საქართველოს დელეგაცია, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის ხელმძღვანელობით, გაერო-ს უნივერსალური პერიოდული მიმოხილვის განხილვაში მიიღებს მონაწილეობას
ჟენევაში დღეს გაიმართება გაერთიანებული ერების ორგანიზაციის უნივერსალური პერიოდული მიმოხილვის (UPR) მე-4 ციკლის ფარგლებში საქართველოში ადამიანის უფლებების დაცვის მდგომარეობის შესახებ საქართველოს ეროვნული ანგარიშის (2021-2025 წლები) განხილვა.
საქართველოს საგარეო უწყების ცნობით, აღნიშნულ განხილვაში მონაწილეობას მიიღებს საქართველოს სამთავრობო დელეგაცია საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, ხათუნა თოთლაძის ხელმძღვანელობით, რომლის შემადგენლობაშიც შედიან, როგორც სამთავრობო უწყებების, ასევე – საქართველოს პარლამენტის, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის, საქართველოს პროკურატურის, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს და საქართველოს საერთო სასამართლოების სისტემის წარმომადგენლები.
„საქართველოს ეროვნული ანგარიში მომზადდა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს კოორდინაციით, ყველა შესაბამისი სახელმწიფო უწყების მონაწილეობით და მასში ჩართული იყო, როგორც აღმასრულებელი, ისე საკანონმდებლო და სასამართლო ხელისუფლება.
ანგარიშს თან ერთვის ინფორმაცია საქართველოს მიერ 2021 წელს წინა ციკლის ფარგლებში მხარდაჭერილი რეკომენდაციების შესრულების შესახებ. აღსანიშნავია, რომ მე-3 ციკლის ფარგლებში საქართველომ მიიღო 285 რეკომენდაცია და მხარი დაუჭირა 257 რეკომენდაციას.
ანგარიში საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ წარედგინა სახალხო დამცველის აპარატს მისი წინადადებებისა და მოსაზრებების გაზიარების მიზნით. ამასთან აღსანიშნავია, რომ საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში 2016 წელს განხორციელებული ცვლილებების თანახმად, ანგარიში მთავრობის წარდგინებით ასევე განხილულ იქნა საქართველოს პარლამენტის მიერ.
ანგარიშის განხილვის შემდეგ, საქართველომ დადგენილ ვადებში უნდა წარადგინოს თავისი პოზიცია, თუ რომელ რეკომენდაციებს დაეთანხმება და აიღებს მათი შესრულების ვალდებულებას მომდევნო 5 წლის განმავლობაში.
აღსანიშნავია, რომ გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ადამიანის უფლებათა საბჭოს მიერ დაფუძნებული უნივერსალური პერიოდული მიმოხილვა არის გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს უნიკალური მექანიზმი, რომლის ფარგლებშიც, ადამიანის უფლებათა დაცვასთან დაკავშირებით არსებული მდგომარეობა განიხილება ყოველ 4-5 წელიწადში ერთხელ გაეროს წევრ სახელმწიფოში”,- აღნიშნულია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციაში.