1. Home
  2. TOP სიახლე
  3. „საქართველო, ნატო და „განაწყენებული ტონი“ – უცხოური პრესა
„საქართველო, ნატო და „განაწყენებული ტონი“ – უცხოური პრესა

„საქართველო, ნატო და „განაწყენებული ტონი“ – უცხოური პრესა

209
0

ამერიკული საზოგადოებრივი სამაუწყებლო ტელერადიოკომპანია Voice of America („ამერიკის ხმა“) აქვეყნებს სტატიას სათაურით „საქართველო, ნატო და „განაწყენებული ტონი“.

გთავაზობთ მცირე შემოკლებით:

„ვილნიუსში, ნატოს სამიტის შემდეგ, სადაც უკრაინისთვის ალიანსში გაწევრიანების რთულ გზაზე წევრობის სამოქმედო გეგმის, იგივე “მაპის” საჭიროება მოიხსნა, ხოლო საქართველოსთვის კი ისევ დარჩა, ანალიტიკოსების აზრით, მმართველი ძალა ცდილობს, ეს პოლიტიკური და დიპლომატიური ჩავარდნა „განაწყნებული“ მესიჯებით გადაფაროს.

„ევროატლანტიკური ინტეგრაციისა კუთხით, საქართველოს წინ წასასვლელად, მნიშვნელოვანი იყო ორი მიმართულება. ერთი უნდა ყოფილიყო, დიპლომატიური, საგარეო აქტივობები და მეორე უნდა ყოფილიყო შიდა რეფორმები დემოკრატიის განმტკიცების თვალსაზრისით. ორივე ნაწილში არ იქნა ეს შესაძლებლობები გამოყენებული“ – უთხრა „ამერიკის ხმას“ თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა დავით სიხარულიძემ. მისი თქმით, „პირიქით, ჩვენ გვაქვს ვითარება, როცა ანტიდასავლური რიტორიკა მოდის სახელისუფლებო წრეებიდან. ეს არის დაუფარავი რიტორიკა, დაწყებული იმით, რომ თითქოს დასავლეთი ცდილობს საქართველოს ომში ჩათრევას და გაგრძელებული აგრესიული, ანტიდასავლური პროქსი ჯგუფების შექმნით, დაფინანსებით და შემდგომ, მათი გამოყენებით, როგორც პროპაგანდის, ისე ძალადობის განსახორციელებლად“.

დავით სიხარულიძეს მიაჩნია, რომ ხელისუფლების ფსევდოგანაწყენებული ტონი, რომ თითქოს, „მათ ყველაფერი გააკეთეს“, მაგრამ „მატოში მაინც არ გვიღებენ და არც არასოდეს მიგვიღებენ“, „2008 წელსაც არ მოგვცეს და ახლაც არ მოგვცემენ“ – ახალი მანიპულაციური ხაზია, ანტიდასავრული პროპაგანდის მიმართულებით.

„ხელისუფლება ამ განაწყენებული ტონით, თითქოს მთელ პასუხისმგებლობას ჰკიდებს დასავლეთს, ესეც თავისებური პროპაგანდისტური ხაზია, რომელიც ნიჰილიზმს ავითარებს, ეს გაცილებით საშიშია. ამით ცდილობენ გადაფარონ ის რეალობა, რომ ნატო ივანიშვილისთვის და მისი ხელისუფლებისთვის პრიორიტეტი აღარ არის“ – ამბობს თავდაცვის ყოფილი მინისტრი სიხარულიძე, რომელსაც ეს თანამდებობა 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ ეკავა.

ის, რომ უკრაინა ვილნიუსის სამიტის შემდეგ, საქართველოსთან შედარებით, გაცილებით დაწინაურდა ალიანსში გაწევრიანების გზაზე – თვლის თავდაცვის კიდევ ერთი ყოფილი მინისტრი თინა ხიდაშელი.

მისი თქმით, „მთავარი, თვისობრივი განსხვავება ის არის, რომ უკრაინის შემთხვევაში მათ აღარ სჭირდებათ მოლოდინის ოთახში ყოფნა და პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღებისთანავე, უკრაინის ნატოში გაწევრიანება რეალიზებული იქნება. საქართველოს ვითარება თვისობრივად სხვაგვარია, რადგან ჩვენ კიდევ “მაპი” გვიწერია, როგორც ვალდებულება, რაც ორსაფეხურიან პროცესს ნიშნავს, მოლოდინის ოთახში ყოფნას და მომატებულ საფრთხეს“ – ამბობს თინა ხიდაშელი.

ამასთან, თავდაცვის ყოფილ მინისტრს მიაჩნია, რომ უკრაინისთვის “მაპის” მოთხოვნის მოხსნა, მნიშვნელოვანია საქართველოსთვისაც, რადგან ეს არის წინაპირობა იმისა, რომ “როგორც კი საქართველოში პოლიტიკური ვითარება შეიცვლება, ეს ჩანაწერი საქართველოსთან მიმართებაშიც შეიცვლება. პრეცედენტი დაშვებულია და ეს პრეცედენტი საქართველოზეც გავრცელდება პოლიტიკური განწყობების ცვილებისთანავე“.

უკრაინის პროგრესს ნატოს გზაზე, ვილნიუსის სამიტის შემდეგ, ვერ ხედავენ მმართველ პარტია „ქართულ ოცნებაში“. „წარმოიდგინეთ, უკრაინა არის ამხელა, ომში გახვეული და მაინც სტატუს ქვო დარჩა. რა ნაბიჯი უნდა გადაგვედგა ასეთ პირობებში, რომ გვქონოდა პროგრესი, ხომ?! მთავარი პრობლემა რა არის, რომ როდის და როგორ [მოხდება გაწევრიანება], ამაზე პასუხი არ არსებობს.

როგორც არ არსებობდა გუშინდლამდე, ასევე არ არსებობს გუშინდლის შემდეგაც. როდის და როგორ არავინ არ იცის. წარმოიდგინეთ, ქვეყანა არის ომის მდგომარეობაში და ამის მიუხედავად, არავითარი პროგრესი. ასეთ პირობებში საქართველოს რა პროგრესისთვის უნდა მიეღწია?“ – განაცხადა “ქართული ოცნების” თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ.

„სამწუხაროდ, ოპონენტები საკუთარი პოლიტიკური მიზნებისთვის აკეთებენ განცხადებებს, რომლებიც აზიანებს ჩვენს ქვეყანას, საგარეო პოლიტიკურ პრიორიტეტებს“ – ასე გამოეხმაურა კრიტიკას თბილისიდან, საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი.

საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, “ვილნიუსში ნატო-ს სამიტი არსებული გეოპოლიტიკური და გართულებული უსაფრთხოების პირობებში საკმაოდ შედეგიანი იყო. ძალიან ძლიერი პოლიტიკური გზავნილები გაიგზავნა უკრაინის მისამართით, ქვეყნის მისამართით, რომელიც დღეს ომშია, რომელსაც აქვს უზარმაზარი გამოწვევები.

სამიტი იყო ძალიან წარმატებული საქართველოსთვისაც, ახალი მუხტის მომტანი და ჩვენ გავაგრძელებთ თანამშრომლობას ჩვენს ნატოელ პარტნიორებთან. რა თქმა უნდა, ეს დაეხმარება საქართველოს, წარმატებით იაროს საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტების განხორციელების გზაზე“ – აღნიშნა დარჩიაშვილმა, რომელიც საქართველოს ვილნიუსში ნატოს სამიტზე, პრემიერ-მინისტრის ნაცვლად წარმოადგენდა.

გერმანული გაზეთის Frankfurter Allgemeine Zeitung-ის ინფორმაციით, პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ვილნიუსში სამიტზე მას შემდეგ აღარ მიიწვიეს, „რაც ბრატისლავაში უსაფრთხოების კონფერენციაზე უკრაინაში ომის დაწყების “ერთ-ერთ მთავარ მიზეზად ნატო და მისი გაფართოება დაასახელა”. საქართველოს მთავრობას, Frankfurter Allgemeine Zeitung-ის პუბლიკაციაზე განმარტება ამ დრომდე არ გაუკეთებია.

წყარო