
თანამდებობის დაკავება ეს არის პასუხისმგებლობა და თუ ვინმე სხვა განწყობით იქნება, აუცილებლად ციხეში დაამთავრებს – თენგიზ შარმანაშვილი
ამ ქვეყანაში დაუსჯელი არავინ დარჩება, ვინც სახელმწიფო ინტერესების საწინააღმდეგოდ წავა – ინდულგენცია არავისთვის იქნება მისი სახელი და გვარი. ნურავინ დატკბება დღევანდელი მდგომარეობით, მათ უნდა იცოდნენ, რომ ეს [თანამდებობა]არა პრივილეგია, არამედ დიდი ტვირთია, – ასე გამოეხმაურა „ქართული ოცნების“ დეპუტატი, თენგიზ შარმანაშვილი სუს-ის მიერ თავდაცვის ყოფილი მინისტრის მოადგილის და კიდევ ორი პირის დაკავების საკითხს.
მისი თქმით, „უკანონო მოქმედებები არავის შერჩება.“
„ჩვენ არ ვართ 1937 წელში, რომ ვიღაცის განცხადების საფუძველზე ვიღაცების დაკავება დავიწყოთ. დაკავებები და გამოძიება დაიწყო, როცა მოგროვდა შესაბამისი მტკიცებულებები, რომელმაც შეიძლება დაადასტურონ ამა თუ იმ პიროვნების ბრალი. ამიტომ, ყველას მივმართავ: ვისაც თანამდებობის დაკავება უნდა, კარგა ხანს იფიქროს იმაზე, რომ ეს პრივილეგია არ არის. ეს არის უზარმაზარი პასუხისმგებლობა და ტვირთი. წინააღმდეგ შემთხვევაში სხვა განწყობით თუ მივა თანამდებობაზე, ის აუცილებლად დაამთავრებს ციხეში. ეს იმათაც ეხება, ვისზეც ახლა მიდის გამოძიება და სამომავლოდაც, ვისაც გამრუდებული იდეები შეიძლება აწუხებდეს. ამ ქვეყანაში დაუსჯელი არავინ დარჩება, ვინც სახელმწიფო ინტერესების საწინააღმდეგოდ წავა, მათ შორის კორუფციასთან დაკავშირებით, რადგან კორუფცია სახელმწიფო უსაფრთხოების ერთ-ერთი ელემენტია. ინდულგენცია არავისთვის იქნება მისი სახელი და გვარი. ნურავინ დატკბება დღევანდელი მდგომარეობით, მათ უნდა იცოდნენ, რომ ეს [თანამდებობა] არის არა პრივილეგია, არამედ დიდი ტვირთი. ვინც ამ ტვირთს ღირსეულად ვერ ზიდავს, მან ჯობია, ამ ტვირთის აცილების თაობაზე გადაწყვეტილება თავადვე მიიღოს – წინააღმდეგ შემთხვევაში უკანონო მოქმედებები არავის შერჩება“, – აღნიშნა თენგიზ შარმანაშვილმა.
ცნობისთვის, სუს-მა თავდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე გიორგი ხაინდრავა და კიდევ ორი პირი დააკავა. როგორც საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში აცხადებენ, სუს-ის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლების მიერ ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სასამართლოს განჩინების საფუძველზე დაკავებულია საქართველოს თავდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე გიორგი ხაინდრავა, იმავე სამინისტროს შესყიდვების დეპარტამენტის ყოფილი უფროსი ვლადიმერ ღუდუშაური და თავდაცვის იმდროინდელი მინისტრის ახლო ნათესავი ვლადიმერ მხეიძე. უწყების ცნობით, ჩატარებული გამოძიებით ამ ეტაპზე გამოვლენილია, რომ დანაშაულებრივმა ჯგუფმა შეიმუშავა და სისრულეში მოიყვანა გეგმა, რომლის მიხედვითაც, საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან 1 333 728 ლარი გაიფლანგა.