“საქართველოს ლიდერი ტრამპისეულ „ძლიერ ამერიკას“ მოუწოდებს რუსეთზე ზეწოლა მოახდინოს და უკან დაახევინოს” -The Hill
„სალომე ზურაბიშვილი, საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, ვაშინგტონში სპეციალური მისიით იმყოფება: იგი ცდილობს, რომ აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპისა და მისი ახალი ადმინისტრაციის ყურადღება საკუთარ ქვეყანას მიაპყროს, ანუ საქართველოთი დააინტერესოს ის ადამიანები, რომლებიც ატარებენ პოლიტიკურ კურსს „ამერიკა უპირველეს ყოვლისა“, – ნათქვამია აშშ-ის გაზეთ „ჰილში“ (The Hill) გამოქვეყნებულ სტატიაში სათაურით „საქართველოს ლიდერი ტრამპისეულ „ძლიერ ამერიკას“ მოუწოდებს რუსეთზე ზეწოლა მოახდინოს და უკან დაახევინოს“ (ავტორი – ლორა კელი).
გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით:
სალომე ზურაბიშვილი სარგებლობს პირადი ურთიერთობებით, რათა როგორმე აშშ-ის პრეზიდენტამდე მიაღწიოს. ჯო ბაიდენის მმართველობის დროს, რომელიც დიპლომატიური პროტოკოლის მკაცრი ჩარჩოებით მოქმედებდა, ქართველ ლიდერს აშშ-ის ადმინისტრაციასთან კავშირები შეზღუდული ჰქონდა. „ჯო ბაიდენის დროს მე არ მქონდა ტელეფონით საუბრის შესაძლებლობა ვიცე-პრეზიდენტთანაც კი“, – ამბობს სალომე ზურაბიშვილი, რომელიც საქართველოს ისტორიაში პირველ ქალია, პრეზიდენტად არჩეული.
იმ იმედით, რომ დონალდ ტრამპს რამდენიმე წუთით მაინც შეხვდებოდა, გასული წლის დეკემბერში სალომე ზურაბიშვილმა ემანუელ მაკრონს სთხოვა, რომ იქნებ როგორმე კულუარებში დონალდ ტრამპთან საუბარი გამართულიყო, პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის მეორედ კურთხევის ფონზე. მისი იდეა გამოიხატება იმაში, რომ ამერიკამ რუსეთზე ზეწოლა უნდა მოახდინოს და ამისთვის საქართველო „სათამაშო მოედნად“ გამოიყენოს. რუსეთის ჯარებს ოკუპირებული აქვთ საქართველოს ტერიტორიის 20%, მოსკოვს ბრალი მიუძღვის იმაშიც, რომ კრემლი საქართველოში პოლიტიკურ კრიზისს აღვივებს.
საქართველოში თითქმის ორ თვეზე მეტია გრძელდება მასობრივი საპროტესტო აქციები კრემლის მხარდამჭერი მმართველი პარტიის „ქართულ ოცნების“ წინააღმდეგ. გასულ წელს მთავრობამ შეწყვიტა მოლაპარაკება ევროკავშირში მიღების თაობაზე, გააღრმავა კავშირები ჩინეთთან და მაღალ დონეზე ინარჩუნებს კონტაქტებს ირანთან.
„მე მქონდა შესაძლებლობა დონალდ ტრამპისთვის მეთქვა, რომ [კავკასია] სტრატეგიულ რეგიონს წარმოადგენს და ამერიკამ საქართველო არ უნდა მიატოვოს“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა გასულ კვირას გამართულ ჟურნალისტებთან შეხვედრაზე, ვაშინგტონში.
როგორ მიიღო თვითონ დონალდ ტრამპმა სალომე ზურაბიშვილის ნათქვამი? „იმის გათვალისწინებით, რომ მან კარგად იცის საქართველო, იგი ნამყოფია ჩვენთან და მას საქართველო მოსწონს, ეს აბსტრაქტული მომენტი ნამდვილად არ ყოფილა“, – თქვა ქართველმა ლიდერმა. მართლაცდა, ოდესღაც დონალდ ტრამპს სურდა საქართველოში, შავიზღვისპირა კურორტ ბათუმში საცხოვრებელი ცათამბჯენი „ტრამპ-თაუერი“ აეშენებინა, მაგრამ შემდეგ პროექტის განხორციელებაზე უარი განაცხადა: დონალდ ტრამპი 2016 წელს აშშ-ის პრეზიდენტად იქნა არჩეული.
სალომე ზურაბიშვილმა ისარგებლა იმ იშვიათი შანსით, რომ იგი ინაუგურაციაზე რესპუბლიკური პარტიის წევრმა ჯო უილსონმა მიიწვია. იგი, როგორც ერთ-ერთი ევროპელი ლიდერი, კაპიტოლიუმის ხალხით სავსე დარბაზში იჯდა და არჩეული პრეზიდენტის გამოსვლას პირდაპირ უსმენდა, რომლის დროსაც დონალდ ტრამპმა კვლავ გააკეთა [არასწორი] განცხადება, თითქოსდა 2020 წლის არჩევნებში მან გამარჯვება ხელიდან გაუშვა. „ამას არავინ არ ელოდა, ეს ნამდვილად მოულოდნელი იყო’, – აღნიშნა სალომე ზურაბიშვილმა, – „ეს ჩემთვის როგორც პოლიტოლოგისათვის, ძალზე საინტერესო იყო.
ინაუგურაციის წინ გამართული მიღებების დროს იგი ხელს ართმევდა პრეზიდენტის ახალი ადმინისტრაციის წევრობის კანდიდატებს – მომავალ საგარეო საქმეთა და თავდაცვის მინისტრებს მარკო რუბიოს და პიტ ჰეგსეტს. იგი ერთი კვირის განმავლობაში აძლევდა ბლიც-ინტერვიუებს აშშ-ის მასობრივი ინფორმაციის საშუალებებს, მათ შორის ტრამპის საყვარელ ტელეარხ „ფოქს ნიუსს“, რათა ამერიკული საზოგადოებისათვის თავისი თვალსაზრისი გაეზიარებინა.
სალომე ზურაბიშვილის სტრატეგია გამოიხატება იმით, რომ მისი პირველი კონტაქტები ნიადაგს მოამზადებს უფრო შინაარსიანი შეხვედრებისათვის, ვთქვათ, მიუნჰენის უსაფრთხოების კონფერენციის ჩარჩოებში და დაარწმუნებს დონალდ ტრამპის გუნდს საქართველოსთან ურთიერთობის პოლიტიკურ მნიშვნელობაში.
„მე ველოდები, რომ ამერიკა იგრძნობს [კავკასიის] რეგიონში ჩართვის აუცილებლობას… საწინააღმდეგო შემთხვევაში კი ამ რეგიონში აშშ-ის ადგილს რუსეთი და ჩინეთი დაიკავებენ“, – თქვა ქართველმა ლიდერმა.
დონალდ ტრამპმა, მიუხედავად იმისა, რომ ჯო ბაიდენის ბევრი მოქმედება გააუქმა, ჯერ კიდევ არ შეხებია საქართველოსთან დამოკიდებულების საკითხს. ამასთან, არსებობს ამერიკელი ორპარტიული კანონმდებლების ძირითადი ჯგუფი, რომლებიც მხარს უჭერენ იდეას, რომ წინა დემოკრატიული ადმინისტრაციის [ნეგატიური] დამოკიდებულება საქართველოს მიმართ სამომავლოდაც უნდა გაგრძელდეს. ეს იმას ნიშნავს, რომ უნდა შენარჩუნდეს ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის მიერ დახმარების შეჩერება საქართველოსთვის 95 მილიონი დოლარის გამოყოფის საკითხში, „ქართული ოცნების“ მიერ პრორუსული კანონების მიღების გამო. ბაიდენის ადმინისტრაციამ ასევე თავი შეიკავა საპარლამენტო არჩევნებში მმართველი პარტიის გამარჯვების აღიარებისაგან. გარდა ამისა, დემოკრატიულმა ადმინისტრაციამ რიგი სანქციები დააწესა ქართველი თანამდებობის პირებისა და ზოგიერთი პოლიტიკოსის მიმართ იმ ძალადობისათვის, რასაც ხელისუფლება საპროტესტო აქციების მონაწილეების წინააღმდეგ ახორციელებს.
სალომე ზურაბიშვილმა ხელისუფლებას ახალი არჩევნების ჩატარებისაკენ მოუწოდა, მაგრამ იგი იძულებული გახდა გასული თვის ბოლოს პრეზიდენტის სასახლე დაეტოვებინა, როცა „ქართული ოცნების“ მიერ კონტროლირებულმა პარლამენტმა ახალი პრეზიდენტი აირჩია.
და მაინც, სალომე ზურაბიშვილი წინააღმდეგია უარი თქვას თავის თავის ტიტულზე: როგორც ქვეყნის მეხუთე პრეზიდენტი, იგი საყოველთაოდ იქნა ხალხის მიერ პირდაპირი ხმის მიცემით არჩეული და ამიტომ მსოფლიოში მხარდაჭერას ეძებს, რათა „ქართული ოცნების“ მთავრობა იზოლაციაში დარჩეს და საპროტესტო აქციებს მხარი დაუჭირონ.
„მე ჩემს როლს იმაში ვხედავ, რომ ჩემი ქვეყნის ხმა ვიყო“, – თქვა სალომე ზურაბიშვილმა.
რაც შეეხება დაპატიმრების საფრთხეს, მან „ჰილის“ კორესპონდენტს უთხრა, რომ ამის უშუალო მუქარას ვერ ხედავს, თუმცა ყველაფერი შეიძლება მოხდეს. როგორც ცნობილია, საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი, რომელიც ერთ-ერთი ოპოზიციური პარტიის ლიდერია, სასტიკად იქნა ნაცემი. დაზარალებულმა თავდასხმაში „ქართული ოცნება“ დაადანაშაულა.
კაპიტოლიუმში საქართველოს მხარდამჭერთა მცირერიცხოვანი ორპარტიული ჯგუფია შექმნილი, რომლის წევრები არიან რესპუბლიკელები ჯო უილსონი და ჯიმ რიში, დემოკრატი ჯინ შაჰინი და სხვები. მათი ძალისხმევით იქნა მიღებული ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის მიერ სანქციები „ქართული ოცნების“ დამაარსებლის ბიძინა ივანიშვილის მიმართ, რომელმაც ქონება რუსეთში დააგროვა და რომელიც საქართველოს მმართველი პარტიის უკან მდგარ მთავარ ძალად ითვლება.
„ჩვენ 29 დეკემბრამდე ცდა მოგვიწია, სანამ ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია დაპირებულ სანქციებს გამოაცხადებდა“, – აღშფოთებით ლაპარაკობს სალომე ზურაბიშვილი.
იგი არ მალავს თავის იმედგაცრუებას ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის მიმართ, რომ მას შესაძლებლობა არ მიეცა პრეზიდენტს ან სახელმწიფო მდივანს ენტონი ბლინკენს შეხვედროდა.
„უნდა ითქვას, რომ წინა ადმინისტრაცია, მართალია, თითქოსდა დემოკრატიას დიდ ყურადღებას უთმობდა, მაგრამ სინამდვილეში არაფერი გაუკეთებია საქართველოში დემოკრატიის შესანარჩუნებლად ბოლო ორი წლის განმავლობაში“, – ხაზი გაუსვა სალომე ზურაბიშვილმა.
„ახალ ადმინისტრაციას, აშკარაა, რომ განსხვავებული მიდგომები აქვს, მაგრამ ძლიერი ამერიკის ეს მიდგომები იმასაც ნიშნავს, რომ [ადმინისტრაცია] უნდა დაინტერესდეს იმითაც, რა ხდება კავკასიაში. თუ მისი პრიორიტეტი დემოკრატიის დაცვა არ იქნება, გეოპოლიტიკური დაინტერესება მაინც უნდა იყოს“, – თქვა ქართველმა ლიდერმა.
მოამზადა სიმონ კილაძემ