1. Home
  2. TOP სიახლე
  3. “შეუძლია თუ არა ევროპას იმის გააზრება, რომ დონალდ ტრამპს არ უნდა დაეყრდნოს და მისი იმედი არ უნდა ჰქონდეს?”-Politico
“შეუძლია თუ არა ევროპას იმის გააზრება, რომ დონალდ ტრამპს არ უნდა დაეყრდნოს და მისი იმედი არ უნდა ჰქონდეს?”-Politico

“შეუძლია თუ არა ევროპას იმის გააზრება, რომ დონალდ ტრამპს არ უნდა დაეყრდნოს და მისი იმედი არ უნდა ჰქონდეს?”-Politico

127
0

„მნიშვნელოვანი პროგრესის“ მიუხედავად, რომელიც ჟენევის მოლაპარაკებაზე იქნა მიღწეული დონალდ ტრამპის სამშვიდობო გეგმაში ცვლილებების შეტანასთან დაკავშირებით, ევროპის ქვეყნები ძველებურად სისუსტეს იჩენენ უკრაინისადმი დახმარებაში“, – წერს აშშ-ის გაზეთი „პოლიტიკო“ (Politico) თავის ევროპულ ვერსიაში (იბეჭდება ბელგიაში) გამოქვეყნებულ სტატიაში სათაურით: „შეუძლია თუ არა ევროპას იმის გააზრება, რომ დონალდ ტრამპს არ უნდა დაეყრდნოს და მისი იმედი არ უნდა ჰქონდეს?“ (ავტორები – ტიმ როსი, ქლეა ქოლქეთი, ბიარკე სტმიტ-მაიერი). „რატომ ეშინიათ ევროპელებს რუსეთის აქტივებით სარგებლობა კიევისათვის გადასაცემად?“, – ასეთი კითხვებია დასმული პუბლიკაციაში.

გთავაზობთ სტატიას მცირე შემოკლებით:

ორშაბათს ევროპელმა და უკრაინელმა ოფიციალურმა პირებმა ერთმანეთისათვის წარმატების მილოცვა დაიწყეს მას შემდეგ, რაც ჟენევაში მოლაპარაკების შედეგად სახელმწიფო მდივნის მარკო რუბიოს მხრიდან მათთვის სასურველი ხმა გაისმა: დონალდ ტრამპმა შეიძლება ევროპელების სურვილი გაიზიაროს და უკრაინას წამგებიანი სამშვიდობო შეთანხმება თავს არ მოახვიოს. „რა თქმა უნდა, გასაკეთებელი ჯერ კიდევ ბევრია, მაგრამ წინსვლისათვის უკვე მტკიცე საფუძველი გაჩნდა“, – განაცხადა ურსულა ფონ დერ ლაიენმა, ევროკომისიის თავმჯდომარემ, რომელიც მიესალმა „მნიშვნელოვან პროგრესს“, მიღწეულს ჟენევაში ევროპელთა ძლიერი ნების გამოვლენით. მათ ჩათვალეს, რომ დიდი საქმე გააკეთეს ტრამპის 28-პუნქტიანი გეგმიდან რიგი დებულებების ამოღებით, რითაც რუსეთის აგრესიულობას ლაგამი ამოსდეს და უკრაინა გადაარჩინეს.
მაგრამ ევროპელთა სიხარული ხანმოკლე აღმოჩნდა: რუსეთმა უკრაინისა და მისი მოკავშირეების მონაწილეობით განახლებულ-შეცვლილი გეგმა იმავე დღეს უარყო.
უკრაინისათვის რისკი იმაში გამოიხატება, რომ ვლადიმერ პუტინს შეუძლია თავისი ამერიკელი კოლეგა საწყის პოზიციებზე დააბრუნოს: კრემლს შეუძლია კვლავ მოითხოვოს თავისი თავდაპირველი პრეტენზიების შესრულება – უკრაინამ ოთხი ოლქი მთლიანად უნდა დათმოს და არა ნაწილობრივ, ოფიციალურად უნდა განაცხადოს უარი ნატოს წევრობაზე და თავისი არმია ნახევარ მილიონ ჯარისკაცამდე შეამციროს.
და თუ ეს მოხდება, უკრაინის ლიდერი ვოლოდიმირ ზელენსკი რთული არჩევანის წინაშე დადგება: მიიღოს ტრამპისა და პუტინის წარმომადგენლების მიერ შემუშავებული გეგმა თუ სასწორზე დადოს თავისი ქვეყნის მომავალი, ევროპელი მეგობრების დახმარების იმედით, ანუ იმ მოკავშირეებისა, რომლებიც ომის დაწყებიდან თითქმის ოთხი წლის შემდეგაც კი არ გზავნიან თავიანთ ჯარებს უკრაინის დასახმარებლად, არ აძლევენ საკმარისი რაოდენობით იარაღს, არ ეხმარებიან ფულით და იმის თავიც კი არ აქვთ, რომ თავიანთ ბანკებში არსებული რუსული ფული უკრაინას მისცენ.

ევროპელები ბევრს ლაპარაკობენ, ცოტას აკეთებენ

ზოგიერთი ამერიკელი რესპუბლიკელის აზრით, ევროპელები, რომლებიც დონალდ ტრამპის გეგმის წინააღმდეგ გამოდიან და ნებისმიერ კომპრომისებს ეწინააღმდეგებიან, საკუთარ თავს ატყუებენ. „გასაგებია თქვენი პოზიცია, მაგრამ მაშინ ისიც გვითხარით, როგორ რეალურ და პრაქტიკულ ალტერნატივას გვთავაზობთ?“, – ასეთი კითხვა აქვს გრეგ სვენსონს, დიდ ბრიტანეთში აშშ-ის რესპუბლიკური პარტიის წარმომადგენლობის ხელმძღვანელს. „თქვენ შეგიძლიათ რუსეთის მიმართ კბილების კრაჭუნით და ზიზღით ილაპარაკოთ, შეგიძლიათ მონაწილეობა მიიღოთ ანტირუსულ დიპლომატიურ შეხვედრებში, აფრიალოთ ანტირუსული პლაკატ-ლოზუნგები, მაგრამ ვლადიმერ პუტინზე გამარჯვების ერთადერთი მეთოდი არის იარაღით ბრძოლა მის წინააღმდეგ, რის გაკეთებაც ევროპელებს არ სურთ“, – ამბობს გრეგ სვენსონი, – „ასე რომ, ეს ყველაფერი ყბედობაა და მეტი არაფერი. რასაკვირველია, ხმამაღალი განცხადებები უკრაინის დაცვის აუცილებლობაზე ლამაზად ჟღერს და გულს სიამოვნებს, მაგრამ სიტყვის საქმით განმტკიცება არავის არ უნდა“.
შესაძლოა ევროპელი პოლიტიკოსები და ოფიციალური პირები გრეგ სვენსონის ნათქვამს არ დაეთანხმონ – ისინი იტყვიან, რომ ევროპა უკრაინას დიდ ფულს და იარაღს აძლევს… ევროპელებს შეუძლიათ დაასახელონ ციფრები, რომლებიც მათი მთავრობების დახმარებას ასახავს ოთხი წლის განმავლობაში, ასევე თავი იმართლონ იმითაც, რომ თვითონაც პრობლემები აქვთ რუსეთთან ვაჭრობის შეწყვეტით და რუსულ ენერგორესურსებზე უარით.

დიახ, მას შემდეგ, რაც აშშ-მა უკრაინის მიმართ თავისი მხარდაჭერა შეასუსტა, ევროპა მართლაც შეეცადა ნაბიჯების გადადგმას შექმნილი სიცარიელის შესავსებად.
მაგრამ, ობიექტურად თუ ვიტყვით, დონალდ ტრამპის წინადადებამ ბრიუსელელი დიპლომატები და ჩინოვნიკები ნამდვილად შეაშფოთა: იმიტომ, რომ მათ იციან – ვოლოდიმირ ზელენსკის მათ იმედზე ყოფნა არ შეუძლია. უკრაინის ლიდერს არ სჯერა, რომ ბებერი ევროპა კიევს აუცილებელ დახმარებას გაუწევს.

რუსული აქტივები უკრაინას: ჰო, მაგრამ ვინ იქნება პასუხისმგებელი?

ერთი თვის წინ ევროკავშირის ქვეყნების მეთაურები ბრიუსელში იყვნენ შეკრებილნი, სადაც მათ ოპტიმისტური პირობა დადეს, რომ ეპოქალურ შეთანხმებას მიაღწევდნენ რუსული 300-მილიარდიანი აქტივებიდან 140 მილიარდის უკრაინისადმი გადასაცემად, „სარეპარაციო კრედიტის“ სახით, რათა უკრაინა ფინანსურად უზრუნველი ყოფილიყო მინიმუმ 2 წლით მაინც.
მაგრამ სერიოზული დიპლომატიური და პოლიტიკური წინდაუხედაობის გამოჩენის გამო ევროპელთა განზრახვა ჩაიშალა: ყველასათვის მოულოდნელად ბელგიამ, რომლის ფინანსური კომპანია რუსული აქტივების დეპოზიტარს წარმოადგენს, უარი განაცხადა კიევისთვის თანხების გადაცემაზე. „ვთქვათ და ისეთი სიტუაცია შეიქმნას, რომ რუსეთმა ბელგიას ფულის დაბრუნება მოსთხოვოს, ვინ იქნებით პასუხისმგებელი?“, – იკითხა ბელგიის პრემიერ-მინისტრმა, რომელსაც ვერავინ ვერ უპასუხა.
ჯერჯერობით ამ მიმართულებით რაიმე გარღვევა არ მომხდარა. ბელგია შიშობს, რომ როგორც კი რუსეთს სანქციები მოეხსნება და კრემლს წარმატების შანსი გაუჩნდება, მოსკოვი თავისი ფულის დაუყოვნებლივ უკან დაბრუნებას მოითხოვს… რასაც ბელგია ვერ შეძლებს. არის ალტერნატივა, რომ უკრაინისათვის დასახმარებელი ფული ევროპამ გადასახადების გაზრდით მოაგროვოს, მაგრამ ეს მოსახლეობის უკმაყოფილებას გამოიწვევს. მოკლედ, საკითხი ბოლომდე გარკვეული არ არის.

ევროპელთა შიშები: რატომ არ გზავნიან ომში თავიანთ ჯარისკაცებს

გარდა ამისა, არსებობს კითხვა მშვიდობის შენარჩუნებასთან დაკავშირებით: როგორ იქნება შენარჩუნებული მშვიდობა უკრაინაში, როცა საზავო ხელშეკრულება დაიდება? ცნობილია, რომ ფრანგმა და ბრიტანელმა ლიდერებმა – ემანუელ მაკრონმა და კირ სტარმერმა წამოაყენეს წინადადება საერთაშორისო მშვიდობისმყოფელი ძალების შექმნის თაობაზე იმ ქვეყნების მონაწილეობით, რომლებიც ნებაყოფლობით იმოქმედებენ – ე.წ,. „მსურველთა კოალიციის“ შესახებ. უფრო ადრე ემანუელ მაკრონი იქადნებოდა, რომ არ დაელოდებოდა ომის დასრულებას და მარტო თვითონ გაგზავნიდა უკრაინაში ფრანგ მშვიდობისმყოფელებს.

მაგრამ პრეზიდენტის ასეთი ხმამაღალი განცხადებები წარსულს ჩაბარდა: როცა საფრანგეთის გენშტაბის ახალმა უფროსმა ფაბიენ მანდონმა ემოციურად მიმართა ფრანგებს რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლისათვის მზად ყოფილიყვნენ, ფრანგულმა პოლიტიკურმა პარტიებმა და საზოგადოებამ მას ისეთი წინააღმდეგობა გაუწიეს, რომ გენერალმა გაჩუმება ამჯობინა. ემანუელ მაკრონი სიტუაციის შერბილებას შეეცადა და განაცხადა, რომ ფაბიენ მანდონის სიტყვები არასწორად იქნა აღქმული.
გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა იოჰან ვადეფულმა განაცხადა, რომ ბერლინს თავისი განსაკუთრებული წვლილი შეაქვს აღმოსავლეთის ფლანგის განმტკიცებაში: გერმანია უკრაინის დასახმარებლად ბუნდესვერის ერთ ბრიგადას… ლიეტუვაში გაგზავნის. „ეს იქნება მასშტაბური მხარდაჭერა კიევისათვის“, – თქვა დიპლომატიური უწყების ხელმძღვანელმა.

რასაკვირველია, უკრაინელებს სურთ, რომ ევროპა მათ სხვის ტერიტორიაზე ჯარის გაგზავნით კი არ დაეხმაროს, არამედ საკუთრივ უკრაინის ტერიტორიაზე, მაგრამ დასავლეთევროპული ქვეყნები შიშობენ, თუ თავიანთ ჯარისკაცებს უკრაინაში გაგზავნიან და ისინი წინა ხაზზე ბრძოლებში მონაწილეობას მიიღებენ, დანაკარგები დიდი იქნება.

„ვისაც რა უნდა ის თქვას, მაგრამ დონალდ ტრამპი ამ საკითხში მართალია. რუსეთის დამარცხება პრობლემატურია. ზოგადად რომ ვთქვათ, ჩვენ შეგვიძლია რუსეთზე ერთობლივად გავიმარჯვოთ, მაგრამ ძალიან ბევრი ჯარისკაცი დაგვეღუპება. გარდა ამისა, კრემლს ბირთვული იარაღი აქვს“, – ამბობს გრეგ სვენსონი.

წყარო: