,,შევხვდებით თეატრში ანდროსთან ერთად“- ვასო აბაშიძის სახელობის ახალი თეატრი განცხადებას ავრცელებს
ვასო აბაშიძის სახელობის ახალი თეატრი განცხადებას ავრცელებს.
„მოგესალმებით, ისევ ჩვენ, ისევ თეატრის წინ, ისევ ქუჩიდან! ჩვენ გვაიძულეს, დაგვეტოვებინა ჩვენი პროფესიული სივრცე და გამოვსულიყავით გარეთ ჩვენი მაყურებლისთვის, რომელიც 45-ე დღეა, შინ არ შესულა. ჩვენ გავჩერდით იმ უსამართლობის გამო, რომელიც ხდება დღეს ჩვენს ქვეყანაში! ჩვენ შევწყვიტეთ ჩვენი სპექტაკლები – ანდროსთვის, რომელიც უკანონოდ, ყოველგვარი მტკიცებულებების გარეშე იმყოფება რეჟიმის ტყვეობაში სხვა ახალგაზრდებთან ერთად.
ჩვენ არ დაგვიტოვეს სხვა გზა! ჯერ პოლიტიკოსებმა წაგვართვეს პროფესია იაფფასიანი შოუებით და მერე სასამართლომ – უხეირო, უნიჭო ბუფონადებით, რომლის მომსწრენიც ვიყავით გუშინ და დღეს. ბოლო იმედი, რომ სახელმწიფო გაუფრთხილდებოდა თავის ნიჭიერ, ჯანმრთელ ახალგაზრდებს, დასრულდა! მიუხედავად იმისა, რომ გარდა ჩვენი თეატრისა, სრულიად სახელოვნებო სფერომ, მისმა 2000-მდე წარმომადგენელმა მხარი დაუჭირა და ხელმოწერით დაადასტურა ანდრო ჭიჭინაძის თავდებობა, სახელმწიფომ, სასამართლოს პირით გამოგვიცხადა, რომ დღეს ასეთი სფერო ამ ქვეყანაში არ არსებობს! ისინი ჩვენ ვერ გვხედავენ! მათ ჩვენი არ ესმით! აქამდე ჩვენი ავირჩიეთ პროტესტის პასიური ფორმა.
დღეს კი, ვასო აბაშიძის სახელობის ,,ახალი თეატრის” დასი და მე მისი სამხატვრო ხელმძღვანელი დავით დოიაშვილი მოვითხოვთ, ამავე თატრის მსახიობის – ანდრო ჭიჭინაძის ადვოკატების მიერ გასაჩივრებული გუშინდელი გადაწყვეტილების გადახედვას და მის გამოშვებას არაუგვიანეს ამა წლის 20 იავრამდე.
იმის გათვალისწინებით, რომ დღემდე ჯერ კიდევ ვერ წარმოადგინეს და არც არსებობს არანაირი მტკიცებულება, რაც მის სისხლის სამართლის დანაშაულს დაადასტურებს. ჩვენი მოთხოვნის არგათვალისწინების შემთხვევაში, ჩვენ პასიური პროტესტიდან გადავალთ მოქმედებაზე და ნახავთ, რეალურად რა ძალა აქვს ხელოვნებას! გპირდებით, თქვენ ვერასოდეს ნახავთ მორჩილ თეატრს! თქვენ უკვე ნახეთ გაჩერებული თეატრი! მაგრამ ჯერ არ გინახავთ თავისი ერთი რიგითი ჯარისკაცისთვის მებრძოლი თეატრი!
თავისუფლება ანდრო ჭიჭინაძეს და რეჟიმის პოლიტიკურ პატიმრებს! შევხვდებით თეატრში ანდროსთან ერთად“, – ნათქვამია განცხადებაში.