1. Home
  2. TOP სიახლე
  3. სტრასბურგის სასამართლომ აღნიშნა, რომ პოლიციას აქვს ვალდებულება, იმოქმედოს იმ პროპორციული ძალის გამოყენების პრინციპით, რაც აუცილებელია საფრთხის აღმოსაფხვრელად -ალექსანდრე დარახველიძე
სტრასბურგის სასამართლომ აღნიშნა, რომ პოლიციას აქვს ვალდებულება, იმოქმედოს იმ პროპორციული ძალის გამოყენების პრინციპით, რაც აუცილებელია საფრთხის აღმოსაფხვრელად -ალექსანდრე დარახველიძე

სტრასბურგის სასამართლომ აღნიშნა, რომ პოლიციას აქვს ვალდებულება, იმოქმედოს იმ პროპორციული ძალის გამოყენების პრინციპით, რაც აუცილებელია საფრთხის აღმოსაფხვრელად -ალექსანდრე დარახველიძე

82
0

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ აღნიშნა, რომ ადგილი როდესაც აქვს მასობრივ არეულობას, ძალადობას, სახელმწიფო უწყებებზე შტურმს, პოლიციას აქვს ვალდებულება, იმ პროპორციული ძალის გამოყენების პრინციპით იმოქმედოს, რაც აუცილებელია საფრთხის აღმოსაფხვრელად, – ამის შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე დარახველიძემ განაცხადა.

„ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს დიდმა პალატამ 19-20 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით გადაწყვეტილება გამოიტანა და გარკვეულ შემთხვევაში კონკრეტული უფლებების დარღვევის ფაქტი დადგინდა. შესაბამისად, კონკრეტული განმარტებები გაკეთდა, რაში გამოიხატა უფლებების დარღვევის ფაქტი. მთავარი უნდა აღინიშნოს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ აღნიშნა, რომ ადგილი როდესაც აქვს მასობრივ არეულობას, ძალადობას, სახელმწიფო უწყებებზე შტურმს, პოლიციას აქვს უფლება, და არა მხოლოდ უფლება, არამედ ვალდებულება, იმ პროპორციული ძალის გამოყენების პრინციპით იმოქმედოს, რაც აუცილებელია საფრთხის აღმოსაფხვრელად. ამ შემთხვევაში ეს განმარტება პირდაპირ მითითებულია”, – აღნიშნა დარახველიძემ.

მისივე თქმით, რაც შეეხება საკითხს, ვინ მიიღო გადაწყვეტილება ამა თუ იმ სპეცსაშუალებების გამოყენებაზე, ამაზე მიმდინარეობს პროკურატურაში გამოძიება.

„რაც შეეხება კონკრეტულ შემთხვევაში კონკრეტული სპეცსაშუალებების გამოყენების, ასევე მათი არასწორი გამოყენების საკითხებს, ამაზე მსჯელობა არის გადაწყვეტილებაში. რა თქმა უნდა, თითოეული ჩვენგანი ყურადღებით ვეცნობით ამ გადაწყვეტილებას, კონკრეტული მითითებებია გაცემული. ეს საკითხები იქნება შესწავლილი და მოგვიანებით ამაზე იქნება მსჯელობა. რაც შეეხება იმას, ვინ მიიღო გადაწყვეტილება ამა თუ იმ სპეცსაშუალებების გამოყენებაზე, როგორც მოგეხსენებათ, საქართველოს გენერალურ პროკურატურაში ამაზე მიმდინარეობს გამოძიება. შესაბამისად, ჩვენ ვერ დავასწრებთ მოვლენებს და დაველოდოთ გამოძიების შედეგებს”, – განაცხადა ალექსანდრე დარახველიძემ.

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს დიდმა პალატამ გამოაცხადა გადაწყვეტილება საქმეზე „ცაავა და სხვები საქართველოს წინააღმდეგ”, რომელიც 2019 წლის 20-21 ივნისის ღამით პოლიციის მიერ პარლამენტის წინ ანტისამთავრობო დემონსტრაციის დაშლას ეხება. 24 მომჩივანის მიმართ სტრასბურგის სასამართლომ დაადგინა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-3 მუხლის ორივე ასპექტის დარღვევა (არაადამიანური ან ღირსების შემლახველი მოპყრობა/ეფექტიანი გამოძიების ნაკლებობა). 14 მომჩივანთან დაკავშირებით სასამართლომ დაადგინა კონვენციის მე-10 მუხლის დარღვევა (გამოხატვის თავისუფლება). ასევე, სასამართლომ დაადგინა, რომ 11 მომჩივანის მიმართ დარღვეულ იქნა კონვენციის მე-11 მუხლი (შეკრების თავისუფლება).

ცნობისთვის, საქართველოს მაშინდელი შინაგან საქმეთა მინისტრის და ყოფილი პრემიერის, გიორგი გახარიას მიმართ საქართველოს პროკურატურამ ორ საქმეზე დაიწყო სისხლისსამართლებრივი დევნა. ერთ-ერთი ეპიზოდი სწორედ 2019 წლის 20-21 ივნისის მოვლენებს უკავშირდება. გახარიას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა დაუსწრებლად აქვს შეფარდებული.