საკონსტიტუციოში არასდროს მიმიღია გადაწყვეტილება პარტიული სიმპათიებით -ირინა იმერლიშვილი
საკონსტიტუციოში არასდროს მიმიღია გადაწყვეტილება პარტიული სიმპათიებით -ასე ეხმაურება სოციალურ ქსელში საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლე, ირინე იმერლიშვილი საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას, განსახილველად არ მიიღოს პრეზიდენტისა და ოპოზიციის მიერ შეტანილი სარჩელები 26 ოქტომბრის არჩევნების კონსტიტუციურობის შესახებ.
ამის შესახებ საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლე ირინა იმერლიშვილი საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის მიერ გამოქვეყნებულ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში წერს.
„საქართველო ევროპაა! ევროპული ღირებულებები, უპირველესად, განსხვავებული აზრის პატივისცემაა. ქართველები ემოციურები ვართ, ცხელ გულზე გვჩვევია დასკვნების გამოტანა, რაც მოსამართლეობისას არაერთხელ მაქვს პირადად გამოცდილი.
პრეზიდენტის იმპიჩმენტს როდესაც არ დავეთანხმე, მაშინ მომნათლეს „ნაციონალების“ მომხრე მოსამართლედ; როდესაც უგულავას სარჩელი არ დავაკმაყოფილეთ, მაშინ „ოცნების“ მომხრედ გამომაცხადეს; მელიას ან/და „რუსთავი 2“-ის სარჩელზე განსხვავებულ აზრზე დარჩენის შემდგომაც „ნაციონალი“ ვიყავი. უსასრულოდ შეიძლება საქმეების ჩამოთვლა… ახლა, როდესაც არჩევნების მომწესრიგებელი ნორმების წარმოებაში მიღების კანონისმიერი საფუძვლის არარსებობაში დავეთანხმე მოსამართლეთა უმრავლესობის სამართლებრივ არგუმენტებს, ვიხელმძღვანელე მხოლოდ კანონმდებლობის შესაბამისად. მოსამართლე ნებისმიერ დროსა და შემთხვევაში, ყოველთვის უნდა დარჩეს მიუკერძოებელი. საკონსტიტუციო სასამართლოში ყოფნისას არასდროს მიმიღია გადაწყვეტილება პირადი ან პარტიული სიმპატიებით, რისი დასტურიცაა ჩემ მიერ მიღებული უამრავი გადაწყვეტილება.
ვერთგულებ მხოლოდ მოსამართლის ფიცს.
მჯერა, საქართველო აუცილებლად გახდება ევროპული ოჯახის სრულფასოვანი წევრი! ჩვენ კი, საქართველოს თითოეული მოქალაქე, პასუხისმგებლობით მოვეკიდებით ჩვენთვის დაკისრებულ მოვალეობებს და ჩვენი უფლემოსილების ფარგლებში ვიმოქმედებთ ევროპის კავშირსა და ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციაში საქართველოს სრული ინტეგრაციის უზრუნველსაყოფად“, – წერს ირინა იმერლიშვილი.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილისა და ოპოზიციის 30 წარმომადგენლის სარჩელები, რომლებიც 26 ოქტომბრის არჩევნების არაკონსტიტუციურად ცნობას უკავშირდებოდა, წარმოებაში არ მიიღო. შესაბამისი გადაწყვეტილება საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმმა დღეს გამოაქვეყნა.
გადაწყვეტილებას მხარი დაუჭირეს შემდეგმა მოსამართლეებმა: მერაბ ტურავამ, ევა გოცირიძემ, გიორგი თევდორაშვილმა, ირინა იმერლიშვილმა, ხვიჩა კიკილაშვილმა, მანანა კობახიძემ, ვასილ როინიშვილმა.
გარდა ამისა, საკონსტიტუციო სასამართლოს ინფორმაციით, განჩინებას დაერთვება მოსამართლეების – გიორგი კვერენჩხილაძისა და თეიმურაზ ტუღუშის განსხვავებული მოსაზრებები.