1. Home
  2. TOP სიახლე
  3. სალომე ზურაბიშვილი პრეზიდენტი აღარ არის, ნაცზე უფრო ნაცია – მდინარაძე
სალომე ზურაბიშვილი პრეზიდენტი აღარ არის, ნაცზე უფრო ნაცია – მდინარაძე

სალომე ზურაბიშვილი პრეზიდენტი აღარ არის, ნაცზე უფრო ნაცია – მდინარაძე

325
0

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერ მამუკა მდინარაძის განცხადებით, სალომე ზურაბიშვილი არა პრეზიდენტი, არამედ ჩვეულებრივი რადიკალი ოპოზიციონერია.

მდინარაძის თქმით, ზურაბიშვილი გაცილებით რადიკალურ განცხადებებს აკეთებს, ვიდრე „ნაცმოძრაობის“ წარმომადგენლებიც კი. მამუკა მდინარაძე ამბობს, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებმა ახლა კონსტრუქციული ოპოზიციის როლი მოირგეს, ვინაიდან ახლო მომავალში კვლევა აქვთ ჩასატარებელი.

„პრეზიდენტი აღარ არის, ის არის ერთი ჩვეულებრივი რადიკალი ოპოზიციონერი და მასაც თავისი როლი აქვს. მან ილაპარაკა უფრო რადიკალურად და უფრო ცუდად, ვიდრე „ნაცმოძრაობის“ წარმომადგებლებიც კი ლაპარაკობდნენ. ახლა მათ კონსტრუქციულის როლი მოირგეს, ერთ თვეში კვლევა აქვთ ჩასატარებელი. სალომე ზურაბიშვილი გაცილებით რადიკალია, ვიდრე „ნაცები“ არიან. „ნაცზე“ უფრო „ნაცი“ სალომე ზურაბიშვილი მოგვევლინა. დაახლოებით იმ როლშია, რა როლიც დაავალეს „ლელოს“ და გახარიას“, – აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.

ამასთან, მამუკა მდინარაძეს კითხვა დაუსვეს, როგორ შეაფასებდა იმას, რომ სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრაზე პარტია „საქართველოსთვის“ წარმომადგენლები არ მიდიან.

„გიორგი გახარიას ყველა მესიჯი ერთი ქუდის ქვეშ იქნება – გახარიას მიმართ დავალებაა, რომ რადიკალური პოზიციებით „ქართულ ოცნებას“ წაართვას ხმა და შეამციროს მმართველი პარტიის რეიტინგი, სამი პროცენტი მოაკლოს. მისი გუნდის წევრები მომავალში რაიმეს თუ იტყვიან, გამორიცხეთ, ამ მიზანს ასცდეს. ამბობენ, სააკაშვილი რატომ გიზით ასეთ კომფორტულ პირობებშიო. ანუ, სააკაშვილზე ჩვენზე უფრო გაბრაზებული არიან? რატომ ცდილობთ მათთან კოჰაბიტაციასო და თავად ოთხ საკრებულოში კოალიცია შექმნეს. მათი ყველა მესიჯის მთავარი მიზანი იქნება, ჩვენზე ვითომ განაწყენებული ადამიანების ჯგუფი მიიმხრონ და უთხრან, ესენი იმ მიზნებს ასცდნენ, რასაც ჭეშმარიტი „ქართული ოცნება“ ისახავდა და აგერ ვართ უფრო რადიკალურებიო. ეს დავალება აქვთ, ამ როლს ასრულებენ და ზურაბიშვილსაც ამ როლიდან გამომდინარე არ ხვდებიან“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.