1. Home
  2. TOP სიახლე
  3. საგადასახადო ცვლილებები იძლევა საშუალებას, მოვიზიდოთ მეტი კაპიტალი, მეტი ინვესტიცია, მეტი ქონება და ვიყოთ მიმზიდველი ინვესტორებისთვის – ლევან დავითაშვილი
საგადასახადო ცვლილებები იძლევა საშუალებას, მოვიზიდოთ მეტი კაპიტალი, მეტი ინვესტიცია, მეტი ქონება და ვიყოთ მიმზიდველი ინვესტორებისთვის – ლევან დავითაშვილი

საგადასახადო ცვლილებები იძლევა საშუალებას, მოვიზიდოთ მეტი კაპიტალი, მეტი ინვესტიცია, მეტი ქონება და ვიყოთ მიმზიდველი ინვესტორებისთვის – ლევან დავითაშვილი

63
0

კანონი იძლევა საშუალებას, რომ ჩვენ ქვეყანაში მოვიზიდოთ უფრო მეტი კაპიტალი, მეტი ინვესტიცია, ასევე მეტი ქონება და საქართველო იყოს მიმზიდველი საინვესტიციო დანიშნულების ქვეყანა ინვესტორებისთვის – ამ შემთხვევაში არის მყარი ლოგიკა და მოტივაციები, რომლებიც არის ჩვენი ქვეყნის ინტერესებში, – ამის შესახებ საქართველოს ვიცე- პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა “საგადასახადო კოდექსში” ცვლილებებთან დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

დავითაშვილის განმარტებით, ხელისუფლებას აქამდეც არაერთხელ მიუღია ისეთი ტიპის გადაწყვეტილებები, რომლებიც საგადასახადო შეღავათებს გულისხმობდა ამა თუ იმ მიმართულების წასახალისებლად.

„ეს არის სახელმწიფოს ეკონომიკური პოლიტიკა, რომელსაც ქვეყანა, ვფიქრობ, რომ წარმატებით ახორციელებს. წინა წლებში ჩვენ საგადასახადო ლიბერალიზაცია მოვახდინეთ ამა თუ იმ მიმართულებით, იმისთვის, რომ ჩვენი საინვესტიციო გარემო ყოფილიყო კიდევ უფრო მიმზიდველი. დღეს, ვფიქრობ, რომ ეს აბსოლუტურად ადეკვატური კანონია, იქიდან გამომდინარე, რომ ზოგადად, მსოფლიოში ასეთი ტენდენციებია- ნაკლებია ნდობა შეღავათიანი საგადასახადო რეჟიმის ქვეყნების მიმართ. აქედან გამომდინარე, ვფიქრობ, რომ კარგი შესაძლებლობებისა, რომ ჩვენ ამ პირობებში მოვიზიდოთ ახალი დამატებითი ინვესტიციები და კაპიტალი ქვეყანაში. ერთი მხრივ, ჩვენ ვსვამთ ხოლმე კითხვას, როგორ გადავაქციოთ ქვეყანა საინვესტიციოდ მიმზიდველად, როგორ იყოს საქართველო საფინანსო ცენტრი, ჰაბი და ამ კუთხით, ვფიქრობ, რომ ეს საკანონმდებლო ინიციატივა აბსოლუტურად თანხვედრაშია იმ მიზანთან, რომელსაც ჩვენ ვაცხადებთ, რომ ქვეყანაში მეტი კაპიტალი და მეტი ინვესტიციები შემოვიდეს. ასევე, ჩვენ ვფიქრობთ, რომ გვექნება მთავრობის გუნდში ახალი საგადასახადო შეღავათების ინიციატივები. რა თქმა უნდა, ამაზე ეკონომიკური გუნდი იმსჯელებს და მერე შეიძლება საკანონმდებლო ინიციატივებში გადაიზარდოს, რომელიც ეხება მოსახლეობის სხვადასხვა ჯგუფს და ფართო მასებს. ასე რომ, ეს არ არის რაიმე განსაკუთრებული, ამ შემთხვევაში არის მყარი ლოგიკა და მოტივაციები, რომლებიც არის ჩვენი ქვეყნის ინტერესებში, პირველ რიგში“,- განაცხადა დავითაშვილმა.

კითხვაზე, მიაყენებს თუ არა ეს ცვლილებები საქართველოს რეპუტაციულ ზიანს, დავითაშვილის თქმით, ეს გამორიცხულია.

„ჩვენ გვაქვს საკმაოდ კარგად აწყობილი საფინანსო სისტემა, რომელიც სრულად თანხვედრაშია საერთაშორისო საუკეთესო პრაქტიკის მოთხოვნებთან და პრინციპებთან, რაც გამორიცხავს იმას რომ, საქართველოს რაიმე კუთხით შეეხოს რეპუტაციულად ზიანი ან რაიმე კუთხით დაისვას გამჭვირვალობასთან დაკავშირებით კითხვები“,- განაცხადა დავითაშვილმა.