1. Home
  2. TOP სიახლე
  3. სამარყანდის სამიტით რეგიონული თანამშრომლობის ახალი ეტაპი იწყება – ჭოუ ციენი-ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ელჩი საქართველოში
სამარყანდის სამიტით რეგიონული თანამშრომლობის  ახალი ეტაპი იწყება –  ჭოუ ციენი-ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ელჩი საქართველოში

სამარყანდის სამიტით რეგიონული თანამშრომლობის ახალი ეტაპი იწყება – ჭოუ ციენი-ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ელჩი საქართველოში

349
0

“სამარყანდის სამიტით რეგიონული თანამშრომლობის  ახალი ეტაპი იწყება”- ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ელჩი საქართველოში – ჭოუ ციენი,    სტატიას აქვეყნებს, რომელსაც,   gttv.ge  უცვლელად გთავაზობთ:

“დღეს არასტაბილური ვითარებაა მსოფლიოში. უკრაინაში დაძაბულობის განმუხტვა ჯერ არ არის მოსალოდნელი. ასეთ არამდგრად სიტუაციაში მსოფლიოში მშვიდობისა და განვითარების შენარჩუნება და რეგიონული „ცხელი“ საკითხების მოგვარება ყველა ქვეყნის ინტერესის საგანია. პრეზიდენტმა სი ძინფინგმა სამარყანდში გამართულ შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის (შთო) სახელმწიფო მეთაურთა საბჭოს 22-ე სხდომაზე ამ შეკითხვებს უპასუხა.

 

პრეზიდენტმა სი ძინფიგმა შთო-ს წარმატებული გამოცდილება შეაჯამა. მან ხაზი გაუსვა პოლიტიკური ნდობის, ურთიერთსარგებლიანი თანამშრომლობის, თანასწორობის, გახსნილობისა და ინკლუზიურობის, სამართლიანობის შენარჩუნების მნიშვნელობას. მან აღნიშნა, რომ ეს „ხუთი პუნქტი“ შანხაის სულისკვეთებას გამოხატავს. ეს არის ორგანიზაციის მამოძრავებელი ძალა და ამ პუნქტების არსებითად შესრულება უმნიშვნელოვანესია. შთო-ს სამომავლო განვითარებასთან დაკავშირებით, პრეზიდენტმა სი ძინფიგმა აღნიშნა, რომ ახალი პირობების გათვალისწინებით, ორგანიზაციამ, როგორც მნიშვნელოვანმა კონსტრუქციულმა ძალამ საერთაშორისო და რეგიონულ საქმეებში, ცვალებად საერთაშორისო ვითარებას თვალი უნდა გაუსწოროს, ეპოქის მაჯისცემას არ ჩამორჩეს, გააძლიეროს სტრატეგიული დამოუკიდებლობა და თანამშრომლობა, ხელი შეუწყოს უფრო მჭიდრო და „საერთო მომავლის მქონე“ შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის შექმნას. ამ მიზნით, პრეზიდენტმა სი ძინფიგნმა ხუთი რეკომენდაცია წამოაყენა. მან ხაზი გაუსვა ურთიერთმხარდაჭერის, უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის, საქმიანი თანამშრომლობის, ხალხთაშორისი კავშირების და მულტილატერალიზმის გაძლიერების აუცილებლობას. ეს რეკომენდაციები შეესაბამება წევრი სახელმწიფოების საერთო მისწრაფებას, რაც გულისხმობს ერთობის, სტაბილურობისა და განვითარების მიღწევას. ისინი შთო-ს განვითარების კურსსა და თანამშრომლობის ახალ პერსპექტივებს განსაზღვრავს.  

 

პრეზიდენტ სი ძინფინგისა და მონაწილე ქვეყნების ლიდერების ერთობლივი ძალისხმევით, სამარყანდის სამიტზე 40-ზე მეტი დოკუმენტი იქნა მიღებული, რომლებიც ეკონომიკას, ფინანსებს, მეცნიერებას, ტექნოლოგიებს, კულტურულ კავშირებს, ინსტიტუციების გაძლიერებას, საგარეო ურთიერთობებსა და სხვა მიმართულებებს ეხება. განსაკუთრებით აღსანიშნავია, რომ ჩინური მხარის ხელშეწყობით, წევრი ქვეყნების მეთაურებმა ოთხი მნიშვნელოვანი დეკლარაცია მიიღეს საერთაშორისო ენერგეტიკული უსაფრთხოების შენარჩუნების, საერთაშორისო სასურსათო უსაფრთხოების შენარჩუნების, კლიმატის ცვლილების და მიწოდების ჯაჭვების უსაფრთხოების, სტაბილურობისა და დივერსიფიკაციის შესახებ. გარდა ამისა, ჩინურმა მხარემ განაცხადა, რომ შეიქმნება ჩინეთ-შთოს ანტიტერორისტული პროფესიული სასწავლო ბაზა, სამრეწველო და მიწოდების ჯაჭვების ფორუმი, დიდი მონაცემების თანამშრომლობის ცენტრი, ხოლო გადაუდებელი საჭიროების მქონე განვითარებადი ქვეყნებისთვის ჰუმანიტარული დახმარების სახით გამოიყოფა 1.5 მილიარდი იუენის ოდენობის სურსათი. ეს პრაქტიკული ქმედებები სხვადასხვა ქვეყნის საჭიროებებს აკმაყოფილებს, რაც აჩვენებს, რომ ჩინეთი არა მხოლოდ გლობალური განვითარების და გლობალური უსაფრთხოების ინიციატივების წამომწყები, არამედ მათი აქტიური შემსრულებელიცაა.

 

სამიტის პარალელურად, პრეზიდენტმა სი ძინფინგმა ყაზახეთსა და უზბეკეთში ოფიციალური ვიზიტი განახორციელა და სამარყანდის სამიტში მონაწილე 10 ქვეყნის მეთაურებთან ორმხრივი შეხვედრები გამართა, მათ შორის იყვნენ საქართველოს მეზობელი ქვეყნების, აზერბაიჯანისა და თურქეთის ლიდერები.

 

ამ სამიტზე შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის გაფართოების ახალი ეტაპი დაიწყო. მხარეთა ერთობლივი გადაწყვეტილებით, ორგანიზაციაში ოფიციალურად გაწევრიანდა ირანი, ხოლო ბელორუსის გაწევრიანების პროცედურა დაიწყო. ეგვიპტე, საუდის არაბეთი და ყატარი გახდნენ ორგანიზაციის ახალი პარტნიორი ქვეყნები. ამასთან, გადაწყდა, რომ ბაჰრეინი, მალდივები, არაბთა გაერთიანებული საამიროები, ქუვეითი და მიანმარი მომავალში ასევე გახდებიან პარტნიორი ქვეყნები. ამის შედეგად, შთო-ს, როგორც მსოფლიოში ყველაზე ხალხმრავალი და ყველაზე ფართო რეგიონალური თანამშრომლობის ორგანიზაციის პოზიცია და გავლენა გაიზარდა.

 

რამდენიმე დღის წინ, პრემიერ მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა გაეროს 77-ე სესიაზე სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, რომ „უსაფრთხოებას მოაქვს სტაბილურობა, სტაბილურობას კი – პროგნოზირებადობა. მდგრადი ეკონომიკური განვითარების გადამწყვეტი წინაპირობაა პროგნოზირებადობა“. ეს კარგად შეესაბამება სამარყანდის სამიტზე მხარეთა მიერ მიღწეულ თანამშრომლობის კონსენსუსს და ერთობის, სტაბილურობისა და განვითარების თაობაზე მათ საერთო მისწრაფებას. რთული ვითარების ფონზე, „შანხაის სულისკვეთების“ სიცოცხლისუნარიანობა, თანმიმდევრულობა და მიზიდულობა კარგად გამოჩნდა.

 

სამარყანდში პრეზიდენტმა სი ძინფინგმა აღნიშნა, რომ უნდა განხორციელდეს „სარტყლისა და გზის“ ინიციატივის თითოეული ქვეყნის განვითარების სტრატეგიებთან და რეგიონული თანამშრომლობის ინიციატივებთან შესაბამისობა. მან მხარეებს მრავალმხრივი და სუბრეგიონალური თანამშრომლობის გაფართოებისკენ მოუწოდა. გეოგრაფიულად, საქართველო შთო-ს ახლო მეზობელია. ამასთან, იგი „სარტყლისა და გზის“ ინიციატივის მნიშვნელოვანი პარტნიორია. ჩვენ მზად ვართ, გამოვიყენოთ ეს ხელსაყრელი ფაქტორები ორ ქვეყანას შორის ნდობისა და მეგობრობის განსამტკიცებლად, „სარტყლისა და გზის“, ეკონომიკის, ვაჭრობის, კულტურის, მეცნიერების, განათლების და სხვა სფეროებში თანამშრომლობის გასაღრმავებლად”, – წერს ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ელჩი საქართველოში – ჭოუ ციენი.