
სასამართლომ მანდატურზე თავდასხმის ბრალდებით დაკავებული ნინო დათაშვილი კვლავ პატიმრობაში დატოვა
სასამართლომ მანდატურზე თავდასხმის ბრალდებით დაკავებული ნინო დათაშვილი კვლავ პატიმრობაში დატოვა.
გადაწყვეტილება მოსამართლე ლელა კალიჩენკომ მიიღო.
დღეს საქმეზე წინა სასამართლო სხდომა გაიმართა, სადაც მტკიცებულებების დასაშვებობასა და აღკვეთის ღონისძიების შეცვლის საკითხზე იმსჯელეს.
დათაშვილის ადვოკატებმა რამდენიმე შუამდგომლობა დააყენეს, თუმცა მოსამართლემ არ დააკმაყოფილა.
კერძოდ, დაცვის მხარე ითხოვდა სასამართლოს აცილებას და აცხადებდა, რომ ბრალდების ყველა მოწმე სასამართლოს თანამშრომელია და ეს სასამართლოს ობიექტურობასთან, მიუკერძოებლობასთან დაკავშირებით ეჭვებს აჩენდა.
ასევე დაცვის მხარემ საქმის პროკურორის, მედეა ცირამუას აცილების შუამდგომლობაც დააყენა. როგორც ადვოკატმა განმარტა, ცირამუამ ყალბი ინფორმაციის საფუძველზე ნინო დათაშვილის ფსიქიატრიულ დაწესებულებაში მოთავსება განიზრახა. მისივე თქმით, პროკურორს დათაშვილთან დაკავშირებით დოკუმენტში მითითებული აქვს ფსიქოაშლილობა და არამდგრადი ფსიქიკური მდგომარეობა. დაცვის მხარე აცხადებს, რომ ეს სიცრუეა და ტექნიკური შეცდომა არ არის.
თავის მხრივ, პროკურორმა აღნიშნა, რომ ყველა სისხლის სამართლის საქმეზე ინიშნება ექსპერტიზა არა მხოლოდ დოკუმენტაციის, არამედ პირის ქცევის საფუძველზე. მისივე თქმით, ექსპერტიზის დანიშვნა სადამსჯელო ღონისძიება არ არის.
პროკურორის თქმით, ნინო დათაშვილთან დაკავშირებით საექსპერტო კვლევა პენიტენციურ დაწესებულებაში გუშინ განხორციელდა. კერძოდ, ექსპერტსა და ბრალდებულს შორის შედგა გასაუბრება.
ადვოკატების განცხადებით, პენიტენციურ დაწესებულებაში საექსპერტო კვლევა ისე მოხდა, რომ ამის შესახებ ადვოკატები არ გაუფრთხილებიათ.
ნინო დათაშვილი თბილისის საქალაქო სასამართლოში 20 ივნისს დააკავეს. შსს-ს ცნობით, ნინო დათაშვილი 2025 წლის 9 ივნისს თბილისის საქალაქო სასამართლოში არ დაემორჩილა მანდატურის თანამშრომლებს და ერთ-ერთ მათგანს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. პოლიციამ ნინო დათაშვილი საჯარო მოსამსახურეზე თავდასხმის ბრალდებით 20 ივნისს დააკავა.
21 ივნისს თბილისის საქალაქო სასამართლომ ბრალდებულ ნინო დათაშვილს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდა.