1. Home
  2. TOP სიახლე
  3. “საქართველო სწრაფად ვითარდება… ავტორიტარული რეჟიმის მიმართულებით”-Berner Zeitung
“საქართველო სწრაფად ვითარდება… ავტორიტარული რეჟიმის მიმართულებით”-Berner Zeitung

“საქართველო სწრაფად ვითარდება… ავტორიტარული რეჟიმის მიმართულებით”-Berner Zeitung

279
0

შვეიცარიის ერთ-ერთ უდიდეს გაზეთ „ბერნერ ცაიუთუნგში“ («Berner Zeitung» – „ბერნის გაზეთი“) გამოქვეყნებულია ვრცელი ინტერვიუ ქართველ კულტუროლოგთან – რუსუდან თაბუკაშვილთან, სათაურით „საქართველო სწრაფად ვითარდება… ავტორიტარული რეჟიმის მიმართულებით“ (ესაუბრება ჟურნალისტი ბერჰარდ ოტი).

„მას შემდეგ, რაც საქართველოს მთავრობამ ქვეყნის ევროკავშირთან დაახლოების პროცესი შეაჩერა, თბილისის მთავარ ქუჩაზე საპროტესტო აქციები არ წყდება. თვითონ რუსუდან თაბუკაშვილი დემონსტრაციებში თითქმის არ მონაწილეობს, მაგრამ სამაგიეროდ მისი წინააღმდეგობა ხელისუფლების პოლიტიკის მიმართ წერილობითი ფორმით გამოიხატება. რუსუდან თაბუკაშვილი, მარკუს კელერთან ერთად, თანაავტორია გერმანულ ენაზე დაწერილი პიესისა სათაურით „ერთი განსაკუთრებული ქუჩა“, რომელიც ბერნის თეატრში 3 მაისიდან დაიდგმება. ნაწარმოებში გაკეთებულია პარალელები საბჭოურ-სტალინური 1930-იანი წლების რეჟიმისა და საქართველოს დღევანდელი რეჟიმის რეპრესიებს შორის. მმართველი პარტიის „ქართული ოცნების“ მთავრობა დღითიდღე ამკაცრებს კანონმდებლობას და რეპრესიებს. რადგანაც თვითონ კულტუროლოგი თბილისში ცხოვრობს, იგი რეპრესიები მხრივ სარისკო მდგომარეობაში იმყოფება“, – ნათქვამია ინტერვიუს შესავალში.

გთავაზობთ ამონარიდებს პუბლიკაციიდან:

– პიესაში „ერთი განსაკუთრებული ქუჩა“, რომლის თანაავტორი თქვენ ბრძანდებით, საქართველოს 1930-იან წლებსა და თანამედროვე პერიოდს შორის გარკვეული პარალელებია გავლებული. რატომ ფიქრობთ, რომ ამ თემამ შვეიცარიული საზოგადოება უნდა დააინტერესოს?

– რთული გლობალური მოვლენების დროს დემოკრატიასთან და ადამიანის უფლებებთან დაკავშირებული საკითხები რთულ სიტუაციაში აღმოჩნდნენ. პიესაში სწორედ ეს მდგომარეობაა ასახული საქართველოს ისტორიისა და დღევანდელი რეალობის ფონზე. ჩემს ქვეყანაში დემონსტრაციები თითქმის ყოველდღიურად ტარდება, რადგან მთავრობამ ევროკავშირთან მოლაპარაკებები გაყინა. შესაბამისად, არსებობს შეხების გარკვეული წერტილები შვეიცარიული აუდიტორიისთვის.

– პიესის გმირები საუბრობენ რუსეთთან დამოკიდებულებაზე, რომელიც უკრაინას თავს დაესხა…

– საქართველოში ადამიანები მუდმივი საფრთხის პირობებში ცხოვრობენ. რუსეთს ოკუპირებული აქვს ქვეყნის ტერიტორიის 20% – აფხაზეთისა და „სამხრეთ ოსეთის“ რეგიონები. რუსეთის არმიის ბაზები დედაქალაქ თბილისიდან 30 კილომეტრში მდებარეობენ. რუსი მესაზღვრეები ოკუპირებული ტერიტორიიდან ადმინისტრაციულ საზღვარს დროდადრო წინ სწევენ. ჩვენთან ასეთ მოქმედებას „მცოცავ ოკუპაციას“ უწოდებენ. ბევრ ქართულ ოჯახს თავისი კუთვნილი ბაღებისა და სახნავი მიწებით სარგებლობა არ შეუძლია. ვინც შეეცდება რუსების მიერ დადგენილი „საზღვრის“ დარღვევას, მას იჭერენ და ჯარიმებს ახდევინებენ.

– პიესაში საიდუმლო პოლიციის თანამშრომელი, რომელიც თავის ბავშვობის მეგობარს აპატიმრებს, ამბობს, რომ „სამწუხაროდ, იძულებული ვარ დავალება შევასრულო…“

– დიახ, მაგრამ ეს ფრაზა არ ნიშნავს ადამიანის მოქმედების გამართლებას. გასაგებია, რომ ტერორისტული რეჟიმის სპეცსამსახურები ხშირად თვითონ აღმოჩნდებიან ხოლმე რეჟიმის მსხვერპლნი, რადგან ისინი ბრძანებებს ასრულებენ, მაგრამ ეს თავის მართლების ერთგვარ მცდელობას წარმოადგენს. ასე თუ ჩავთვლით, მაშინ რუსეთში უკრაინის წინააღმდეგ ომში დამნაშავე არავინ არ იქნება, ვლადიმერ პუტინის გარდა. ყველა თავის მართლებას დაიწყებს. ამ შემთხვევაში მთავარია ის, რომ თითოეულს აქვს არჩევანის გაკეთების უფლება და მან ეს უნდა გამოიყენოს.

– საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა რამდენიმე თვის წინათ შვეიცარიის გაზეთ Neue Zürcher Zeitung-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ დასავლეთი საქართველოს მიერ [რუსეთის წინააღმდეგ] მეორე ფრონტის გახსნას ელოდებოდა კრემლის ჯარების უკრაინაში შეჭრის შემდეგ, მისმა პარტიამ კი ომი თავიდან აიცილა…

– ეს აბსურდია. საქართველოსთვის ასეთი მოთხოვნა არავის არ წაუყენებია. განა რამდენ დღეს გაუძლებდა საქართველო რუსეთთან ფრონტს? ერთი ან ორი დღე…

– 2008 წელს ხუთი დღე გაუძლო… თუმცა პრეზიდენტის პოზიცია, ალბათ, გარკვეულწილად გამართლებულია – საქართველოს არ სურს „უფროსი ძმის“ გაღიზიანება ევროკავშირთან და ნატოსთან ინტეგრაციით…

– მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ საქართველომ ყველაფერი ისე გააკეთოს, როგორც რუსეთს აწყობს.

– სხვათა შორის, შვეიცარიაც ლავირებდა მეორე მსოფლიო ომის დროს [ნაცისტური გერმანიის წინაშე]…

– შვეიცარია იმ დროს სულ სხვა სიტუაციაში იმყოფებოდა. შვეიცარიის ნეიტრალიტეტი ყველა მეომარი მხარისათვის მისაღები იყო. საქართველო კი კონტინენტის განაპირას მდებარეობს, ევროპასა და ავტოკრატიულ მეზობლებს შორის მოქცეული. საქართველომ ევროპა აირჩია, დემოკრატია და ადამიანის უფლებები.

– იქნება თუ არა პიესა საქართველოს თეატრებში დადგმული?

– ის თეატრები, რომლებიც სახელმწიფოს მიერ ფინანსდებიან, ალბათ, სპექტაკლის დადგმაზე უარს იტყვიან. შესაძლოა მცირე თეატრებმა თანხმობა განაცხადონ, რაც ძალიან მინდა.

– რა რისკები და პასუხისმგებლობა ელოდებათ იმ თეატრების ხელმძღვანელებს, რომლებიც პიესის დადგმაზე დათანხმდებიან?

– ალბათ, საპყრობილეები ელოდებათ. მესმის, რომ პირადად მეც შეიძლება პრობლემები გამიჩნდეს. ამას წინათ ერთ-ერთი სახელმწიფო თეატრის ხელმძღვანელი თანამდებობიდან გაათავისუფლეს მომიტინგეთა მხარდაჭერის გამო. გარდა ამისა, სამსახურებიდან გაუშვეს ის სახელმწიფო მოსამსახურეები, რომლებმაც სოციალურ ქსელებში ხელისუფლების მიმართ კრიტიკული დამოკიდებულება გამოხატეს. საქართველო სწრაფად ვითარდება ავტორიტარული რეჟიმის მიმართულებით.

– შეეცდებით თუ არა პიესის ქართული ვერსიის შერბილებას თვითცენზურის გათვალისწინებით?

– არა. ან ყველაფერი, ან არაფერი. ფაქტებს და მოვლენებს თავისი სახელი უნდა ვუწოდოთ – ისეთი, როგორებიც ნამდვილად არიან.

(…)

– საქართველოს ხელმძღვანელი პოლიტიკოსებიდან ბევრი გერმანიაში სწავლობდა. თქვენც ბუნდესტაგში სტაჟიორი იყავით. როგორ მოხდა, რომ გერმანული გამოცდილებიდან განსხვავებული დასკვნები გააკეთეთ და სხვადასხვა მხარეს აღმოჩნდით?

– ეგ კითხვა მეც ხშირად მიჩნდება ხოლმე. დარწმუნებული ვარ, რომ მმართველ პარტიის გავლენიან პირებს სჯერათ, რასაც თვითონ ლაპარაკობენ. ვერ წარმომიდგენია, როგორ შეუძლიათ ფსიქიკურად ჯანმრთელ ადამიანებს ყოველივე ამის ატანა.

(…)

– ევროპის სახელმწიფოებმა საქართველოს ხელმძღვანელების წინააღმდეგ სანქციები დააწესეს. კიდევ რისი გაკეთება შეუძლია ევროპას?

– ევროპამ უნდა გააცნობიეროს, რომ საქართველოს მთავრობა, ქართველი ხალხისაგან განსხვავებით, სხვა ადგილზე დგას. ევროპამ არ უნდა შეამციროს თავისი მხარდაჭერა ქართული ფონდების [არასამთავრობო ორგანიზაციების] მიმართ. ამერიკული სააგენტო – იუესაიდის“ დახურვამ საქმე იქამდე მიიყვანა, რომ ბევრი რეგიონული ორგანიზაცია უსახსროდ დარჩა და დახმარებას საჭიროებენ.

მოამზადა სიმონ კილაძემ

წყარო: