
“საქართველო – არაბთა გაერთიანებული საემიროების სტრატეგიული პარტნიორი განვითარებაში”- Gulf Times
„საქართველო – არაბთა გაერთიანებული საემიროების სტრატეგიული პარტნიორი განვითარებაში“, – ასეთი სათაური აქვს დუბაის საემიროს ინგლისურენოვან გაზეთ Gulf Times-ში („სპარსეთის ყურის ახალი ამბები“) გამოქვეყნებულ სარედაქციო სტატიას, რომელშიც გადმოცემულია საქართველოს თანამედროვე მდგომარეობა და მისი ეკონომიკური პერსპექტივა. აღსანიშნავია, რომ გაზეთის 15 ოქტომბრის ნომერში, 23 გვერდი (მე-17 – მე-40), ჩანართის სახით, მთლიანად საქართველოს ეთმობა.
გთავაზობთ პუბლიკაციას მცირე შემოკლებით:
საქართველო ცდილობს ახლებურად გაიაზროს თავისი როლი მსოფლიო ეკონომიკაში. ქვეყანა, რომელიც ლოჯისტიკის, ციფროვიზაციის და ინვესტიციის სწრაფად განვითარებადი ცენტრი ხდება, ერთმანეთთან აერთიანებს წარსულს და მომავალს, ასრულებს ხიდისა და კარის როლს აღმოსავლეთისა და დასავლეთის დასაკავშირებლად.
სავაჭრო გზების მარშრუტების ცვლილება და საერთაშორისო კავშირების გაღრმავება ხელს უწყობს და განსაზღვრავს ქვეყნის ევოლუციას, მაგრამ განვითარების რეალური იმპულსის წყაროს უფრო მეტად მისი შინაგანი დინამიკა წარმოადგენს: ორიენტირება რეფორმებზე, ერთგულება ინფრასტრუქტურის განვითარებისა და მისი მდგრადი ზრდის მიმართ, რომელიც რეგიონის საშუალო მაჩვენებელს ბევრად აღემატება. ეს ყველაფერი მიუთითებს იმას, რომ საქართველოს როგორც პერსპექტიული ინვესტირების ქვეყნის რეპუტაცია და ავტორიტეტი განუხრელად მტკიცდება.
ამჟამად, ოქტომბრის თვეში, საქართველოს სტრატეგიული ამბიციები სრულად იქნება დემონსტრირებული ორ მსხვილ საერთაშორისო ღონისძიებაზე:
პირველი – დუბაის მსოფლიო სავაჭრო ცენტრში მიმდინარეობს GITEX Global-ის გამოფენა, რომლის წამყვან მონაწილეს სწორედ საქართველო წარმოადგენს. გამოფენას კურირებს ქვეყნის ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო, რაც ხაზს უსვამს და ხელს უწყობს ქართული ეკონომიკის მზადყოფნას საერთაშორისო ინტეგრირებისათვის. გამოფენა რამდენიმე დღეა მიმდინარეობს და 17 ოქტომბრამდე გასტანს.
მეორე – 22-23 ოქტომბერს გაიმართება თბილისის მე-5 ფორუმი „აბრეშუმის გზა“ დევიზით „ინვესტიციების ურთიერთკავშირი – ზრდა სტაბილურობის პირობებში“. ღონისძიება, რომელიც ორ წელიწადში ერთხელ ტარდება, საერთაშორისო არენაზე საქართველოს საფლაგმანო პროგრამას წარმოადგენს და მსოფლიოს ქვეყნების მეთაურებს, მინისტრებსა და მსხვილი კომპანიების ხელმძღვანელებს აერთიანებს. ღონისძიების ფარგლებში ხდება საქართველოს ეკონომიკის – ლოჯისტიკის, ვაჭრობის, ენერგეტიკის, ციფროვიზების – პერსპექტივაზე მსჯელობა და მისი განხილვა. ეს ის დარგებია, რომლებთაც გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვთ საქართველოს მომავლისათვის „შუალედური დერეფნის“ ჩარჩოებში.
ამ ინიციატივებში არეკლილია არამარტო ქვეყნის მზარდი ავტორიტეტი, არამედ მისი მზადყოფნა განვითარებისათვის. საქართველოს ხელისუფლება ინვესტორებს სთავაზობს შესაძლებლობებს სხვადასხვა სექტორებში და რეგიონებში, რომელიც ეფუძნება დინამიურ ეკონომიკას და სტაბილურ საქმიან გარემოს. არაბთა გაერთიანებული საემიროების ინვესტორებს, რომლებიც გრძელვადიანი შესაძლებლობებით არიან დაინტერესებულნი, საქართველო მკაფიოდ მიანიშნებს: დადგა მოქმედების დრო.