შინაურ ბინადარ ცხოველთა შესახებ კანონი ამოქმედდა
დღეიდან, 2026 წლის 1-ელი იანვრიდან, საქართველოში „შინაურ ბინადარ ცხოველთა შესახებ“ კანონის აღსრულება დაიწყო. კანონით გათვალისწინებული ნორმები ძალაში ეტაპობრივად შევა და საკანონმდებლო პაკეტის სრულად ამოქმედება 2028 წლის 1-ელ ივლისამდე პერიოდშია დაგეგმილი.
მოქმედი გრაფიკის მიხედვით, 2026 წლის 1-ელ თებერვლამდე გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ მთავრობას უნდა წარუდგინოს ძაღლების მოშენების მორატორიუმის აქტი და ძაღლების ჰიპერპოპულაციის მართვის დროებითი წესი, ხოლო მთავრობამ აღნიშნული დოკუმენტები 1-ელ მარტამდე უნდა დაამტკიცოს.
ამავე ვადამდე, 1-ელ მარტამდე, მთავრობამ უნდა უზრუნველყოს:
- შინაური ცხოველების იდენტიფიკაცია-რეგისტრაციის წესის დამტკიცება;
- სტერილიზაცია/კასტრაციისა და მოშენების რეგლამენტის მიღება;
- ვეტერინარული კლინიკებისა და თავშესაფრების მარეგულირებელი დადგენილებების კანონთან შესაბამისობაში მოყვანა.
მუნიციპალიტეტებს 2026 წლის 1-ელ მარტამდე ევალებათ ცხოველთა ყოლის წესების კანონთან შესაბამისობაში მოყვანა ან ახალი წესების დამტკიცება.
კანონის მიხედვით, 1-ელ მაისამდე მარეგისტრირებელმა ორგანოებმა უნდა მიმართონ სურსათის ეროვნული სააგენტოს ბაზაზე წვდომისა და რეგისტრაციის უფლების მისაღებად, ხოლო არამარეგისტრირებელმა სუბიექტებმა – მხოლოდ წვდომის მისაღებად. 1-ელ ივლისამდე სეს-მა უნდა უზრუნველყოს ბაზაზე სუბიექტების სრული წვდომა.
ჯარიმები და სანქციები
2027 წლის 1-ელი იანვრიდან ამოქმედდება სანქციები შემდეგი ვალდებულებების დარღვევისთვის:
- იდენტიფიკაცია-რეგისტრაცია – 1 500 ლარი
- სტერილიზაცია/კასტრაცია – 1 500 ლარი
- ცოფის ვაქცინაცია – 500 ლარი
- გამრავლება თანხმობის გარეშე – 3 000 ლარი
- ცხოველის მიტოვება – ფიზიკური პირი 5 000 ლარი, იურიდიული პირი 10 000 ლარი
საშენების დაჯარიმება 2027 წლის 1-ელი იანვრიდან დაიწყება:
- მოშენების წესების დარღვევა – 1 000 ლარი
- მოშენება რეგისტრაციის გარეშე – 5 000 ლარი
- მოშენების მორატორიუმის დარღვევა – 10 000 ლარი
სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა
სისხლის სამართლის კოდექსის 259-ე მუხლში შესული ცვლილებებით:
- ცხოველის წამება ან სასტიკი მოპყრობა, რომელმაც დასახიჩრება გამოიწვია, დაისჯება ჯარიმით, შინაპატიმრობით 6 თვიდან 1 წლამდე ან თავისუფლების აღკვეთით 3 წლამდე;
- თუ ქმედებამ ცხოველის დაღუპვა გამოიწვია — სასჯელი იქნება ჯარიმა, შინაპატიმრობა 1-დან 2 წლამდე ან თავისუფლების აღკვეთა 2-დან 5 წლამდე.
კანონის ძალაში შესვლის ეტაპები
2027 წლის 1-ელ იანვრამდე:
- 2026 წლის 1-ელი ივლისიდან მეპატრონე ვალდებულია უზრუნველყოს ცხოველის იდენტიფიკაცია-რეგისტრაცია;
- უკვე იდენტიფიცირებული ცხოველების მეპატრონეებმა უნდა მიმართონ რეგისტრაციისთვის;
- საშენებმა რეგისტრაცია მუნიციპალიტეტში 2026 წლის 1-ელი ივლისიდან უნდა გაიარონ;
- რეგისტრირებული ცხოველები 2027 წლის 1-ელ იანვრამდე სავალდებულო სტერილიზაციას/კასტრაციას არ ექვემდებარებიან.
2027 წლის 1-ელ ივლისამდე მთავრობამ უნდა დაამტკიცოს კინოლოგისა და ფელინოლოგის სერტიფიცირების წესი, ხოლო 2028 წლის 1-ელ ივლისამდე სპეციალისტებმა სერტიფიცირება უნდა გაიარონ ან განათლების აღიარებისთვის შესაბამის ორგანოს მიმართონ.
დაჯარიმება უკვე 2026 წლიდან
მეპატრონეები 2026 წლის 1-ელი იანვრიდან დაჯარიმდებიან:
- ცხოველის გასეირნება საბლის ან ალიკაპის გარეშე – 150 ლარი
- ცხოველთან ერთად მგზავრობის წესის დარღვევა – 150 ლარი
- აკრძალულ სივრცეში შეყვანა – 50 ლარი
მარეგისტრირებელი სუბიექტები (კერძო თავშესაფარი, საშენი, ვეტერინარი) 2027 წლის 1-ლი იანვრიდან დაჯარიმდებიან:
- იდენტიფიკაცია-რეგისტრაციის მოთხოვნის დარღვევისთვის – 3 000 ლარი
- მოვლა-პატრონობისა და ყოლის წესების დარღვევისთვის – 500 ლარი
არამარეგისტრირებელი სუბიექტებისთვის (ცხოველთა სასტუმრო, კინოლოგი/ფელინოლოგი, რეალიზატორი, გრუმინგი) იგივე დარღვევისთვის ჯარიმა 500 ლარს შეადგენს.