1. Home
  2. TOP სიახლე
  3. “საქართველოს დარღვევების გამო ჯერ-ჯერობით PACE-ში დაბრუნება არ შეუძლია”-Deutsche Welle
“საქართველოს დარღვევების გამო ჯერ-ჯერობით PACE-ში დაბრუნება არ შეუძლია”-Deutsche Welle

“საქართველოს დარღვევების გამო ჯერ-ჯერობით PACE-ში დაბრუნება არ შეუძლია”-Deutsche Welle

293
0

„თუ საქართველო ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში (PACE) დაბრუნებას გადაწყვეტს, მისი დელეგაციის უფლებამოსილების რატიფიცირება არ მოხდება – იმის გამო, რომ თბილისი უარს ამბობს ასამბლეის რეკომენდაციების შესრულებაზე ქვეყანაში შექმნილი პოლიტიკური სიტუაციის გასაუმჯობესებლად“, – ნათქვამია გერმანული რადიოს „დოიჩე ველეს“ (Deutsche Welle) მიერ გამოქვეყნებულ მასალაში სათაურით „საქართველოს დარღვევების გამო ჯერ-ჯერობით PACE-ში დაბრუნება არ შეუძლია“ (ავტორი – ვიქტორია ვლასენკო). მასში მიმოხილული და კომენტირებულია ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE) მიერ ხუთშაბათს, 10 აპრილს მიღებული რეზოლუცია.

გთავაზობთ პუბლიკაციას:

„ასამბლეა თვლის, რომ პროგრესის არარსებობა რეკომენდაციების შესრულებაში.. და ის, რომ საქართველოში კვლავ გრძელდება დემოკრატიისაგან უკან დახევა, ხელს არ უწყობს ქართული დელეგაციის წევრების უფლებამოსილების რატიფიცირებას იმ შემთხვევაშიც კი, თუ ისინი ასამბლეის მომდევნო სესიაში მონაწილეობას გადაწყვეტენ“, – აღნიშნულია დოკუმენტში.

„თბილისური კარის გაჯახუნება“ ასამბლეაში

დღეისათვის საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია ფორმალურად ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE) მუშაობაში საკუთარი ინიციატივით არ მონაწილეობს. ამის ამის საბაბი გახდა კონფლიქტი, რომელიც წარმოიქმნა მიმდინარე წლის იანვრის სესიაზე – იმის გამო, რომ საქართველოს დელეგაციის უფლებამოსილება ეჭვქვეშ დადგა – ქვეყანაში დემოკრატიის უხეში დარღვევის ფაქტებთან დაკავშირებით.

საბოლოო ჯამში ასამბლეის დეპუტატებმა ხმა მისცეს რეზოლუციას, რომელშიც დადასტურდა დელეგაციის უფლებამოსილება, მაგრამ შეზღუდული სახით. ამასთან, ასამბლეამ ქართველებს დაუტოვა იმის შანსი, რომ უფლებამოსილება სრული სახით აღდგენილიყო იმ პირობით, თუ ოფიციალური თბილისი PACE-ს აპრილის სესიამდე შეასრულებდა იმ „საშინაო დავალებას“, რომელიც რეზოლუციაში იყო შეტანილი. კერძოდ, საკითხი ეხებოდა იმას, რომ ხელისუფლებას შესაბამისი პირობები უნდა შეექმნა უახლოეს თვეებში განმეორებითი საპარლამენტო არჩევნების ჩატარებისათვის, განეახლებინა ევროინტეგრაციის პროცესი, გაეუქმებინა კანონი „უცხოური აგენტების“ შესახებ და გაეთავისუფლებინა ყველა პოლიტიკური პატიმარი.

ამ ძალზე მკაცრი რეზოლუციის საპასუხოდ საქართველოს დელეგაციამ განაცხადა, რომ ასამბლეის საქმიანობაში მონაწილეობას წყვეტს, რაც, თავის მხრივ, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმაც დაადასტურა: მისი თქმით, თბილისმა უკან გაიწვია დელეგაცია და ამის თაობაზე ოფიციალურად აცნობა PACE-ს ხელმძღვანელობას.

„საქართველომ PACE-სთან დიალოგი უარყო“

ევროსაბჭოს ასამბლეაში „ღრმა მწუხარებას“ გამოხატავენ: მიუხედავად იმისა, რომ PACE-ს იანვრის სესიაზე საქართველოს დელეგაციის უფლებამოსილება დადასტურდა, თბილისმა მაინც უარი განაცხადა თავის მონაწილეობაზე ასამბლეის საქმიანობაში, „რითაც ქართველებმა დიალოგი უარყვეს“. რეზოლუციაში განმარტებულია, რომ „თუ დელეგაციის უფლებამოსილება დამტკიცებულია, მაშინ მისი მონაწილეობა ასამბლეის მუშაობაში ნებაყოფლობითი კი არ არის, არამედ სავალდებულოა“.

დოკუმენტის მიხედვით, PACE-ში ასევე სწუხან, რომ სამი თვის განმავლობაში იანვრის სესიაზე რეზოლუციის მიღებიდან, საქართველოს რეკომენდაციები არ შეუსრულებია, შესაბამისად, ქართული დელეგაციის უფლებამოსილება კვლავ შეზღუდული დარჩა, ქვეყანაში შექმნილი სიტუაცია კი უფრო უარესდება. დოკუმენტის თანახმად, მასში ნეგატიურად არის შეფასებული საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებული შესწორებები საარჩევნო კოდექსში, ასევე გამოხატულია შეშფოთება ჟურნალისტთა დევნისა და სამოქალაქო საზოგადოებების ლიდერთა დაპატიმრების, მოქალაქეთა მიტინგების, კრებების და აზრის გამოხატვის უფლებების დარღვევის გამო. რეზოლუციაში აღნიშნულია, რომ „ქართული ოცნების“ მთავრობა  აშინებს და ემუქრება იმ სახელმწიფო მოსამსახურეებს, რომლებიც ხელისუფლების მოქმედებას აკრიტიკებენ.

რეზოლუცია მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას შეასრულოს PACE-ს რეკომენდაციები, რათა ქვეყანაში შექმნილი კრიზისული სიტუაცია განიმუხტოს და განახლდეს სრული თანამშრომლობა როგორც ევროპის საბჭოსთან, ისე მის ასამბლეასთან“.

„ან პუტინის რუსეთთან მეგობრობა, ან PACE -ს წევრობა“

„დასანანია, რომ საქართველოს ამჟამინდელმა ხელისუფლებამ გადაუხვია იმ გზიდან, რომელზეც ბოლო დრომდე ერთად მივდიოდით“, – აღნიშნა ფრანკ შვაბემ, გერმანელმა დეპუტატმა სოციალისტთა ჯგუფიდან, რეზოლუციის ხმის მიცემის წინ გამართულ დებატებზე. მან უარყო ქართველი კოლეგების მიერ გამოთქმული საყვედურები, რომ თითქოსდა ასამბლეა ცდილობს უკარნახოს საქართველოს რომელი მიმართულებით განვითარდეს და ვისთან ჰქონდეს კავშირები.

 „მე პირადად არ მომწონს სამხედრო დამნაშავესთან მეგობრობა, მაგრამ თუ თქვენ გსურთ იყოთ პუტინის რუსეთის მეგობრები, რასაკვირველია, ეს თქვენი ნებაა. მაგრამ თქვენ არ შეგიძლიათ და არ გაქვთ იმის უფლება, რომ ძირი გამოუთხაროთ ამ ორგანიზაციის ფასეულობებს და პრინციპებს. თუ ასამბლეის წევრები ხართ, ეს პრინციპები უნდა შეასრულოთ“, – ხაზი გაუსვა ფრანკ შვაბემ.

ნორვეგიელი დეპუტატი ევროპის სახალხო პარტიიდან ინგრიდ შუ „იმედგაცრუებულია საქართველოს დელეგაციის გადაწყვეტილებით ასამბლეის დატოვებისა და მის მუშაობაში მონაწილეობის არმიღების გამო“. „მოვუწოდებ საქართველოს მმართველ პარტიას დაუბრუნდეს ევროსაბჭოსთან, PACE-სთან და ვენეციის კომისიასთან დიალოგს, რათა ერთად გადავწყვიტოთ, თუ როგორ შესრულდეს ის ვალდებულებები, რომელთა რეალიზაცია საქართველომ ორგანიზაციაში გაწევრიანების დროს აიღო“, – თქვა დეპუტატმა.

მოამზადა სიმონ კილაძემ

წყარო: