1. Home
  2. TOP სიახლე
  3. “საქართველომ უნდა დაგმოს “ჰამასი” იმისთვის, რასაც აკეთებს”- ისრაელის ელჩი
“საქართველომ უნდა დაგმოს “ჰამასი” იმისთვის, რასაც აკეთებს”- ისრაელის ელჩი

“საქართველომ უნდა დაგმოს “ჰამასი” იმისთვის, რასაც აკეთებს”- ისრაელის ელჩი

416
0

პატივს ვცემთ საქართველოს სოლიდარობას, მოვისმინეთ აღმასრულებელი ხელისუფლების ღია განცხადებები, მხარდაჭერა ჩვენი ხალხის მიმართ, ისევე, როგორც სპონტანურად შევსწრებივარ მხარდამჭერ განცხადებებს ჩვეულებრივი მოქალაქეებისგან, – ამის შესახებ საქართველოში ისრაელის ელჩმა, ჰადას მეიცადმა საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

„ისრაელს აქვს უმძიმესი დღეები. შაბათს, 07:00 საათზე ტერორისტებმა შეაღწიეს ისრაელში რამდენიმე ლოკაციაზე. ასობით რაკეტა იყო გაშვებული ისრაელის ტერიტორიის მიმართულებით. შეჭრა განხორციელდა რამდენიმე ტერიტორიიდან, მეტწილად ღაზიდან. რამდენიმე ქალაქი, ცენტრალური თუ სამხრეთ ნაწილი, მათ შორის დედაქალაქი, იყო ამ რაკეტებისა სამიზნე, რასაც შეეწირა ასობით მოქალაქის სიცოცხლე. დაახლოებით ერთი საათის წინ საჰაერო განგაში გამოცხადდა, თავდასხმა განხორციელდა ისრაელის ტერიტორიაზე, რის გამოც ოთხი ადამიანი კრიტიკულ მდგომარეობაშია. ჰამასის ტერორისტებმა მოკლეს ჩვენი 1300-ზე მეტი თანამოქალაქე. მათ მოკლეს ბავშვები, გააუპატიურეს ქალები“, – განაცხადა ისრაელის ელჩმა.

მისივე თქმით, 130-დან 150-მდე ადამიანი ამ ეტაპზე დაკარგულად ითვლება ან „ჰამასის“ ტყვეობაშია.

„90-ზე მეტი ოჯახი დღემდე ელოდება პასუხს, მათ შორის არიან ჰოლოკოსტს გადარჩენილი ხალხი“, – აღნიშნა ისრაელის ელჩმა.

მისივე თქმით, ტყვეთა შორის არის ერთ-ერთი მოქალაქე, რომელსაც მჭიდრო ურთიერთობები ჰქონდა საქართველოსთან.

კომიტეტში გამოსვლისას ელჩმა ასევე წაიკითხა ისრაელის მოქალაქის სიტყვები, რომლის ორი ვაჟი „ჰამასის“ მებრძოლებმა გაიტაცეს. მისივე თქმით, „ჰამასი“ ე.წ. ისლამური სახელმწიფოს მსგავსი ორგანიზაციაა.

„მათ აჩვენეს თავიანთი რეალური სახე. სისხლის მსმელი ორგანიზაცია უკონტროლო ჯგუფებით, რომელიც „ისლამური სახელმწიფოს“ მსგავსია. მათ ამოძრავებთ სიძულვილი. უნდათ, გაანადგურონ ჩვენი მოქალაქეები და ისრაელის სახელმწიფო. „ჰამასს“ არ აინტერესებს არც ღაზის ხალხის უსაფრთხოება და არც კეთილდღეობა. ისინი უბრალოდ იყენებენ მათ, რათა ჩვენი მოქალაქეები დააზიანონ“, – დასძინა ისრაელის ელჩმა.

მისივე თქმით, „ჰამასი“ ვერ განახორციელებდა ამ თავდასხმას ირანისგან დაფინანსების, ლოგისტიკური მხარდაჭერისა თუ სხვა სახის ხელშეწყობის გარეშე.

როგორც ელჩმა საკომიტეტო მოსმენისას განაცხადა, ისრაელზე ეს თავდასხმა მიმართულია იმ ყველაფრის წინააღმდეგ, რისიც ისრაელს, საქართველოს, ამერიკასა და დანარჩენ ცივილიზებულ სამყაროს სჯერა.

„ჩვენ მოვიგებთ ამ ომს. ბევრმა ქვეყანამ გამოთქვა ურყევი მხარდაჭერა ებრაელი ხალხის მიმართ, ისრაელის სახელმწიფოს მიმართ. ბევრ ადგილას, თბილისში, ბათუმში განათებული იყო შენობები ებრაული დროშით. პატივს ვცემთ საქართველოს სოლიდარობას, მოვისმინეთ აღმასრულებელი ხელისუფლების ღია განცხადებები, მხარდაჭერა ჩვენი ხალხის მიმართ, ისევე, როგორც სპონტანურად შევსწრებივარ მხარდამჭერ განცხადებებს ჩვეულებრივი მოქალაქეებისგან. საქართველომ უნდა დაგმოს „ჰამასი“ იმისთვის, რასაც აკეთებს. ეს არის არაადამიანური, ტერორისტული ორგანიზაცია. ის არის „ისლამური სახელმწიფოს“ მსგავსი ორგანიზაცია. ჩვენ მოლოდინი გვაქვს საერთაშორისო საზოგადოებისგან, გამოხატოს ცხადი მხარდაჭერა ისრაელის უფლებისადმი, რომ დაიცვას საკუთარი თავი. ყველაფერს გავაკეთებთ ჩვენი მოქალაქეების დასაცავად. ვგლოვობთ გარდაცვლილებს და ვლოცულობთ ქალების, ბავშვების უსაფრთხოებისთვის, რომლებიც ტყვედ არიან ჩავარდნილები“, – განაცხადა ისრაელის ელჩმა.