
საქართველოს საგარეო უწყება შეშფოთებას გამოთქვამს რუსეთის მიერ სოხუმის აეროპორტის უკანონო ამოქმედებისა და ოკუპირებულ აფხაზეთის რეგიონში საჰაერო მიმოსვლის დაწყების გამო
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო შეშფოთებას გამოთქვამს რუსეთის მიერ სოხუმის აეროპორტის უკანონო ამოქმედებისა და ოკუპირებულ აფხაზეთის რეგიონში საჰაერო მიმოსვლის განხორციელების დაწყების გამო, – ნათქვამია საგარეო უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
„რუსული ავიაკომპანიის მიერ 2025 წლის 1 მაისს ოკუპირებულ აფხაზეთის რეგიონში ავიარეისის უკანონოდ შესრულება, ისევე, როგორც საოკუპაციო რეჟიმთან დადებული ე.წ. შეთანხმება სოხუმის აეროპორტის რუსეთისთვის გადაცემისა და ექსპლოატაციის შესახებ, წარმოადგენს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ საქართველოს კანონის, საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური პრინციპებისა და ნორმების, მათ შორის გაეროს წესდების და სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (ICAO) კონვენციის უხეშ დარღვევას, რომლის წევრებიც არიან როგორც საქართველო, ასევე რუსეთის ფედერაცია.
ასევე შემაშფოთებელია რუსეთიდან ოკუპირებულ აფხაზეთში მ.წ. 1 მაისს სარკინიგზო მიმოსვლის განხორციელება.
საგარეო საქმეთა სამინისტრო განაგრძობს შესაბამისი საერთაშორისო მექანიზმების ამოქმედებას და მიმართავს საერთაშორისო თანამეგობრობას, სათანადოდ შეაფასოს და შესაბამისი რეაგირება მოახდინოს რუსეთის მიერ საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფისაკენ მიმართულ ქმედებებზე.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს რუსეთის ფედერაციას შეასრულოს ნაკისრი საერთაშორისო ვალდებულებები, მათ შორის სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციის კონვენციის და ევროკავშირის შუამავლობით დადებული 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შესაბამისად“, – აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.