1. Home
  2. TOP სიახლე
  3. შეუძლიათ თუ არა რუსეთს, ინდოეთს და ჩინეთს ერთმანეთთან მჭიდრო თანამშრომლობა აზიაში სტაბილიზაციის მისაღწევად? – South China Morning Post
შეუძლიათ თუ არა რუსეთს, ინდოეთს და ჩინეთს ერთმანეთთან მჭიდრო თანამშრომლობა აზიაში სტაბილიზაციის მისაღწევად? – South China Morning Post

შეუძლიათ თუ არა რუსეთს, ინდოეთს და ჩინეთს ერთმანეთთან მჭიდრო თანამშრომლობა აზიაში სტაბილიზაციის მისაღწევად? – South China Morning Post

96
0

ჩინეთის გაზეთ South China Morning Post-ის (იბეჭდება ჰონკონგში) 6 აგვისტოს ნომერში გამოქვეყნებულია სტატია სათაურით „შეუძლიათ თუ არა რუსეთს, ინდოეთს და ჩინეთს ერთმანეთთან მჭიდრო თანამშრომლობა აზიაში სტაბილიზაციის მისაღწევად?“ (ავტორი – საგინა ვალიათი). „ახალი რეალიზმი სამი ქვეყნის ურთიერთობებში შეიძლება გასაღები გახდეს აზიაში რეალური სტაბილურობის უზრუნველსაყოფად იმ დროს, როცა მსოფლიო სულ უფრო მრავალპოლუსიანი ხდება“, – ნათქვამია პუბლიკაციაში.

გთავაზობთ სტატიას მცირე შემოკლებით:

 იმ გეოპოლიტიკური დაძაბულობის ფონზე, რომელმაც ძალის გლობალური ცენტრების გადანაცვლება გამოიწვია, რუსეთის, ინდოეთისა და ჩინეთის (RIC – Russia, India, China) სამმხრივი ფორუმის კონცეფცია დიპლომატების ყურადღებას ისევ იპყრობს. იმ დროს, როცა მოსკოვი ოპტიმიზმს გამოხატავს ამ ფორმატის ასაღორძინებლად, ხოლო პეკინი, როგორც ჩანს, ამ იდეას მხარს უჭერს, დელი ფრთხილ და თავშეკავებულ პოზიციას ამჟღავნებს – ერთგვარ ბალანსს იცავს მის მხარდაჭერასა და საკუთარი სტრატეგიული ავტონომიის კურსის შენარჩუნებას შორის.

მსოფლიოს მრავალპოლუსიანობის სულ უფრო შესამჩნევი ტენდენციის პირობებში იბადება კითხვა: შეუძლიათ თუ არა ერთად ცეკვა დათვს, დრაკონს და სპილოს? და თუ შეუძლიათ, ეს იქნება მხოლოდ სტრატეგიული ქორეოგრაფია, აუცილებლობით ნაკარნახევი?

მოსკოვისათვის RIC-ის ფორმატის აღორძინების სურვილი ორ სტრატეგიულ მიზანს ემსახურება: პირველი – უკრაინასთან ომის გამო დასავლეთისაგან იზოლირებული და ფართომასშტაბიანი სახით სანქცირებული რუსეთი სულ უფრო მეტად არის დამოკიდებული აზიელ პარტნიორებზე, რომ ეკონომიკის გარკვეული დონე შეინარჩუნოს და წინააღმდეგობა გაუწიოს საერთაშორისო იზოლაციას. კრემლი ამ „ტრიუმვირატს“ განიხილავს როგორც შესაძლებლობას – აჩვენოს დასავლეთს, რომ მას ჰყავს ძლიერი პარტნიორები, რომლებიც დაინტერესებულნი არიან აზიაში სტაბილიზაციით. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის მოწოდება RIC-ის ასაღორძინებლად, რომელიც მან ივლისში გააჟღერა, ასახავს მოსკოვის დიპლომატიურ მოთხოვნილებას და სწრაფვას რეგიონული მოთამაშის როლში გამოვიდეს.

რუსეთისათვის ჯერ კიდევ 1998 წელს გაჟღერებული RIC-ის იდეა წარმოადგენს არადასავლური სახელმწიფოების სოლიდარობის დემონსტრაციას, მრავალმხრივ ფორუმს და, აქედან გამომდინარე, კრემლი თვლის, რომ მისი აღორძინება „ბრიკს“-ის (BRICS) ბლოკის განმტკიცებასაც გამოიწვევს, რომელსაც რუსეთისათვის დიდი მნიშვნელობა აქვს დასავლურ ინსტიტუტებთან, მაგალითად, „დიდ შვიდეულთან“ და საერთაშორისო სავალუტო ფონდთან დაპირისპირების თვალსაზრისით. შეიძლება თამამად ვამტკიცოთ, რომ RIC-ის აღორძინებით ყველაზე მეტად მოიგებს მოსკოვი, რომელსაც შეუძლია ამ პლატფორმით სარგებლობა როგორც თავისი გავლენის დასადასტურებლად ევრაზიაში, ასევე იმავდროულად ჩინეთზე მზარდი დამოკიდებულების დელიკატურად დასაბალანსებლად. RIC-ის აღორძინებით მოკოვს შესაძლებლობა ექნება დელისთან და პეკინთან თანასწორი უფლებებით იყოს, განიმტკიცოს თავისი დამოუკიდებლობის იმიჯი, შეინარჩუნოს სტრატეგიული მოქნილობა და შეამციროს იმის რისკი, რომ ჩინეთის ჩრდილში აღმოჩნდება.

მაგრამ რამდენად შესაძლებელია ჩინეთისა და ინდოეთის ერთმანეთისადმი სოლიდარობა იმ პირობებში, როცა ორ მოსაზღვრე სახელმწიფოს ჰიმალაებში ტერიტორიული დავა აქვთ?

ჰიმალაები – „განხეთქილების ვაშლი“?

ის მხარდაჭერა, რომელსაც პეკინი აფიქსირებს RIC-ის აღორძინების მიმართ, არც სენტიმენტალურ და არც სიმბოლურ ხასიათს არ ატარებს. როგორც ამასწინანდელ ბრიფინგზე განაცხადა ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა ლინ ციანმა, ჩინეთს, რუსეთს და ინდოეთს შორის თანამშრომლობას დიდი მნიშვნელობა აქვს რეგიონული სტაბილურობისათვის. ამ დროს ყურადღება უნდა მივაქციოთ ერთ ნიუანსაც: ჩინეთი ამჟამად დაკავებულია საკუთარი არმიის მოდერნიზებით, რომ მზად დახვდეს ტაივანთან დაკავშირებულ პოტენციურ მოულოდნელ გარემოებებს. იმის კვალობაზე, რომ პეკინი დღეს მეტ ყურადღებას უთმობს თავის საზღვაო პრიორიტეტებს, ის ასევე დაინტერესებულია თავისი სახმელეთო (კონტინენტური) საზღვრების სტაბილიზაციით, ინდოეთთან მიმართებით, რომელთანაც ურთიერთობა პერიოდულად მწვავდება 2020 წლის შემდეგ, როცა მდ. გალვანის ხეობაში სამხედრო შეტაკება მოხდა. პეკინისათვის მისასალმებელია სასაზღვრო პრობლემის RIC-ის ჩარჩოებში მოგვარება (ისევე როგორც ინდოეთისათვის).

ჩინეთი სავარაუდოდ, RIC-ის აღორძინებას ერთგვარ დიპლომატიურ ბერკეტად განიხილავს, რომ თავიდან აიცილოს ეკონომიკური გართულებები სავაჭრო ომოს რამდენიმე ფრონტზე – აშშ-სთან და ევროკავშირთან. გარდა ამისა, RIC-ის აღორძინებაში პეკინის აქტიური როლი ერთგვარი სიგნალი იქნება გლობალური სამხრეთის“ ქვეყნებისთვისაც – იმის სადემონსტრაციოდ, რომ ჩინეთი ტრადიციულად გამოდის ინკლუზიური და მრავალმხრივი ინსტიტუტების მხარდასაჭერად.

ჩინეთისა და ინდოეთის ურთიერთდამოკიდებულება მრავალფენიანი რჩება – მასში შეიმჩნევა როგორც პოზიტივი, ასევე ნეგატივიც. მიუხედავად იმისა, რომ ჩინეთმა მხარი დაუჭირა დელის ძალისხმევას ტერორიზმის წინააღმდეგ და ირიბად მოახდინა ზეწოლა პაკისტანზე, სი ძინ პინმა იმავდროულად ნარენდრა მოდის ისიც მიანიშნა, რომ მზად არის ინდოეთის იძულების ზომაც გამოიყენოს: ამას წინათ ჩინეთმა ჩინეთმა შეამცირა იშვიათმიწა ელემენტების ექსპორტი მეზობელ ქვეყანაში, რომელიც ძალიან ჭირდება ინდოეთის საავტომობილო მრეწველობას. ასევე შეაჩერა სასოფლო-სამეურნეო სასუქების მიწოდებაც. ეს იმას აჩვენებს, რომ ჩინეთი ინდოეთთან მიმართებით ძველებურად ანიჭებს უპირატესობას თავის ძლიერ ეკონომიკურ ინსტრუმენტებს. ამ მხრივ საინტერესოა ის ფაქტიც, რომ პეკინმა მოუწოდა ინდოეთში დასაქმებულ თავის თანამემამულეებს ჩინეთში დაბრუნდნენ. ხდება პირიქითაც: ინდოეთმა, ხუთწლიანი პაუზის შემდეგ, ჩინეთის მოქალაქეებისთვის ვიზების გაცემა აღადგინა და პეკინთან პირდაპირი ავიარეისები განაახლა.

დათვი, დრაკონი და სპილო აშშ-ის წინააღმდეგ?

დონალდ ტრამპი კი ინდოეთისათვის სულ მალე მკაცრი სანქციების გამოცხადებას აპირებს რუსული ნავთობის შესყიდვის გამო. ესე იგი, RIC-ის ფორმატი ამ შემთხვევაში ინდოეთისათვის ერთგვარი მაშველი რგოლის როლს შეასრულებს – მთლიანად თუ არა, ნაწილობრივ მაინც. ნარენდრა მოდისათვის, რომელიც რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის ძველი მეგობარია, არჩევანის გაკეთება შედარებით ადვილი იქნება. საერთოდ, დელი ცდილობს ვაშინგტონთან კავშირები არ დაირღვეს (მათ შორის სამხედროც) და პეკინთანაც რბილი ურთიერთობა ჰქონდეს.

RIC-ის აღდგენა იმის სიგნალი იქნება, რომ მსხვილი აზიური ქვეყნები მზად არიან მჭიდრო ურთიერთობის გასაგრძელებლად იმ შემთხვევაშიც კი, თუ ისინი ერთმანეთს რაღაც კონკრეტულ საკითხებში არ ეთანხმებიან. რა თქმა უნდა, ეს ხელს შეუწყობს რეგიონულ სტაბილურობას გეოპოლიტიკური გაურკვევლობის პირობებში.

ჩინური დრაკონი, რუსული დათვი და ინდური სპილო, შესაძლოა, მართლაც ვერასოდეს ვერ „იცეკვებენ“ იდეალურ სინქრონში, მაგრამ მათ, პრინციპში, ეს არც ჭირდებათ. ახალი რეალიზმი , რომელიც მათ ურთიერთდამოკიდებულებას განსაზღვრავს, სრულიად საკმარისია დღევანდელ მომენტში აზიური გეოპოლიტიკისათვის. იმ პირობებში, როცა თანამედროვე მსოფლიო სულ უფრო მეტად ხდება მრავალპოლუსიანი, მაგრამ იმავდროულად ფრაგმენტული, RIC-ის ასაღორძინებლად გაწეული ძალისხმევა ასახავს იმ ახალ სიტუაციას, რაც აზიის სტრატეგიული ლანდშაფტის სტაბილიზების აუცილებლობას და რეგიონში ორმხრივი უთანხმოებების შერბილებას განაპირობებს.

წყარო

 

მოამზადა სიმონ კილაძემ