1. Home
  2. TOP სიახლე
  3. სასამართლო დავის მეშვეობით დავადასტურეთ, რომ რუსეთი არის სახელმწიფო, რომელსაც ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორია, შესაბამისად, იქ მისი ყველა ქმედება არის არალეგიტიმური

სასამართლო დავის მეშვეობით დავადასტურეთ, რომ რუსეთი არის სახელმწიფო, რომელსაც ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორია, შესაბამისად, იქ მისი ყველა ქმედება არის არალეგიტიმური

146
0

ჩვენ სასამართლო დავის მეშვეობით დავადასტურეთ, რომ რუსეთი არის სახელმწიფო, რომელსაც ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორია, შესაბამისად, იქ მისი ყველა ქმედება არის არალეგიტიმური და არალეგალური, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

შალვა პაპუაშვილმა კომენტარი გააკეთა რუსეთს პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის გუშინდელ განკარგულებაზე, რომელიც საზღვარგარეთ რუსეთის უძრავი ქონების მოძიებისა და სამართლებრივი დაცვისთვის თანხების გამოყოფას ითვალისწინებს.

როგორც შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა, ნებისმიერი სამართლებრივი თუ სხვა სახის ტრანზაქცია, რომელიც, შეიძლება, ოკუპირებულ ტერიტორიაზე ხორციელდებოდეს, არის ბათილი და არანაირი იურიდიული დატვირთვა არ აქვს.

„ბრძანებას დეტალებში არ ვიცნობ, არ ვარ ამ საკითხში ჩახედული. რუსეთი დღეს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონში არის სრული ბატონ-პატრონი. ის განკარგავს იქ პოლიტიკასაც, ფინანსებსაც, ეკონომიკასაც, ქონებასაც – ყველაფერს განკარგავს რუსეთი. ამას ჰქვია სწორედ ეფექტური კონტროლი, რაზეც საუბრობდა სტრასბურგის სასამართლო. მათ შორის, ეს ოკუპირებული ტერიტორიები არის სრულად რუსეთის ბიუჯეტზე და, თავისთავად, ეფეტური კონტროლია, არათუ საბჭოზე ან რომელიმე ადამიანზეა საუბარი, მთლიანად ეს ტერიტორიები განიკარგება პოლიტიკურად და ეკონომიკურად რუსეთის მხრიდან.

რეაგირება არის ის, რომ ოკუპაცია უნდა დასრულდეს. ვიდრე მიმდინარეობს ოკუპაცია, ეს თავის თავში გულისხმობს როგორც ქონებრივი უფლებების შებღალვას იმ მოსახლეობისა, რომელიც იქიდან არის დევნილი და იცით, რომ მათი ქონებებიც არის მითვისებული; ეს გულისხმობს ასევე ადამიანის უფლებების შებღალვას იმ ტერიტორიებზე, ვინაიდან ეს არის ტერიტორიები, რომლებზეც, ფაქტობრივად, რუსეთის ეფექტური კონტროლიდან გამომდინარე, არ ხორციელდება ადამიანის უფლებების დაცვა იმ მასშტაბით, როგორითაც უნდა იყოს და, შესაბამისად, ნაბიჯები გულისხმობს დეოკუპაციას. დეოკუპაციისთვის მნიშვნელოვანია, რომ საერთაშორისო ზეწოლა გაძლიერდეს და, მათ შორის, აღიარებული იყოს ტერმინოლოგიურადაც ოკუპაციის საკითხები. იცით, რომ ევროკავშირი დიდი ხნის განმავლობაში ტერმინ „ოკუპაციას“ არ იყენებდა. დღესაც, სამწუხაროდ, ოფიციალურ დოკუმენტებში ეს ტერმინი არ გამოიყენება, თუმცა ბოლო პერიოდში ვნახეთ, მაგალითად, ბორელის განცხადება, რომელმაც ტერმინი „ოკუპაცია“ გამოიყენა, მნიშვნელოვანია, ამას მივაქციოთ ყურადღება.

ჩვენ სასამართლო დავით დავადასტურეთ, რომ რუსეთს ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორია. შესაბამისად, მისი ყველა ქმედება იქ არის არალეგიტიმური და არალეგალური. საერთაშორისო ორგანიზაციებში რაც კი ინსტრუმენტები არსებობს, წლებია, საქართველოს ხელისუფლება ამას იყენებს. გარდა ამისა, გვაქვს არაღიარების პოლიტიკა, რომელმაც უნდა შეაჩეროს ამ პროცესის შესაძლო ლეგიტიმაცია სხვა ქვეყნების მხრიდან და აქაც წარმატებები გვაქვს და არ ფართოვდება იმ ქვეყნების წრე, რომლებსაც აღიარებული აქვთ ე.წ. დამოუკიდებლობა“, – განაცხადა პაპაუშვილმა.