
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა კონტრტერორისტული ოპერაციების ფარგლებში ქვეყნის მასშტაბით ერთდროულად რამდენიმე სპეციალური ოპერაცია ჩაატარა
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ კონტრტერორისტული ოპერაციების ფარგლებში მიმდინარე ოპერატიული საქმიანობისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ქვეყნის მასშტაბით ერთდროულად რამდენიმე სპეციალური ოპერაცია ჩატარდა.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ცნობით, გატარებული ღონისძიებების შედეგად დაკავებულა საქართველოს ორი მოქალაქე, რომელთა საცხოვრებელი სახლებიდან ამოღებულია გამოძიებისთვის მნიშვნელოვანი მტკიცებულებები, მათ შორის, საბრძოლო მასალა, სხვადასხვა სახის ელექტრონული მოწყობილობა, ფულადი თანხა და სხვა მნიშვნელოვანი ნივთები.
„დაკავებული პირების საცხოვრებელი სახლებიდან ასევე ამოღებულია საერთაშორისო ტერორისტულ ორგანიზაციასთან შესაძლო კავშირის დამადასტურებელი სხვადასხვა მტკიცებულება. გამოძიება საქართველოს სსკ-ის 328-ე მუხლით, უცხო ქვეყნის ტერორისტულ ორგანიზაციაში გაერთიანებისა და ტერორისტულ საქმიანობაში დახმარების ფაქტზე მიმდინარეობს. გამოძიებას აწარმოებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტული ცენტრი“, – ნათქვამია სუს-ის განცხადებაში.