შეიძლება თუ არა რუსეთს ქვემეხების მარაგი ამოეწუროს? – რას წერს „ეკონომისტი“
ბრიტანული „ეკონომისტი“ (The Economist) აქვეყნებს სტატიას სათაურით „შეიძლება თუ არა რუსეთს ქვემეხების მარაგი ამოეწუროს?“, რომელშიც განხილულია რუსული არტილერიის პერსპექტივა: რა პრობლემებია შექმნილი ქვემეხების წარმოებაში და რატომ დაიწყო მოსკოვმა ძველი მსხვილკალიბრიანი იარაღის გამოყენება.
გთავაზობთ პუბლიკაციის ტექსტს მცირე შემოკლებით:
რუსეთის არმიის ქვემეხები, უკრაინულთან შედარებით, თითქმის ხუთჯერ მეტ ჭურვებს ისვრიან. ავდეევკის დაკავების შემდეგ რუსებმა საბრძოლო მოქმედებები გააგრძელეს და კიდევ რამდენიმე სოფლის გაკონტროლება შეძლეს. ამ დროს დიდ როლს ასრულებს არტილერია – „ომის ღმერთი“. სამწუხაროდ, უკრაინის არმიის ქვედანაყოფების ქვემეხებით სამხრეთის მიმართულებით, სოფელ რობოტინოსთან დღეში მხოლოდ 20-30 ჭურვის გასროლა ხდება. აშკარაა, რომ რუსების ცეცხლის ძალა ბევრად მეტია, მაგრამ საკმარისი აქვს თუ არა კრემლს ქვემეხები (ჰაუბიცები), რომ საარტილერიო ბათქები მომავალშიც ასეთი უპირატესობით გააგრძელოს?
დიდი ბრიტანეთის თავდაცვითი კვლევების გაერთიანებული სამეფო ინსტიტუტის ანალიტიკური ცენტრის მონაცემებით, 2024 წლის თებერვლისათვის რუსეთის არმიას ფრონტზე 5 ათასზე მეტი საარტილერიო ქვემეხი ჰქონდა, რომლის მთავარ ნაწილს ლულა წარმოადგენს [რომელიც ინტენსიური გამოყენების შემდეგ მწყობრიდან გამოდის]. რუსეთს ორი ქარხანა აქვს, რომლებიც სპეციალურად ლულების წარმოებაზე არიან გადასული და თვეში მხოლოდ 500 ლულის წარმოება შეუძლია. ამ რაოდენობის გაზრდა შეუძლებელია, რადგან ლულების დამზადების ტექნოლოგია რთულია: საჭიროა სპეციალური დანადგარები და მაღალი ხარისხის ფოლადი. ლულების ექსპორტს ძალიან ცოტა ქვეყანა ახორციელებს და მათგან საეჭვოა რომელიმემ თავისი პროდუქცია მოსკოვს მიჰყიდოს სანქციების შიშით.
როგორც კოსმოდიდან თანამგზავრების მიერ გადაღებული ფოტოსურათები მოწმობენ, რუსეთმა დაიწყო თავისი მწყობრიდან გამოსული მსხვილკალიბრიანი ქვემეხების გამოცვლა ისეთებით, რომლებიც დაუცველად ეყარა ღია ცის ქვეშ.
ომის დაწყების წინ რუსეთს 19 ათასი ქვემეხი ჰქონდა, რომლებიც ათეულობით წლების წინ იყო წარმოებული და კლიმატური პირობებისაგან დაუცველ საწყობებში ინახებოდა. ისინი იჟანგებოდნენ და თანდათან მწყობრიდან გამოდიოდნენ. შარშან რუსებმა მათი მდგომარეობის შემოწმება დაიწყეს სათადარიგო ნაწილების გამოყენების მიზნით, თუმცა შეუძლებელია ზუსტად იმის გაგება, რამდენია აღნიშნული 19 ათასი ქვემეხიდან მეორე მსოფლიო ომის დროს დამზადებული (ძირითადად Д-1 და М-30) და რამდენი გამოდგება სათადარიგო ნაწილებად, განსაკუთრებით ლულები.
ასევე რთულია იმის შეფასებაც, თუ რამდენი ქვემეხი გაუნადგურა უკრაინამ რუსეთს. მსხვილკალიბრიანი ჰაუბიცები, ჩვეულებრივად, ფრონტის ხაზიდან საკმაოდ მოშორებით დისლოცირება, რაც მათ დათვლას ართულებს. კიევის მტკიცებით, უკრაინის არმიამ მწყობრიდან რუსეთის 10 ათასამდე ქვემეხი გამოიყვანა, თუმცა ევროპული სამხედრო-ანალიტიკოსები აღნიშნავენ, რომ ეს რაოდენობა ხელოვნურად არის გაზრდილი, სინამდვილეში განადგურებულია მხოლოდ 5500 ქვემეხი. და მაინც, თუ იარაღის მწყობრიდან გამოსვლა ასეთი ტემპით გაგრძელდება, მოსალოდნელია, რომ 2025 წლისათვის რუსები ლულების საჭირო რაოდენობით წარმოებას ვერ შეძლებენ და კრემლი მხოლოდ რეაქტიულ არტილერიაზე იქნება დამოკიდებული, რომელიც ასაფეთქებელი ნივთიერების უფრო მეტი რეზერვებს მოითხოვს.
გასული წლიდან უკრაინის არმიამ უფრო აქტიურად დაიწყო რუსული არტილერიის განადგურება: კიევმა მათი ზუსტი ადგილმდებარეობის აღმოჩენის სისტემები გააუმჯობესა – მოკავშირეებმა მას კონტრსაბატერიო რადარები მიაწოდეს, რომელთა მეშვეობით, გასროლილი ჭურვის კვალის მიხედვით ქვემეხის პოვნა ხდება, შემდეგ კი მათ შორიდან გაშვებული დრონი-კამიკაძეები ანადგურებენ.რასაკვირველია, რუს დამპყრობლებს შეუძლიათ ქვემეხები ფრონტის ხაზიდან უფრო შორს გადაიტანონ, მაგრამ ამ შემთხვევაში ჭურვის გასროლის სიზუსტე მცირდება.