1. Home
  2. TOP სიახლე
  3. საქართველოსა და მოლდოვას შედარება, ეს არის აბსოლუტურად შეურაცხმყოფელი – პრემიერი ჯოზეფ ბორელის განცხადებაზე
საქართველოსა და მოლდოვას შედარება, ეს არის აბსოლუტურად შეურაცხმყოფელი – პრემიერი ჯოზეფ ბორელის განცხადებაზე

საქართველოსა და მოლდოვას შედარება, ეს არის აბსოლუტურად შეურაცხმყოფელი – პრემიერი ჯოზეფ ბორელის განცხადებაზე

179
0

ეს განცხადებები არის დროებითი, ამიტომ, განსაკუთრებულ ყურადღებას ჩვენ არ გავამახვილებთ – დასრულდება ეს არჩევნები, დასრულდება ომი უკრაინაში და ამის შემდეგ ევროკავშირთან ურთიერთობები გადაიტვირთება , – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, “ქართული ოცნების” საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან ევროკავშირის საგარეო პოლიტიკური უწყების ხელმძღვანელის ჟოზეფ ბორელის განცხადების საპასუხოდ განაცხადა.

 

პრემიერის თქმით, საქართველოსა და მოლდოვას ერთმანეთთან შედარება არის თვალებში ნაცრის შეყრა, რადგან, როგორც კობახიძემ განმარტა, მოლდოვაში არ არსებობს პოლიტიკური და მედია პლურალიზმი.

 

“ეს განცხადებები არის დროებითი, ამიტომ, განსაკუთრებულ ყურადღებას ჩვენ არ გავამახვილებთ. დასრულდება ეს არჩევნები, დასრულდება ომი უკრაინაში და ამის შემდეგ ევროკავშირთან ურთიერთობები გადაიტვირთება. რაც შეეხება საქართველოსა და მოლდოვას შედარებას, ეს არის აბსოლუტურად შეურაცხმყოფელი. თქვენ იცით, რომ საქართველო წინ უსწრებს მოლდოვას ყველა პარამეტრით – იქნება ეს დემოკრატია, ადამიანის უფლებები, ეკონომიკა. ეკონომიკური კუთხით 9 მილიარდით გავზარდეთ სხვაობა საქართველოსა და მოლდოვას ეკონომიკებს შორის, რაც არის, მათ შორის, იმის დამსახურება, რომ ჩვენ მოლდოვისგან განსხვავებით გვაქვს ძალიან ძლიერი სახელმწიფო ინსტიტუტები.

 

რაც შეეხება დემოკრატიასა და ადამიანის უფლებებს, მე მინდა შეგახსენოთ, რომ ერთმანეთის მიყოლებით მოლდოვაში აიკრძალა პოლიტიკური პარტიები, მედიასაშუალებები და დარჩა რეალურად ორი მედიასაშუალება, რომელიც მაუწყებლობს ქვეყნის მასშტაბით. ეს არის საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი და საზოგადოებრივი მაუწყებლის მეორე არხი. აღარ არსებობს პოლიტიკური პლურალიზმი, აღარ არსებობს მედია პლურალიზმი. როცა გადარებენ ასეთ ქვეყანას და თან გადარებენ ნეგატიურ კონტექსტში, ეს, ბუნებრივია, არის თვალებში ნაცრის შეყრა, თუმცა, ეს ვერ დააზიანებს ჩვენს ქვეყანას. კიდევ ერთხელ გიმეორებთ – დასრულდება არჩევნები, დასრულდება ომი უკრაინაში და აქედან აუცილებლად გადაიტვირთება ევროკავშირთან ურთიერთობები, შესაბამისად, ასეთი განცხადებები არის დროებითი მოვლენა.

 

საქართველოში ავტორიტარიზმი იყო 2012 წლამდე და თუ რაიმეთი შეიძლება იამაყოს ჩვენმა გუნდმა, პირველ რიგში, ეს არის საქართველოში ავტორიტარიზმის დასრულება. აქედან გამომდინარე, ასეთ განცხადებებს, საბედნიეროდ, ვერ ექნება ფასი ჩვენი მოსახლეობისთვის, გამომდინარე იქიდან, რომ ისინი არის აბსოლუტურად მცდარი და დაფუძნებულია არასწორ ინფორმაციაზე”, – განაცხადა კობახიძემ.