1. Home
  2. TOP სიახლე
  3. შავი ზღვისა და კავკასიის რეგიონებს ახალი კრიზისები ემუქრებათ? – Cumhuriyet
შავი ზღვისა და კავკასიის რეგიონებს ახალი კრიზისები ემუქრებათ? – Cumhuriyet

შავი ზღვისა და კავკასიის რეგიონებს ახალი კრიზისები ემუქრებათ? – Cumhuriyet

209
0

თურქულ გაზეთ „ჯუმჰურიეთში“ (Cumhuriyet) გამოქვეყნებულია სტატია სათაურით „შავი ზღვისა და კავკასიის რეგიონებს ახალი კრიზისები ემუქრებათ?“, რომლის ავტორია დენიზ ბერქთაი, პოპულარული კოლუმნისტი. იგი კომენტარს უკეთებს 16 იანვარს კიევში უკრაინასა და დიდ ბრიტანეთს შორის ხელმოწერილ შეთანხმებას „ასწლიანი თანამშრომლობის შესახებ“.

გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით:

წიგნების კითხვა და კვლევა მამაჩემმა არფარსლან ბერქთაიმ შემაყვარა, ხოლო ისტორიისადმი ინტერესი ჩემში აწ განსვენებულმა პაპაჩემმა, არმიის გენშტაბის გადამდგარმა პოლკოვნიკმა ბურედინ ბილგენმა გააღვიძა. როცა მოზარდი ვიყავი, დამიძახებდა ხოლმე თავის კაბინეტში, მიმიყვანდა წიგნებით სავსე კარადებთან, გადამიშლიდა წიგნებს და მეუბნებოდა: „ოსმალეთის იმპერიის ნამდვილი მტერი იყო არა რუსეთი, არამედ დიდი ბრიტანეთი. რუსები პირდაპირ და დაუფარავად იჩენდნენ მტრობას, დიდი ბრიტანეთი კი თურქებს ყოველთვის თავს მეგობრად აჩვენებდა, მაგრამ ყველაზე ხშირად ღალატობდა“. ჩემი მხრიდან კი მის ნათქვამს დავამატებდი: პაპაჩემის ოჯახი იძულებული იყო რუსებთან ომების შედეგად კავკასიიდან ანატოლიაში გაქცეულიყო, ანუ მან მწარედ გამოსცადა საკუთარ თავზე რუსებთან ომის შედეგები… და მაინც რუსებზე მეტად ბრიტანელებს არ ენდობოდა.

რა უნდა ბრიტანეთს უკრაინისაგან?

„საუკუნის შეთანხმებამ“, რომელიც ბრიტანეთსა და უკრაინას შორის დაიდო, პაპაჩემის სიტყვები გამახსენა. ამ დოკუმენტის თანახმად, რომელსაც ხელი ვოლოდიმირ ზელენსკიმ და კირ სტარმერმა მოაწერეს და რომელშიც არის როგორც ღია, ასევე დახურული საიდუმლო მუხლები, დიდი ბრიტანეთი, ერთი მხრივ, ვალდებულობს მხარი დაუჭიროს უკრაინის ინტეგრაციას ნატოში, ხოლო მეორე მხრივ, უკრაინა ვალდებულობს მისცეს დიდ ბრიტანეთს პრივილეგირებულ მდგომარეობას უკრაინასთან ყველა სფეროში, ენერგეტიკიდან სასარგებლო წიაღისეულის მოპოვებამდე.

როგორც გვახსოვს, რუსეთ-უკრაინის სამხედრო კონფლიქტის ჯერ კიდევ პირველ დღეებში კიევისა და მოსკოვის წარმომადგენლები, თურქეთის ინიციატივით, სტამბოლში შეიკრიბნენ და პრაქტიკულად მიაღწიეს კიდეც შეთანხმებას, მაგრამ დიდი ბრიტანეთის მაშინდელი პრემიერ-მინისტრი უცებ კიევში ჩავიდა და ვოლოდიმირ ზელენსკის „ურჩია“, რომ მოლაპარაკება შეეწყვიტა. მომდევნო თვეებში სწორედ დიდი ბრიტანეთი უშლიდა ხელს რუსებისა და უკრაინელების მოლაპარაკების განახლებას და ომიც ჩიხში შევიდა. გამოდის, რომ დიდი ბრიტანეთი ორმაგ თამაშს ეწევა: რუსეთს ასუსტებს, უკრაინაზე კი თავის პოლიტიკურ და ეკონომიკურ გავლენას ამყარებს.

ერევანი-ვაშინგტონი: მოსკოვი თვალს ადევნებს…

რაც შეეხება რუსეთის დასუსტებას… როგორც ვიცით, უკრაინასთან ომის გაჭიანურების გამო რუსეთის ხელმძღვანელობა იძულებული გახდა შეეწყვიტა სირიის მხარდაჭერა და მთელი თავისი ძალები უკრაინის ფრონტზე გადაესროლა. ჩვენ იმასაც ვწერდით, რომ თუ უკრაინის კონფლიქტი გაგრძელდებოდა, მაშინ რუსეთის გავლენა კავკასიაზე შესუსტდებოდა. მართლაც, სომხეთმა რუსეთისაგან დაშორება დაიწყო და ევროკავშირთან ინტენსიურ ინტეგრაციას გეგმავს, გარდა ამისა, რამდენიმე დღის წინათ ერევანმა ხელი მოაწერა ვაშინგტონთან  სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმებასაც.. დოკუმენტში აღნიშნულია, რომ აშშ ხელს შეუწყობს სომხეთის ინტეგრაციას დასავლეთთან. რუსეთი ჯერ-ჯერობით ამ ყველაფერს თვალს ადევნებს.

საქართველო: ვენესუელის ანალოგიურად?

საქართველოში საშინაოპოლიტიკური კრიზისი გრძელდება. ქვეყნის ამჟამინდელი მთავრობა რუსეთთან დაბალანსებული პოლიტიკის გატარების მომხრეა, ოპოზიცია კი რუსეთის უარყოფას და ევროპასთან და საერთოდ, დასავლეთთან ინტეგრაციას ითხოვს. საპრეზიდენტო არჩევნებშის შედეგად ქვეყნის მეთაური მმართველი პარტიის წარმომადგენელი მიხეილ ყაველაშვილი გახდა, მაგრამ მისი წინამორბედი პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი აცხადებს, რომ პრეზიდენტი თვითონ არის და პოსტიდან არ გადადგება. იგი ცდილობს, რომ ოპოზიციის მიერ გამართული ანტისამთავრობო პროდასავლური აქციების ლიდერი იყოს. უფრო მეტი: იმ დროს, როცა საქართველოს მთავრობიდან არავის მიუღია მონაწილეობა დონალდ ტრამპის ინაუგურაციაში, სალომე ზურაბიშვილი ამერიკელი რესპუბლიკელების გარკვეულმა წრემ ამერიკაში მიიწვია და ინაუგურაციასაც დაესწრო.თანაც იგი შეხვდა აშშ-ის პოლიტიკური წრეების წარმომადგენლებს და შეახსენა დასავლეთს, რომ კავკასია მისი გავლენის სფერო უნდა იყოს.

სხვაგვარად რომ ვთქვათ, ადამიანი, რომელიც პრეზიდენტი იყო (მაგრამ გაიძახის, რომ დღესაც პრეზიდენტია), ფორმალურადაც კი არ აკეთებს აქცენტს ქვეყნის დამოუკიდებლობაზე, ახლა დასავლეთს სთხოვს – „მოდით და იბატონეთ რუსეთის ნაცვლად“. აღიარებს თუ არა აშშ-ის ახალი ადმინისტრაცია სალომე ზურაბიშვილს ისე, როგორც აღიარა ვენესუელის პრეზიდენტად ხუან გუაიდო 2019 წელს, ნიკოლას მადუროს ნაცვლად? ვნახოთ.

ამრიგად, ჩვენ შევედით დიდი გაურკვევლობის პერიოდში, როცა მტკიცედ და ურყევად დარჩენაა აუცილებელი.

წყარო