“საქართველოსა და ჩინეთს შორის სტრატეგიული პარტნიორობის დამყარების შესახებ ერთობლივი განცხადების მიღებისას, მთავრობა კონსტიტუციის შესაბამისად მოქმედებდა”
საქართველოსა და ჩინეთს შორის სტრატეგიული პარტნიორობის დამყარების შესახებ ერთობლივი განცხადების მიღებისას, მთავრობა კონსტიტუციის შესაბამისად მოქმედებდა. მთავრობა არის აღმასრულებელი ხელისუფლების უმაღლესი ორგანო, რომელიც ახორციელებს ქვეყნის საშინაო და საგარეო პოლიტიკას, – ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა განაცხადა, რომელსაც პარლამენტში ინტერპელაციის ფორმატში უსმენენ.
დარჩიაშვილის თქმით, ინფორმაცია პარლამენტს ყოველთვის მიეწოდება და დოკუმენტები, რომლებსაც პარლამენტის რატიფიცირება სჭირდება, შესაბამისად შედის პარლამენტში.
„მართალია, ჩემი დღევანდელი გამოსვლა კონკრეტულ საკითხს, კერძოდ, საქართველო-ჩინეთის ურთიერთობებს ეხება, მაგრამ ეს ურთიერთობები არსებული გეოპოლიტიკური სივრცის ერთიან ჭრილში უნდა დავინახოთ. ჩვენი პარტნიორების დამოკიდებულება ჩინეთთან მიმართებით და სწორედ ამ პრიზმიდან დანახული, შევეცდები ჩვენი პოზიციონირების გაზიარებას. დასაწყისში მინდა, გამოვეხმაურო მთავარ დასმულ კითხვას, რატომ არ გახდა საჭირო საქართველოს პარლამენტთან შეთანხმება აღნიშნულ საკითხზე და რატომ იზღუდება უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოს კონსტიტუციური ჩანაწერი საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტების განსაზღვრის შესახებ.
მოგახსენებთ, რომ საქართველოსა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკას შორის სტრატეგიული პარტნიორობის დამყარების შესახებ ერთობლივი განცხადების მიღებისას, მთავრობა მოქმედებდა კონსტიტუციის შესაბამისად, სადაც ვკითხულობთ, რომ საქართველოს მთავრობა არის აღმასრულებელი ხელისუფლების უმაღლესი ორგანო, რომელიც ახორციელებს ქვეყნის საშინაო და საგარეო პოლიტიკას. ერთობლივი განცხადება მიღებულია საქართველოს სწორედ კონსტიტუციის თანახმად მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში და მისი პარლამენტთან წინასწარი შეთანხმების იურიდიული ვალდებულება არ გამომდინარეობს არც კონსტიტუციიდან და არც რომელიმე სხვა ნორმატიული აქტიდან. კონსტიტუცია თავად განსაზღვრავს მთავრობის პარლამენტის წინაშე ანგარიშვალდებულების ფორმებს, რაც არ მოიცავს მსგავსი ტიპის განცხადებების წინასწარ შეთანხმების ვალდებულებას. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ერთობლივ განცხადებაში განსაზღვრული ოთხი მიმართულება – პოლიტიკური, ეკონომიკური, ხალხთაშორისი და კულტურული ურთიერთობები და საერთაშორისო განზომილება სრულ თანხვედრაშია პარლამენტის მიერ 2020 წლის დეკემბერში დამტკიცებულ ქვეყნის საგარეო პოლიტიკის შესახებ რეზოლუციასთან, სადაც აღნიშნულია, რომ საქართველოს ხელისუფლება ხელს შეუწყობს ჩინეთის სახალხო რესპუბლიკასთან საგარეო, ეკონომიკურ, სავაჭრო და ხალხთაშორის კავშირების გაღრმავებას.
ვისარგებლებ შემთხვევით და იმასაც მოგახსენებთ, რომ ბოლო წლებში გაფართოვდა ჩინეთთან სახელშეკრულებო ბაზა და საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულების შესახებ კანონის 25-ე მუხლის თანახმად, ჩინეთის მხარესთან შესაბამისი საერთაშორისო ხელშეკრულებების ძალაში შესვლის შესახებ ინფორმაცია საქართველოს პარლამენტს მოეწოდება შესაბამისი დადგენილი წესით. ასევე, უნდა აღვნიშნო, რომ თქვენ მოახდინეთ დამატებით ისეთი ხელშეკრულებების და შეთანხმების რატიფიცირება, როგორიც არის საქართველოს მთავრობასა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მთავრობას შორის მგზავრების და ტვირთების საერთაშორისო საავტომობილო ტრანსპორტირების შესახებ შეთანხმება. მეორე გახლავთ საქართველოს მთავრობასა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მთავრობას შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმება. ამით იმის თქმა მინდა, რომ ინფორმაცია პარლამენტს ყოველთვის მოეწოდება შესაბამისად და ის დოკუმენტები, რომლებიც საჭიროებენ პარლამენტის რატიფიცირებას, შესაბამისად შემოდის პარლამენტში“, – განაცხადა დარჩიაშვილმა.