
სოხუმის დაცემიდან 32 წელი გავიდა
დღეს, სოხუმის დაცემიდან 32 წლისთავთან დაკავშირებით, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორმა, გენერალ-მაიორმა, კობა კობალაძემ, პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან, აფხაზეთის ა/რ მთავრობის თავმჯდომარესთან, გიორგი ჯინჭარაძესთან და მთავრობის წევრებთან ერთად, გმირთა მოედანზე, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულ გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკო, სამშობლოსათვის ბრძოლის ველზე დაცემული გმირების ხსოვნას პატივი კიდევ ერთხელ მიაგო და დაღუპულთა ოჯახის წევრებს მიუსამძიმრა.
🔴”ჯვართამაღლებას ვულოცავ ჩვენს ქვეყანას, თითოეულ თქვენგანს. 27 სექტემბერი, დღევანდელი გადასახედიდან, გაცილებით უფრო მძიმეა და დასაფიქრებელი, იმიტომ, რომ ბევრმა წელმა გაიარა და ერთი ათად უფრო მეტი შესაძლებლობა გვაქვს, რომ ანალიზი გავაკეთოთ. პირველ რიგში, 27 სექტემბერი არის დღე, რომელიც თითოეული ჩვენგანისთვის არის ერთ -ერთი უმძიმესი თარიღი, რამეთუ აღმატებული მოწინააღმდეგის დაგეგმილი ოპერაცია, გარკვეულწილად, წარმატებით დასრულდა, მიუხედავად იმისა, რომ საკმაოდ ბევრი გმირობის და თავგანწირვის მაგალითი იყო. ჩვენი ქვეყანა არის გმირების სამშობლო! 32 წელია, უკვე, გასული და ჩვენ გვაქვს ხედვა და სტრატეგია, როგორ უნდა იყოს ეს ქვეყანა ერთიანი და ძლიერი!.. კიდევ ერთხელ ვუსამძიმრებ ჩვენი ქვეყნისთვის ბრძოლაში დაღუპული თითოეული ადამიანის ოჯახს, ვუსამძიმრებ ჩვენს ქვეყანას და კიდევ ერთხელ გილოცავთ ჯვართამაღლებას,”-განაცხადა კობა კობალაძემ.
🔴სამშობლოს ერთიანობისთვის ბრძოლაში დაღუპულთა ხსოვნისადმი პატივის მისაგებად, გმირთა მოედანზე, ასევე, იმყოფებოდნენ, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი, მთავრობის წევრები, თავდაცვის ძალების მეთაური, გენერალ-ლეიტენანტი გიორგი მათიაშვილი, თბილისის მერი, კახა კალაძე, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორის პირველი მოადგილე, ნიკოლოზ კვეზერელი, მოადგილეები, მირონ ჩიგოგიძე და ჯანდრი უბირია, უწყების თანამშრომლები, ა(ა)იპ ”ახალგაზრდობა და ვეტერანები ეროვნული თავდაცვისა და უსაფრთხოებისათვის” დირექტორი, ედუარდ ჯიშკარიანი, საქართველოს გენერალთა კლუბის აღმასრულებელი დირექტორი, მალხაზ ჩიხლაძე, ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანები, აფხაზეთის ომში დაღუპულთა და უგზო-უკვლოდ დაკარგულთა ოჯახის წევრები, მოქალაქეები.
🔴სოხუმის დაცემის 32 წლისთავთან დაკავშირებით და აფხაზეთის ომში დაღუპულთა ხსოვნის პატივის მისაგებად, დღეს, 27 სექტემბერს, ყველა სახელმწიფო უწყების შენობაზე სახელმწიფო დროშები დაშვებულია.
🔴სამხედრო დაპირისპირება, აფხაზეთში, 1992 წლის 14 აგვისტოს დაიწყო. საქართველოს ერთიანობისთვის აფხაზი სეპარატისტების, ჩრდილო- კავკასიელი კონფედერატების, კაზაკებისა და რუსული შენაერთების წინააღმდეგ ბრძოლა, 13 თვე და 13 დღე გაგრძელდა და 1993 წლის 27 სექტემბერს, სოხუმის დაცემით დასრულდა. ქართული მხარის მიერ, ამ დრომდე დაუზუსტებელი მონაცემებით, 10 ათასზე მეტი ქართველი ჯარისკაცი და მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა, 300 ათასი კი _ საკუთარი სახლებიდან დევნილად იქცა.