შემდეგ დასძენს, ქმრებო, გიყვარდეთ თქვენი ცოლები, როგორც ქრისტემ შეიყვარა თავისი ეკლესია და თავი დასდო მისთვის. მაშასადამე, ოჯახში, ქორწინებაში, ქმარი არის სახე ქრისტესი, ხოლო ცოლი – ეკლესიის“, – განაცხადა შიო მუჯირმა.

მისი თქმით, გარდა იმისა, რომ ოჯახი ეკლესიის სახეა, ის სამრევლო თემის სახეც არის.

„ეკლესიის მიზანია მისი წევრების გადარჩენა. ჩვენ ვიკრიბებით დედა ეკლესიაში, რომ სული გადავირჩინოთ და სხვებსაც დავეხმაროთ ამაში და ასევე ოჯახშიც, მცირე ეკლესიაშიც, ადამიანები იკრიბებიან, რომ უყვარდეთ ერთმანეთი და სული გადაირჩინონ. ეს არის სივრცე, რომელზეც ამბობს წმინდა იოანე ოქროპირი, რომ ამ სულიერ სივრცეში მკვიდრობს უფალი, ეს არის დიდი სკოლა სიყვარულის, თავგანწირვის, სადაც ერთმანეთისთვის ლოცვით, მოთმინებით, ურთიერთსიმძიმის ტვირთვით ჩვენ ვსწავლობთ სიყვარულს, ვიზრდებით სულიერებაში და სულს ვიცხონებთ. ამდენად, ვიმეორებ, ეს არის უდიდესი განძი და ფასეულობა, ღვთის მიერ ბოძებული, რომელიც ადამიანმა ერთხელ უნდა შექმნას და მთელი ცხოვრება თვალისჩინივით უფრთხილდებოდეს, ამიტომ ამბობს უფალი იესო ქრისტე, რომ ვინც ღმერთმა შეაუღლა, დაე, ნუ განაშორებს კაცი, ამდენად, ჩვენს თანამედროვე ეპოქაში, როდესაც მიმდინარეობს მიზანმიმართული ბრძოლა ტრადიციული ოჯახის წინააღმდეგ, ჩვენ მეტად გვმართებს, რომ მოვუფრთხილდეთ ოჯახს, ოჯახის სიწმინდეს, ოჯახის ღირებულებებს და ვილოცოთ და ვიზრუნოთ იმისთვის, რომ ჩვენს ქვეყანაში ოჯახი გადარჩეს და გაძლიერდეს, სწორედ ამას ემსახურება ჩვენი დღევანდელი შეკრება და ლოცვითი მსვლელობა“, – განაცხადა მეუფე შიო მუჯირმა.