საერთაშორისო გამოწვევების წინაშე ვდგავართ, მათ შორისაა ომი უკრაინაში და კრიზისი ახლო აღმოსავლეთში -დევიდ კემერონი
დევიდ კამერონმა ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტზე მის დანიშვნას ეხმაურება და აცხადებს, რომ მისთვის პრიორიტეტული მოკავშირეების მხარდაჭერა და პარტნიორობის გაძლიერება იქნება.
„პრემიერ-მინისტრმა მთხოვა, ვიყო მისი საგარეო საქმეთა მინისტრი და სიამოვნებით დავთანხმდი. ჩვენ საერთაშორისო გამოწვევების წინაშე ვდგავართ, მათ შორისაა ომი უკრაინაში და კრიზისი ახლო აღმოსავლეთში. ამ ღრმა გლობალური ცვლილებების დროს, ამ ქვეყნისთვის იშვიათად ყოფილა უფრო მნიშვნელოვანი ჩვენი მოკავშირეების გვერდით დგომა, ჩვენი პარტნიორობის გაძლიერება და იმის უზრუნველყოფა, რომ ჩვენი ხმა გაიგონ“, – წერს კამერონი სოციალურ ქსელში.
მისი თქმით, იმედი აქვს, რომ „კონსერვატიული პარტიის“ ლიდერად ყოფნის თერთმეტწლიანი და პრემიერ-მინისტრის პოსტზე ყოფნის ექვსწლიანი გამოცდილება საშუალებას მისცემს, ქვეყნის პრემიერ-მინისტრს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი გამოწვევების დაძლევაში დაეხმაროს.
„სტაბილურობისა და უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად გლობალურ არენაზე მუშაობა, ჩვენი ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე, არსებითია. საერთაშორისო უსაფრთხოება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ჩვენი შიდა უსაფრთხოებისთვის. მიუხედავად იმისა, რომ შესაძლოა არ ვეთანხმები ზოგიერთ ინდივიდუალურ გადაწყვეტილებას, ჩემთვის ნათელია, რომ რიში სუნაკი არის ძლიერი და უნარიანი პრემიერ მინისტრი, რომელიც რთულ დროს სამაგალითო ლიდერობას ავლენს. მსურს, დავეხმარო მას უსაფრთხოებისა და კეთილდღეობის უზრუნველყოფაში, რომელიც ჩვენს ქვეყანას სჭირდება და იმაში, რომ იყოს ყველაზე ძლიერი გუნდის ნაწილი, რომელიც ემსახურება გაერთიანებულ სამეფოს“, – აღნიშნა კამერონმა.