1. Home
  2. TOP სიახლე
  3. “საქართველოს ხელისუფლებამ საფრანგეთის წინაშე ნდობის მოპოვება აზერბაიჯანის ინტერესების ხარჯზე გადაწყვიტა?!”
“საქართველოს ხელისუფლებამ საფრანგეთის წინაშე ნდობის მოპოვება აზერბაიჯანის ინტერესების ხარჯზე გადაწყვიტა?!”

“საქართველოს ხელისუფლებამ საფრანგეთის წინაშე ნდობის მოპოვება აზერბაიჯანის ინტერესების ხარჯზე გადაწყვიტა?!”

858
0

აზერბაიჯანის რუსულენოვან გაზეთ „ნოვოე ვრემიაში“ (Новое время) გამოქვეყნებულია სტატია სათაურით „საქართველოს ხელისუფლებამ საფრანგეთის წინაშე ნდობის მოპოვება აზერბაიჯანის ინტერესების ხარჯზე  გადაწყვიტა?!“ (ავტორი – ზ.რასულზადე), რომელშიც გაკრიტიკებულია და საყვედურია გამოთქმული საქართველოს მთავრობის მიმართ, ფრანგული წარმოების სომხეთის კუთვნილი სამხედრო ტექნიკის ტრანზიტით გატარების გამო.

გთავაზობთ ამონარიდს პუბლიკაციიდან:

„საერთაშორისო ინსტიტუტების მონაცემების თანახმად, ბოლო წლებში საფრანგეთი სწრაფად ზრდის შეიარაღების ექსპორტის მოცულობას და ამ სფეროში ერთ-ერთი ლიდერი ხდება. უეჭველია, პარიზის მიერ ერევნისათვის სამხედრო ტექნიკის გაგზავნა ხელს შეუწყობს რეგიონში სომხეთის დესტრუქციულ მოქმედებას – იმ ქვეყნისა, რომელსაც 30 წელი ჰქონდა ოკუპირებული აზერბაიჯანის ტერიტორია და დღემდე არ შეუწყვეტია აგრესიული რიტორიკა.  სამწუხაროა, რომ საფრანგეთი აგრესორს მფარველობს.

მაგრამ ამ ისტორიაში ყველაზე საინტერესო ის არის, რომ სომხეთის დახმარებაში საქართველოც ჩაერთო. ფრანგული ჯავშანავტომობილების – „ბასტიონების“ (Bastion) სომხეთში გაგზავნაში, პრინციპში, ყველაფრის წინასწარმეტყველება შეიძლებოდა, ერთი გარემოების გარდა – სომხეთისაკენ ამ ტვირთმა საქართველოს ნავსადგურის ფოთის მეშვეობით ჩააღწია, ანუ ოფიციალურმა თბილისმა თანხმობა მისცა სომხეთისათვის განკუთვნილი სამხედრო ტექნიკის ტრანზიტზე თავის ტერიტორიის გავლით. რასაკვირველია, შეიძლება ჩვენმა მეზობელმა რაღაც ვერსიები მოიგონოს, თუ რატომ მოხდა ასე. სრულიად შესაძლებელია, რომ საქართველოში გადაწყვიტეს ასეთი მეთოდებით „აანაზღაურონ“ რეკომენდაცია ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად, მით უმეტეს, რომ თბილისი ვერ ბედავს ანტირუსული სანქციების მხარდაჭერას. მით უმეტეს, რომ საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, საფრანგეთში დაბადებული…

ასეა თუ ისე, თუ ედუარდ შევარდნაძის მმართველობის დროს საქართველოს გერმანიასთან ჰქონდა განსაკუთრებული ურთიერთობები (ბერლინის კედლის დანგრევაში მის მიერ შეტანილი წვლილის გამო), ახლა უკვე, როგორც ჩანს, თბილისმა პარიზთან გააბა ახლო კავშირები, რაშიც, სავარაუდოდ, მნიშვნელოვან როლს საფრანგეთის ელჩიც ასრულებს. არადა, საქართველოს მთავრობამ უნდა გააცნობიეროს, რომ ქვეყნის ხელმძღვანელი თვითონაა და არა ფრანგი ელჩი. საქართველოს უნდა ახსოვდეს, რომ თბილისმა სწორედ ბაქოს დახმარებით გაუძლო მოსკოვის ენერგეტიკულ შანტაჟს. საქართველოს ტერიტორიაზე აზერბაიჯანიდან თურქეთისაკენ გამავალი სატრანსპორტო კომუნიკაციები – მილსადენები, რკინიგზები – უზრუნველყოფენ ქართული ეკონომიკის სტაბილურობასა და უსაფრთხოებას. საკმარისია გავიხსენოთ, თუ რატომ შეჩერდა რუსეთის ჯარების წინსვლა ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენიდან 10 კილომეტრის დაშორებით… საეჭვოა, რომ თბილისი ვერ აცნობიერებდეს, თუ რამდენ სარგებლობას აძლევს (პირდაპირ და ირიბად) აზერბაიჯანთან თანამშრომლობა – სატრანზიტო ბაჟების, პირდაპირი ინვესტიციებისა და პოლიტიკური მხარდაჭერის ჩათვლით.

და ამ ფონზე როგორ უნდა გავიგოთ საქართველოს მთავრობის მიერ გადადგმული ნაბიჯი? „მარჯვენამ არ იცის, რას აკეთებს მარცხენა?“ თუ თბილისს, აზერბაიჯანის ინტერესების ხარჯზე, საფრანგეთის წინაშე ნდობის მოპოვება სურს?

ვარაუდები ბევრია, მაგრამ ეს ის შემთხვევაა, როცა საქართველოს ხელისუფლებამ თვით საქართველოს ინტერესებზე და უსაფრთხოებაზე უნდა იფიქროს, მათ შორის ზოგიერთი არასასიამოვნო გარემოების გათვალისწინებით: სომხეთს, სხვათა შორის, პრეტენზიები აქვს  საქართველოს ტერიტორიის მიმართაც…“.

წყარო