
“სამწუხაროდ, დონალდ ტრამპი უკრაინასთან დაკავშირებით მართალია”-The Hill
აშშ-ის გაზეთ „ჰილში“ (The Hill) გამოქვეყნებულია სტატია სათაურით „სამწუხაროდ, დონალდ ტრამპი უკრაინასთან დაკავშირებით მართალია“ (ავტორი – ალან კუპერმანი, ტეხასის – ოსტინის – უნივერსიტეტის პროფესორი, ისტორიკოსი და კონფლიქტოლოგი). „ამჟამად უკრაინისათვის ნებისმიერი შეთანხმება უარესი იქნება იმ „მინსკის შეთანხმებებზე“, რომელიც ვოლოდიმირ ზელენსკიმ თავის დროზე უარყო, უზომო პოლიტიკური ამბიციებისა და აშშ-ის უსაზღვრო დახმარების მოლოდინის გამო“, – ნათქვამია პუბლიკაციაში.
გთავაზობთ სტატიას მცირე შემოკლებით:
მე იშვიათად ვეთანხმები პრეზიდენტ დონალდ ტრამპს, მაგრამ მისი ამასწინანდელი ძალიან გახმაურებული განცხადება უკრაინის შესახებ მთლიანობაში სწორია. აღშფოთების კორიანტელი კი იმან გამოიწვია, რომ უკრაინის საკითხში დასავლური საზოგადოება ათწლეულების განმავლობაში მკაცრ დიეტაზე ჰყავდათ და დეზინფორმაციით კვებავდნენ. მოვიდა დრო გავარკვიოთ სამი საკვანძო მომენტი, რომლებიც ნათელს ჰფენენ სიტუაციას – რატომ ეკისრებათ პასუხისმგებლობა ომის დაწყების გამო არამარტო ვლადიმერ პუტინს, არამედ ჯო ბაიდენს და თვითონ უკრაინის ხელმძღვანელობასაც.
პირველი – როგორც ამას წინათ თვით კიევის სასამართლომ დაადასტურა, სწორედ უკრაინელმა შეიარაღებულმა მემარჯვენე რადიკალებმა გააჩაღეს ძალადობა 2014 წელს, ქვეყნის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში, ყირიმის ჩათვლით. იმ დროს უკრაინის პრეზიდენტი იყო პრორუსი ვიქტორ იანუკოვიჩი, რომელმაც 2010 წლის არჩევნებში დემოკრატიულად გაიმარჯვა – იმიტომ, რომ იგი ქვეყნის სამხრეთ-აღმოსავლეთ რეგიონებში მცხოვრები რუსულენოვანი მოსახლეობის მხარდაჭერით სარგებლობდა. 2013 წელს მან გადაწყვიტა ეკონომიკური თანამშრომლობა რუსეთთან გაეღრმავებინა და არა ევროკავშირთან, როგორც ადრე იყო დაგეგმილი. ამის საპასუხოდ პროდასავლელმა აქტივისტებმა კიევის ცენტრალური მოედანი და რიგი სამთავრობო შენობები დაიკავეს, პრეზიდენტი იძულებული გახადეს მნიშვნელოვან დათმობებზე წასულიყო 2014 წლის თებერვალში.
პროტესტები უკვე თანდათანობით სუსტდებოდა, რაც მავანთ არ აწყობდათ. სწორედ ამ დროს კიევის მაღლივი შენობებიდან ულტრამემარჯვენე სამხედროებმა („ბოევიკებმა“) სროლა დაუწყეს მოედანზე ჯერ კიდევ დარჩენილ მომიტინგეებს და პოლიციელებს. პოლიციამ საპასუხო ცეცხლი გაუხსნა „ბოევიკებს“, რომლებმაც შემდეგ სიცრუე განაცხადეს, რომ უდანაშაულო მშვიდობიანი დემონსტრანტები თვითონ პოლიციელებმა დახოცესო. რასაკვირველია, მოსახლეობა ისევ აუმხედრდა მმართველ პარტიას, მთავრობას და პრეზიდენტს, მათ ხელისუფლება დაამხეს, ვიქტორ იანუკოვიჩმა თავს რუსეთში გაქცევით უშველა.
ვლადიმერ პუტინმა კი ყირიმის ტერიტორიაზე, სადაც რუსეთის მსხვილი სამხედრო ბაზები იყვნენ დისლოცირებულნი, ჯარები ქუჩაში გამოიყვანა (მათ პატრულირება დაიწყეს) და იარაღი მიაწოდა დონბასის რუსულენოვან მოსახლეობას, რომლებმაც გადაწყვიტეს, რომ მათ მიერ არჩეული პრეზიდენტი იანუკოვიჩი არადემოკრატიული გზით დაამხეს. რასაკვირველია, ეს ისტორია რუსეთის ჩარევას არ ამართლებს, მაგრამ ამით ახსნილია, თუ რატომ არ შეიძლება მას „არაპროვოცირებული“ ვუწოდოთ.
მეორე – უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკი ესკალაციაზე წავიდა კონფლიქტი გააღრმავა, დაარღვია რუსეთთან დადებული სამშვიდობო შეთანხმებები, დასავლეთთან სამხედრო თანამშრომლობა გააფართოვა და ნატოს წევრობა ოფიციალურად მოითხოვა. ჯერ კიდევ პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოს დროს, 2015 წელს, დაიდო ცნობილი „მინსკის შეთანხმებები“, რათა ქვეყნის სამხრეთ-აღმოსავლეთში (დონბასში) ადგილობრივ რუსულენოვან მოსახლეობას და უკრაინის მთავრობას შორის მიმდინარე დაპირისპირება ჩამქრალიყო და საომარი მოქმედებები დასრულებულიყო. „მინსკის შეთანხმებებით“ უკრაინა ვალდებულობდა დონბასისათვის შეზღუდული პოლიტიკური ავტონომია მიეცა. ვლადიმერ პუტინის აზრით, ეს სრულიად საკმარისი იქნებოდა, რომ რომ უკრაინა ვეღარ გახდებოდა ნატოს წევრი. სამწუხაროდ, ზოგიერთი პოზიტივის მიუხედავად, უკრაინის ხელისუფლებას „მინსკის შეთანხმებების“ ძირითადი მოთხოვნები არ შეუსრულებია.
პრეზიდენტის საარჩევნო კამპანიის მსვლელობაში ვოლოდიმირ ზელენსკი პირობას დებდა, რომ შეთანხმებების პირობებს შეასრულებდა და სისხლის ღვრას თავიდან აიცილებდა, თუმცა არჩევნებში გამარჯვების შემდეგ მან უარი თქვა თავის პირობაზე. იქმნებოდა ისეთი შთაბეჭდილება, რომ არა იმდენად ომის რისკი აღელვებდა, არამედ ის, რომ რუსეთი მას სუსტად ჩათვლიდა. ვოლოდიმირ ზელენსკიმ დაიწყო ნატოს ქვეყნებიდან იარაღის იმპორტის ზრდა, რაც ვლადიმერ პუტინის „მოთმინების ფიალისათვის“ ბოლო წვეთი აღმოჩნდა. ამის შემდეგ 2022 წლის თებერვალში რუსეთმა დონბასის „დამოუკიდებლობა“ აღიარა და მის ტერიტორიაზე ჯარები განათავსა „მშვიდობის დასაცავად’ და კიევს მოსთხოვა უარი ეთქვა დასავლეთისაგან იარაღის შესყიდვასა და ნატოს წევრობისაკენ სწრაფვაში.
როცა ვოლოდიმირ ზელენსკი მორიგი უარი თქვა, ვლადიმერ პუტინმა თავისი სამხედრო ოპერაცია მკვეთრად გააფართოვა და 24 თებერვალს უკრაინაში შეიჭრა. ასე რომ, შეგნებულად თუ შეუგნებლად, ნებით თუ უნებლიედ, მაგრამ სწორედ ვოლოდიმირ ზელენსკიმ მოახდინა რუსეთის პროვოცირება, თუმცა, რა თქმა უნდა, ხაზს ვუსვამ, რომ ეს არ ამართლებს მოსკოვის მიერ ჩადენილ სამხედრო დანაშაულებს.
მესამე – გადამწყვეტი წვლილი სიტუაციის ესკალაციაში და საომარი მოქმედებების გაგრძელებაში შეიტანა ჯო ბაიდენმაც: 2021 წლის ბოლოს, როცა ვლადიმერ პუტინმა უკრაინის საზღვრებთან ჯარების თავმოყრა ის-ის იყო დაიწყო და მინსკის შეთანხმებების შესრულება მოითხოვა, აშკარა გახდა, რომ იმ შემთხვევაში, თუ ვოლოდიმირ ზელენსკი არ დათანხმდებოდა, რუსეთი თავის ჯარებს შეიყვანდა და დონბასსა და ყირიმს შორის არსებულ სახმელეთო დერეფანს დაიკავებდა.
იმდენად, რამდენადაც უკრაინა პირდაპირ იყო დამოკიდებული ამერიკული იარაღის მიწოდებაზე, ჯო ბაიდენს რომ ეთქვა ზელენსკისათვის, დათანხმდი კრემლის მოთხოვნაზეო, კიევი აუცილებლად შეისმენდა თეთრი სახლის ნათქვამს. ამის ნაცვლად ჯო ბაიდენმა, დიდად სამწუხაროდ, გადაწყვეტილების მიღება ვოლოდიმირ ზელენსკის მიანდო და უფრო მეტიც – დაჰპირდა, რომ რუსეთის შეჭრის შემთხვევაში ვაშინგტონი მოსკოვს „სწრაფად და გადამწყვეტად“ უპასუხებდა. ზელენსკიმ ეს პოზიტიურ სიგნალად ჩათვალა და გაბედა მოსკოვის გამოწვევა.
ახლა კარგად ვხვდები – დონალდ ტრამპი რომ იმ დროს აშშ-ის პრეზიდენტი ყოფილიყო ჯო ბაიდენის ნაცვლად, იგი ვოლოდიმირ ზელენსკის ასეთ კარტ-ბლანშს არ მისცემდა. ზელენსკი იძულებული გახდებოდა მინსკის შეთანხმებების რეალიზება დაეწყო და ამით საომარი მოქმედებების დაწყებას თავიდან აიცილებდა. და თუ ზელენსკი მაინც უარს იტყოდა და ამით რუსეთის ჯარების შეჭრის პროვოცირებას მოახდენდა, დონალდ ტრამპი, ჯო ბაიდენისაგან განსხვავებით, უაზროდ არ მისცემდა მას ვეტოს უფლებას სამშვიდობო მოლაპარაკებაზე და არ დაიწყებდა განცხადებების გაკეთებას – „არაფერი თქვათ უკრაინაზე უკრაინის გარეშე“.
აშშ-ის მიერ მიცემულმა დაპირებამ უკრაინას ტრაგიკული ნაბიჯის გადადგმისაკენ უბიძგა – კიევს, დასავლეთისაგან და განსაკუთრებით, ამერიკისაგან სამხედრო დახმარების მიღების იმედით [რაშიც დიდი წვლილი შეიტანა ბრიტანელმა პრემიერმა ბორის ჯონსონმაც], გაბედულება მიეცა და ომის გაგრძელება გადაწყვიტა. თავის მხრივ, ჯო ბაიდენმა მას სამყოფი სამხედრო დახმარება არ გაუწია, ბირთვული ესკალაციის შიშით. მოკლედ, აშშ-ის პრეზიდენტმა უკრაინელ კოლეგას ცრუ იმედები ჩაუნერგა და ამით კონფლიქტი გაჭიანურდა. ამჟამად ასეულ ათასობით დაღუპულია და თითქმის მილიონამდე დაჭრილი ორივე მხარეს, ფრონტის ხაზმა კი უკრაინის სიღრმეში გადაიწია. უკრაინის ეკონომიკა დანგრეულია, ინფრასტრუქტურა კი მოშლილი, მილიონობით ადამიანი საზღვარგარეთაა გაქცეული ლტოლვილის სახით…
მომავალი სამშვიდობო შეთანხმების კონტურები უკვე აშკარად მოჩანს, რასაც დონალდ ტრამპისა და ვლადიმერ პუტინის სატელეფონო საუბრებიც ადასტურებს: რუსეთი შეინარჩუნებს ყირიმს და უკრაინის სამხრეთ-აღმოსავლეთ რეგიონებს (დონბასს, ტავრიას და აზოვის პირეთს), უკრაინის დანარჩენი ნაწილი ნატოს შემადგენლობაში არ გაწევრიანდება, თუმცა, როგორც ჩანს, დასავლეთის ქვეყნებისაგან უსაფრთხოების გარკვეულ გარანტიებს მიიღებს.
სამწუხაროა, რომ ასეთი გეგმა შეიძლებოდა ჯერ კიდევ ორი წლის წინ რეალიზებულიყო – ერთადერთი რამ იყო საჭირო ამისათვის: პრეზიდენტ ჯო ბაიდენს უნდა ეთქვა ზელენსკისთვის, რომ თუ მას აშშ-ის მხარდაჭერა სურდა, მაშინ უნდა დათანხმებულიყო ცეცხლის შეწყვეტაზე.
კიდევ უფრო სამწუხაროა ის გარემოება, რომ ნებისმიერი სამშვიდობო დარეგულირება უკრაინისათვის მინსკის შეთანხმებებზე უფრო უარესი იქნება – იმ შეთანხმებებზე, რომლებიც ვოლოდიმირ ზელენსკიმ წინდაუხედავად უარყო უზომო პოლიტიკური ამბიციებისა და აშშ-ის უსაზღვრო დახმარების გულუბრყვილო მოლოდინის გამო.
მოამზადა სიმოინ კილაძემ