1. Home
  2. TOP სიახლე
  3. “საქართველო ბიპოლარულ სამყაროში”- ავთანდილ წულაძე
“საქართველო ბიპოლარულ სამყაროში”- ავთანდილ წულაძე

“საქართველო ბიპოლარულ სამყაროში”- ავთანდილ წულაძე

461
0

საქართველოსა და ჩინეთს შორის სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმებამ ექსპერტებსა და პოლიტიკოსებს შორის მწვავე დებატები გამოიწვია. ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური თანამშრომლობა ბოლო პერიოდში წარმატებით ვითარდება. საქართველო იყო პირველი ქვეყანა სამხრეთ კავკასიაში, რომელმაც ჩინეთთან თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება გააფორმა. ჩინეთთან თანამშრომლობის ახალ დონეზე გადასვლა ლოგიკურ ნაბიჯად გამოიყურება, მაგრამ ჩინეთთან სტრატეგიული პარტნიორობის გეოპოლიტიკური ასპექტი უფრო დეტალურ ანალიზს იმსახურებს.

უპირველეს ყოვლისა, უნდა აღინიშნოს, რომ მსოფლიოში მიმდინარეობს დეგლობალიზაციის პროცესი, რაც იწვევს ბაზრების ფრაგმენტაციას, მიწოდების ჯაჭვების შემცირებას, სავაჭრო ბარიერების აღმართვას და კონკურენტი ქვეყნების ბლოკების ჩამოყალიბებას.

დეგლობალიზაციის დაჩქარებას ბიძგი მისცა დონალდ ტრამპმა, რომელმაც, როგორც აშშ-ს პრეზიდენტმა, ჩინეთი ამერიკის მთავარ მტრად გამოაცხადა და მასთან სავაჭრო ომი დაიწყო. ასევე დეგლობალიზაციის ახალი ეტაპი კორონავირუსის პანდემიამ და უკრაინის ომმა გამოიწვია.

მსოფლიოს დაყოფა „დემოკრატიულ“ და „ავტოკრატიულ“ მტრულ ბანაკებად სულ უფრო აშკარა ხდება და ნაკარნახევია, პირველ რიგში, ეროვნული უსაფრთხოების მოსაზრებებით. აშშ-ს პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა უკვე თავისი პრეზიდენტობის დასაწყისში გამოკვეთა ბიპოლარული სამყაროს პერსპექტივა, რომელშიც “დემოკრატიულ” ქვეყნებს შეერთებული შტატების მეთაურობით მოუწევთ ბრძოლა “ავტოკრატულ” ქვეყნებთან, რომელსაც ჩინეთი ხელმძღვანელობს.

უნდა აღინიშნოს, რომ ჩინეთი წინააღმდეგობას უწევს შეერთებული შტატების და მისი მოკავშირეების მცდელობებს, დაყოს მსოფლიო ორ დაპირისპირებულ ბანაკად. ბევრი დასავლელი ანალიტიკოსი აღნიშნავს, რომ გლობალიზაციის პროცესიდან ყველაზე მეტი სარგებელი ჩინეთმა და ტრანსნაციონალურმა კორპორაციებმა მიიღეს. მაშინ როცა დასავლეთის განვითარებულმა ქვეყნებმა დაიწყეს უპირატესობების დაკარგვა განვითარებად ქვეყნებთან. ამრიგად, დეგლობალიზაცია და მსოფლიოს ბიპოლარულ მოდელზე გადასვლა დასავლეთის ქვეყნების თავდაცვითი რეაქციაა ჩინეთისა და სხვა განვითარებადი ქვეყნების მზარდ ძალასთან დაპირისპირებაში.

როგორ უკავშირდება ეს გლობალური პროცესები საქართველოს? ქვეყნის ბედი მისი გეოგრაფიაა. საქართველო მდებარეობს დიდი სახელმწიფოების ინტერესების გადაკვეთაზე. ისტორიულად, კონფლიქტები მეზობელ სახელმწიფოებს შორის განსაზღვრავდა საქართველოს  მომავალს. ამიტომ, კონკურენტი ძალების ინტერესებს შორის დაბალანსების უნარი საქართველოს უსაფრთხოების გარანტიაა.

ჩინეთის ეკონომიკა ნელდება, რაც ჩინეთის ხელმძღვანელობას უბიძგებს მსოფლიოში უფრო აქტიური ეკონომიკური ექსპანსიისკენ. ჩინეთი ებრძვის მსოფლიო ბაზრის ფრაგმენტაციას და, ფაქტობრივად, ცდილობს შეანელოს დეგლობალიზაციის პროცესი. შესაბამისად, პროექტს ”ერთი სარტყელი, ერთი გზა” ჩინეთისთვის არა მხოლოდ ეკონომიკური, არამედ გეოპოლიტიკური მნიშვნელობაც აქვს.

დეგლობალიზაცია ასევე შემაშფოთებელია გლობალური ფინანსური ელიტებისთვის. მაგალითად, საერთაშორისო სავალუტო ფონდის (IMF) ვებსაიტმა გამოაქვეყნა ოქსფორდის უნივერსიტეტის ბლავატნიკის მართვის სკოლის დეკანის, ნაირი ვუდსის სტატია, რომელიც აკრიტიკებდა მსხვილ სახელმწიფოთა სურვილს, დაარღვიონ თავისუფალი ვაჭრობის წესები პოლიტიკური უთანხმოების გამო. ვუდსის თქმით: ”ძალათა გლობალური ბალანსი არასტაბილურია და არ არის ნათელი, თუ როგორ განვითარდება ურთიერთობა შეერთებულ შტატებსა და ჩინეთს შორის საბოლოოდ. მათი მეტოქეობა მძაფრდება. თუმცა, მათი გავლენა მსოფლიო ვაჭრობაზე მნიშვნელოვანია არა მხოლოდ მათი პოზიციებისთვის, არამედ ყველა ქვეყნის მომავლისთვის”.

ნაირი ვუდსი თვლის, რომ “განვითარებადი ქვეყნებისთვის, გაურკვევლობა მსოფლიო სავაჭრო სისტემის შესახებ ნიშნავს, რომ მათი უმეტესობა შეეცდება მოლაპარაკება მოახდინოს ვაჭრობაზე, ინვესტიციებზე, დახმარებაზე, იარაღის შესყიდვაზე და უსაფრთხოებაზე ერთდროულად რამდენიმე წყაროსთან”. https://www.imf.org/en/Publications/fandd/issues/2023/06/superpowers-are-forsaking-free-trade-ngaire-woods

ანალიტიკოს ნაირი ვუდსის კონცეფციაზე დაყრდნობით, მსოფლიოში უნდა ჩამოყალიბდეს ქვეყნების ბლოკი, რომელიც არ შეუერთდება არც დასავლურ და არც ჩინურ ბანაკს. როგორც დამოუკიდებელი ძალა, ისინი შეძლებენ გავლენა მოახდინონ ზესახელმწიფოების გადაწყვეტილებებზე, რომლებსაც სურთ კონკურენცია გაუწიონ ერთმანეთს სხვა ქვეყნების ინტერესების საზიანოდ.

სანამ საქართველო არ არის ევროკავშირის წევრი, ის იძულებულია ერთდროულად რამდენიმე საჭადრაკო დაფაზე ითამაშოს, სამხრეთ კავკასიის რეგიონში მთავარი მოთამაშეების ინტერესები დააბალანსოს. აშშ-სა და ჩინეთს შორის არსებული წინააღმდეგობები მომავალში, უდავოდ, იმოქმედებს საქართველოზე. ამჟამად ბიპოლარული სისტემა ჯერ არ არის ჩამოყალიბებული. ეს გარდამავალი ეტაპი საქართველოს აძლევს მანევრების საშუალებას. ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ჩინეთისთვის სამხრეთ კავკასიის გავლით სავაჭრო გზის მარშრუტი არ არის უმაღლესი პრიორიტეტი. ხოლო შეერთებული შტატები უფრო გლობალური პრობლემებით არის დაკავებული.

ავთანდილ წულაძე – პოლიტოლოგი, პოლიტოლოგიის დოქტორი