1. Home
  2. TOP სიახლე
  3. სუს-მა თავისი გამოძიების ფარგლებში ყველა კითხვას გასცა პასუხი, სპეკულაციები აქ აღარ არსებობს-ალექსანდრე დარახველიძე
სუს-მა თავისი გამოძიების ფარგლებში ყველა კითხვას გასცა პასუხი, სპეკულაციები აქ აღარ არსებობს-ალექსანდრე დარახველიძე

სუს-მა თავისი გამოძიების ფარგლებში ყველა კითხვას გასცა პასუხი, სპეკულაციები აქ აღარ არსებობს-ალექსანდრე დარახველიძე

112
0

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა, თავისი გამოძიების ფარგლებში, ყველა კითხვას გასცა პასუხი, შესაბამისად, აქ უკვე სპეკულაციები აღარ არსებობს, – ამის შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე დარახველიძემ განაცხადა.

დარახველიძის თქმით, დადასტურდა, რომ „ბიბისის“ გამოძიებაში მოცემული ფაქტები იყო მტკნარი სიცრუე და საერთოდ არ შეიცავდა სიმართლეს.

„როგორც უკვე არაერთხელ აღინიშნა, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ჩაატარა სრულყოფილი და დეტალური გამოძიება. ჩატარდა 160-ზე მეტი საგამოძიებო მოქმედება, გამოიკითხა 90-მდე პირი, ჩატარდა ექსპერტიზები, გამოთხოვილია ყველა შესაბამისი რელევანტური დოკუმენტაცია, რაც აუცილებელი იყო ამ საქმის გამოძიებისთვის და დადგინდა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრომ იმოქმედა კანონის შესაბამისად. არ დადასტურდა, თითქოს გამოყენებული იყო ნივთიერებები, რომელიც აკრძალული იყო და შეიცავდა ნივთიერება „კამიტს“, რომელიც პირველი მსოფლიო ომის შემდეგ არის აკრძალული. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა, თავისი გამოძიების ფარგლებში, ყველა კითხვას გასცა პასუხი. შესაბამისად, აქ უკვე სპეკულაციები აღარ არსებობს. დადასტურდა, რომ „ბიბისის“ გამოძიებაში მოცემული ფაქტები იყო მტკნარი სიცრუე და საერთოდ არ შეიცავდა სიმართლეს“, – განაცხადა დარახველიძემ.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გამოაქვეყნა დეტალური ინფორმაცია, სადაც შეგიძლიათ, გაეცნოთ ყველა იმ ნივთიერების შესახებ ინფორმაციას, რაც მითითებული იყო. გამოძიებაში დევს ყველა ის დოკუმენტი, რომელიც დაკავშირებულია აღნიშნული ნივთიერების შესყიდვასთან და მის ხარჯვასთან. შესაბამისად, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გაავრცელა დეტალური ინფორმაცია იმ ნივთიერების შესახებ, რომელიც შეძენილი იყო 2007-2009 წლებში. ასე რომ, აქ კითხვები აღარ არის“, – განაცხადა ალექსანდრე დარახველიძემ.

 „ბიბისიმ“ გამოაქვეყნა მასალა, სათაურით: „„ბიბისის“ მტკიცებულებების თანახმად, ქართველი დემონსტრანტების წინააღმდეგ პირველი მსოფლიო ომის დროინდელი ქიმიური ნივთიერება გამოიყენეს“. კერძოდ, „ბიბისი“ პირველი მსოფლიო ომის დროინდელი ქიმიური იარაღის სავარაუდო გამოყენებაზე საუბრობს. მედიასაშუალება წყაროდ ასახელებს პედიატრ კონსტანტინე ჩახუნაშვილს, განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ყოფილ უფროსს, ლაშა შერგელაშვილს, ექსპერტ კრისტოფერ ჰოლშტეგეს. რესპონდენტები არიან აგრეთვე ეკა გიგაური და გიორგი ბაჩიაშვილი. „ბიბისის“ მასალაში ლაშა შერგელაშვილი აცხადებს, რომ, „მისი აზრით, ეს იგივე ნივთიერებაა, რომლის გამოცდაც მას წყლის ჭავლისთვის 2009 წელს სთხოვეს“. ამასთან, „ბიბისის“ ცნობით, „გამოძიების შედეგებს საქართველოს ხელისუფლებაში აბსურდული უწოდეს და განაცხადეს, რომ პოლიციამ კანონიერად იმოქმედა სასტიკი დამნაშავეების უკანონო ქმედებების საპასუხოდ“.

სუს-ის ინფორმაციით, ნივთიერება „ბრომობენზილ ციანიდი“, იგივე „კამიტი“ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს არასდროს შეუძენია და 2024 წლის 4-5 დეკემბრის აქციაზე გამოყენებული ნივთიერებებიდან არცერთი არ განეკუთვნება აკრძალულ კატეგორიას.

ამასთან, სუს-ში განაცხადეს, რომ „კამიტის“ გამოყენების გამოგონილი ფაქტის მიმართულებით საგამოძიებო მოქმედებები ამოწურულია, გამოძიება გრძელდება იმ შესაძლო დანაშაულზე, რაც უცხოეთის ორგანიზაციისთვის მტრულ საქმიანობაში დახმარებას გულისხმობს.