1. Home
  2. TOP სიახლე
  3. “შეიძლება თუ არა რეჯეფ ერდოღანი საიმედო მოკავშირედ ჩაითვალოს?”- Le Journal du Dimanche
“შეიძლება თუ არა რეჯეფ ერდოღანი საიმედო მოკავშირედ ჩაითვალოს?”- Le Journal du Dimanche

“შეიძლება თუ არა რეჯეფ ერდოღანი საიმედო მოკავშირედ ჩაითვალოს?”- Le Journal du Dimanche

414
0

ფრანგულ გაზეთ „ლე ჟურნალ დუ დიმანშში“ (Le Journal du Dimanche) გამოქვეყნებულია სტატია სათაურით „შეიძლება თუ არა რეჯეფ ერდოღანი საიმედო მოკავშირედ ჩაითვალოს?“ (ავტორი – ფილიპინა კლერმონტ-ტონერი), რომელშიც კომენტარი აქვს გაკეთებული თურქეთისა და რუსეთის პრეზიდენტების ამასწინანდელ შეხვედრას სოჭში.

„ოთხსაათიანი პირისპირ საუბარი, „გულწრფელი, გულღია და სანდო ურთიერთობა“, სავაჭრო-ეკონომიკური შეთანხმებებზე ხელმოწერა. სოჭში, შავიზღვისპირა კურორტზე ვლდიმერ პუტინსა და რეჯეფ ერდოღანს შორის გამართული შეხვედრის ირგვლივ არავითარი სხვა დამატებითი დეტალები არ გავრცელებულა. ერთი ეგაა, რომ ვლადიმერ პუტინს მადლობა უთქვამს თავისი თურქი კოლეგისათვის უკრაინის ხორბლის ექსპორტის შეთანხმების დადებაში შეტანილი წვლილის გამო…

შეიძლება ითქვას, რომ ის პერიოდი, როცა რეჯეფ ერდოღანი რუსეთის შეჭრას უკრაინაში „დაუშვებლად და მიუღებლად“ თვლიდა, როგორც ჩანს, უკვე შორს, წარსულში დარჩა.

იმ დროს, როცა ჯო ბაიდენი ცდილობს კონგრესის წევრები თურქეთისათვის „ფანტომ-16“ (F-16) ტიპის 40 თვითმფრინავის მიყიდვაზე დაითანხმოს, წარმომადგენლების პალატის წევრთა დამოკიდებულება რეჯეფ ერდოღანის მიმართ სულ უფრო უარესდება. ახლახან ერთ-ერთმა მათგანმა, დემოკრატმა კრის პაპასმა თურქეთი საჯაროდ გააკრიტიკა და განაცხადა, რომ ანკარა „უკვე აღარ შეიძლება ჩაითვალოს საიმედო მოკავშირედ“ და ჯო ბაიდენს მოუწოდა, რეჯეფ ერდოღანის მიმართ „უფრო მკაცრი პოზიცია დაიკავოს“. და ასეთ სიტუაციაში, როცა დასავლური სანქციებით დატვირთული რუსეთი დარჩენილ პარტნიორებს ელოლიავება, რეჯეფ ერდოღანი ვლადიმერ პუტინის მიერ შეთავაზებულ საჩუქრებს იღებს.

უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ სტამბოლში, სადაც ბინა ბევრმა რუსმა ოლიგარქმა დაიდო, ფასები უძრავ ქონებაზე სამჯერ და მეტად გაიზარდა. „რუსეთი ცდილობს, რომ ამერიკას რაც შეიძლება მეტი საშუალოდ განვითარებული სახელმწიფო ჩამოაშოროს. ვლადიმერ პუტინს ეკონომიკური კონტრსისტემის ჩამოყალიბება აქვს განზრახული“, – ამბობს დოროთი შმიდი, საფრანგეთის საერთაშორისო ურთიერთობების ინსტიტუტის (IFRI) კვლევითი სამსახურის დირექტორი. ამას ადასტურებს ის, რომ 5 აგვისტოს მოლაპარაკების დროს ლიდერები რუსული გაზის ღირებულების თურქული ლირით გადახდაზე შეთანხმდნენ.

თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ ერდოღანმა, თავის მხრივ, კარგად იცის, რომ თავისი სტატუსის გამო (ანკარა ნატოს წევრია!) იგი ვლადიმერ პუტინისათვის იშვიათ და სასიცოცხლოდ აუცილებელ პარტნიორს წარმოადგენს. ამიტომაც თურქეთის მეთაური თავისი ტრადიციული მეთოდის ერთგული რჩება: „თოკი ხელიდან მანამ არ უნდა გაუშვა, სანამ მცირე დათმობას არ მიიღებ“, – ამბობს საფრანგეთის საერთაშორისო და სტრატეგიული კვლევების ინსტიტუტის (IRIS) დირექტორის მოადგილე დიდიე ბილონი, – „როგორც ამას წინათ ვნახეთ, რეჯეფ ერდოღანი მანამ არ დათანხმდა ფინეთისა და შვედეთის ნატოში მიღებას, სანამ ისინი სკანდინავიაში მყოფი ქურთების საკითხში საპოლიციო-სამრთლებრივ თანამშრომლობაზე არ დაიყოლია“.

წყარო