1. Home
  2. TOP სიახლე
  3. “სად არის სერგეი ლავროვი? ვრცელდება ხმები რუსეთის მთავარი დიპლომატის ბედთან დაკავშირებით: ლავროვს და პუტინს კონფლიქტი მოუვიდათ?”-The Daily Telegraph
“სად არის სერგეი ლავროვი? ვრცელდება ხმები რუსეთის მთავარი დიპლომატის ბედთან დაკავშირებით: ლავროვს და პუტინს კონფლიქტი მოუვიდათ?”-The Daily Telegraph

“სად არის სერგეი ლავროვი? ვრცელდება ხმები რუსეთის მთავარი დიპლომატის ბედთან დაკავშირებით: ლავროვს და პუტინს კონფლიქტი მოუვიდათ?”-The Daily Telegraph

251
0

ბოლო დღეებში დასავლურ პრესაში გამოქვეყნდა სტატიები, რომლებშიც, ერთი მხრივ, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის თანამდებობიდან გათავისუფლებასა თუ გადადგომაზეა ლაპარაკი, მეორე მხრივ კი – დროებით დასვენებაზე გადაღლილობის გამო. ასევე გავრცელდა ხმები, რომ ქვეყნის მთავარი დიპლომატი პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა „დასაჯა“ და „ჩუმად თავიდან მოიშორა“ – როგორც ამბობენ, „ბუდაპეშტის სამიტის ჩაშლის გამო“: სერგეი ლავროვი თავის ამერიკელ კოლეგას მარკო რუბიოს ტელეფონით ისე უხეშად და აგრესიულად ელაპარაკა უკრაინის ომთან დაკავშირებით, რომ რუბიომ ყველაფერი დონალდ ტრამპს უთხრა… ტრამპმა კი ბუდაპეშტში წასვლაზე უარი განაცხადაო.

შესაძლოა, არაფერი მნიშვნელოვანი არ მომხდარა. შესაძლოა სერგეი ლავროვი, როგორც ზოგიერთი რუსი მაღალჩინოსანი ამბობს, მართლაც გადაიღალა დაძაბული სამუშაოსაგან და დროებით ისვენებს, მაგრამ მაინც საინტერესოა გავეცნოთ დასავლური პრესის მასალების ხასიათს, ტონს და მათში გამოხატულ პოზიციებს რუსეთის დიპლომატიისა და ქვეყნის მთავარი დიპლომატის მიმართ.

გთავაზობთ ბრიტანულ გაზეთ „დეილი ტელეგრაფში“ (The Daily Telegraph) გამოქვეყნებული სტატიის შემოკლებულ ვერსიას, სათაურით „სად არის სერგეი ლავროვი? ვრცელდება ხმები რუსეთის მთავარი დიპლომატის ბედთან დაკავშირებით: ლავროვს და პუტინს კონფლიქტი მოუვიდათ?“ (ავტორი – როლანდ ოლიფანტი).

„გასულ კვირაში, რუსეთის უშიშროების საბჭოს სხდომაზე, რომლის დროსაც ბირთვული იარაღის გამოცდის შესაძლო განახლების საკითხი განიხილეს,  რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი არ ჩანდა. იგი თავისი უწყების ახალი ამბების ნაკადიდან პრაქტიკულად გაქრა. მართალია, მისი ინტერვიუ გამოქვეყნდა, მაგრამ ერთი წლის წინანდელი ფოტოსურათით, თვითონ მინისტრი კი არავის არ უნახავს. ავად არის ლავროვი? სამსახურიდან გაუშვეს? ან, შესაძლოა, ფანჯრიდან გადმოვარდა?

და თუ ვლადიმერ პუტინის მთავარი საგარეო წარმომადგენელის კარიერა შეწყდა, როგორ შეიცვლება რუსეთის აგრესიული საგარეო პოლიტიკა?

ვარაუდები და თეორიები: საფუძვლიანი და უსაფუძვლო

ხუთშაბათს გამართული რუსეთის უშიშროების საბჭოს სხდომა ერთადერთი სხდომა იყო, რომელიც მისმა მუდმივმა წევრმა სერგეი ლავროვმა გამოტოვა.  წინა დღეს კი კრემლმა გამოაცხადა, რომ 21-22 ნოემბერს იოჰანესბურგში დაგეგმილ G20-ის სამიტზე რუსეთის დელეგაციას პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოადგილე დიმიტრი ორეშკინი უმეთაურებსო. არადა, ქვეყნის დელეგაციას „დიდი ოცეულის“ სამიტებზე ბოლო ათწლეულებში ან თვითონ პრეზიდენტი, ან საგარეო საქმეთა მინისტრი მეთაურობდნენ ხოლმე.

მაინც რა მოხდა კრემლში? ოთხი დღის წინ, ხუთშაბათს, გაზეთ The Moscow Times-მა ივარაუდა, რომ სერგეი ლავროვი, „ალბათ, ვლადიმერ პუტინმა შერისხა“. თავის მხრივ, კრემლის პრეს-მდივანმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ „ხმები მინისტრის თანამდებობიდან მოხსნის თაობაზე გადაჭარბებულია… ლავროვი მუშაობს და კარგად არის“.

„რა თქმა უნდა, მინისტრი შეიძლება ავად გახდეს. მისი ვიზიტების გრაფიკი დაძაბულია და ფიზიკური გამოფიტვის ნიშნები აშკარად ემჩნევა“, – ამბობს ალექსანდრე გაბუევი, კარნეგის ფონდის რუსულ-ევრაზიული ცენტრის თანამშრომელი.

ლავროვის მიდრეკილება  Johnnie Walker Black Label-ისადმი – მოდური სასმელის მიმართ, რომელიც პოპულარული იყო გაეროში მისი მუშაობის წლებში, არსად არ გამქრალა – ისევე როგორც მისი სიგარეტის მოწევის ჩვევა.

2022 წელს „დიდი ოცეულის“ ბალის სამიტზე სერგეი ლავროვი რამდენიმე სესიას არ დასწრებია და „ჰორიზონტიდან გაქრა“,  თუმცა მოგვიანებით გამოჩნდა, ყველამ იგულისხმა, რომ იგი საავადმყოფოში იწვა. მართლაცდა, მინისტრი უკვე საკმაოდ მოხუცია საპასუხისმგებლო სამუშაოსათვის – მომავალი წლის მარტში სერგეი ლავროვს 75 წელი შეუსრულდება და როცა ვლადიმერ პუტინი 2030 წელს მორიგ საპრეზიდენტო არჩევნებს ჩაატარებს და თავის გუნდში საკადრო ცვლილებებს მოახდენს, ლავროვი უკვე 80 წლის იქნება. უეჭველია მას გადადგომა და დამსახურებული პენსია ელოდება – ანდრეი გრომიკოსავით მინისტრის პოსტზე ლავროვი თითქმის 30 წელი ვერ იქნება.

„მორდორის“ დიპლომატია: ლავროვი როგორც „დინოზავრი“ და „მამონტი“

მოსკოვში, სმოლენსკის მოედნის 32-34 ნომერში მდებარე საგარეო საქმეთა სამინისტროს, რომლის შენობა ჯონ ტოლკინის „ბეჭდების მბრძანებელში“ მოხსენიებულ „მორდორს“ ჰგავს, სერგეი ლავროვი 21 წელია ხელმძღვანელობს. იქ რუსი მთავარი დიპლომატზე არაფერს ამბობენ, მაგრამ თანამშრომლებმა კარგად იციან, რომ მათი მრავალწლიანი უფროსის კარიერა დასასრულს უახლოვდება – ნაწილობრივ ასაკის და ნაწილობრივ იმის გამოც, რომ იგი უკვე იმ დინოზავრს წარმოადგენს, რომლის არსებობის ეპოქა იწურება.

თამბაქოს თავგადაკლული მწეველი, მჭევრმეტყველი და მიმზიდველი (როცა ეს აუცილებელია), თავის სიმაღლეზე მდგომი მინისტრი, რომელმაც ყველა საკითხი ვრცლად იცის, ვიდრე მისმა უცხოელმა კოლეგებმა, სერგეი ლავროვი განასახიერებს იმ ყველაზე საუკეთესოს, რაც საბჭოთა დიპლომატიურმა ტრადიციამ შექმნა. მაგრამ იგი ასევე ოსტატურად ფლობს იმავე საბჭოური მემკვიდრეობის ბნელ მხარესაც – როგორ უნდა იდევნებოდნენ ადამიანები, როგორ უნდა დააშინო და მათი ტროლინგი განახორციელო, როგორც უნდა გაავრცელო სიცრუე…

მინისტრის პოსტზე 20 წლის განმავლობაში სერგეი ლავროვი მოწმე გახდა იმისა, თუ როგორ მოაქცია თავის ხელში კრემლში მყოფმა ვლადიმერ პუტინმა რეალური საგარეო-პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიღება. პრეზიდენტი სულ უფრო მეტად ეყრდნობა არა დიპლომატებს, არამედ ჯარისკაცებსა და ჯაშუშებს, თავისი ჩანაფიქრების განხორციელებაში.

2014 წელს ყირიმის ანექსიისა და განსაკუთრებით 2022 წლის თებერვლის შემდეგ, როცა რუსეთის არმია უკრაინაში შეიჭრა, ის მიმართულებები, სადაც სერგეი ლავროვი წარმატებული იყო, ფაქტიურად, გაქრნენ: რუსეთისა და დასავლეთის ურთიერთობა მინიმუმამდე შეიზღუდა, ასევე შესუსტდა რუსეთის კონტაქტები გაეროს უშიშროების საბჭოში, ეუთოსთან, შეჩერდა მოლაპარაკებები ირანის ბირთვულ პროგრამაზე, გაყინულია შეიარაღებისადმი კონტროლი – ყველა ის დარგი, რომლებსაც რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ხელმძღვანელობდა, არააქტუალურად გადაიქცა. ის დიპლომატები კი, რომლებიც აღნიშნულ მიმართულებებს ხელმძღვანელობდნენ, „ზედმეტი თანამშრომლები“ გახდნენ, ისინი თანდათანობით კარგავენ თავიანთ პროფესიონალიზმს და უნარ-ჩვევებს.

სერგეი ლავროვი, საკმაოდ ამპარტავანი პიროვნება, თავისი შექმნილი სისტემის გარეშეა დარჩენილი. იგი დაემსგავსა ისტორიამდელ ბანჯგვლიან მამონტს, რომელიც გამყინვარების შემდეგ ცოცხალი გადარჩა და ტუნდრაში მარტოდმარტო დახეტიალობს მას შემდეგ, როცა მისი თანამოძმეთაგან ბევრი გაიყინა. „მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ მას წასვლა უნდა“, – ამბობს ალექსანდრე გაბუევი, – პირიქით, იგი ხელისუფლებას უფრო ენერგიულად ეჭიდება… მამონტები, როგორც ცნობილია, ციმბირში [და იაკუტიაში] საუკუნეების განმავლობაში იტანდნენ გამყინვარებებს და ბუნების კატაკლიზმებს“.

მემკვიდრეები – სავარაუდო კანდიდატები

რუსული დიპლომატიის იერარქიული სისტემის შიგნით არიან პოტენციური მემკვიდრეები, მათ შორის ლავროვის მოადგილე, 65 წლის სერგეი რიაბკოვი და იგორ მორგულოვი, ჩინეთში რუსეთის ამჟამინდელი ელჩი. როგორც ხალხურ ანდაზაშია, „ორივე ერთი ცომისგან არიან გამომცხვარნი“.

არიან აუტსაუდერი კანდიდატებიც: ხმები დადის, რომ დიმიტრი პესკოვს, ვლადიმერ პუტინის პრეს-მდივანს, მუდამ აუღელვებელ პიროვნებას, საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტის დაკავება შეუძლია. არ არის გამორიცხული, რომ ლავროვის მემკვიდრე გახდეს (საეჭვოა, მაგრამ მაინც) კირილ დმიტრიევი, რომელისაც ახლო კონტაქტები აქვს სტივ უიტკოფთან – დონალდ ტრამპის სპეცწარმომადგენელთან ახლო აღმოსავლეთში. დმიტრიევს თავი ისეთ ემისრად მოაქვს, რომ თითქოს ძალიან კარგად იცნობს ამერიკას და სპარსეთის ყურის ყველა ქვეყნის მონარქებს, თუმცა ზურგს უკან მას ბიუროკრატიულ მსუბუქი წონის პიროვნებად თვლიან. თვითონ სერგეი ლავროვი დმიტრიევს დიპლომატიაში „მოხალისე პიროვნებად“ მიიჩნევს.

მაგრამ სანამ ჩამოთვლილი ამბიციური პირებიდან რომელიმე თავის სვლას გააკეთებს, უფრო გონივრული იქნებოდა, რომ მათ ყურადღება მიაქციონ იმას, თუ რატომ და როგორ შეძლო სერგეი ლავროვმა ამდენ ხანს ასეთი დონის თანამდებობის შენარჩუნება. მთავარი ისაა, რომ იგი მიწებებულივით იყო (არის) და ერთგულობდა (ერთგულობს) თავის მფარველს – ვლადიმერ პუტინს და მისთვის კარგად გაწრთვნილი ქორ-მიმინოს როლს ასრულებს.

სერგეი ლავროვი, ალბათ, ზუსტად აცნობიერებდა იმას, რასაც იგი მარკო რუბიოსთან სატელეფონო საუბრის დროს ამბობდა. მინისტრი, სავარაუდოდ, თვლიდა, რომ უმჯობესია სახელმწიფო მდივანს წაუყენოს მკაცრი და წინასწარ განუხორციელებელი მოთხოვნები, ვიდრე მოამზადოს ის სამიტი, საიდანაც მისი უფროსი [ვლადიმერ პუტინი], ალბათ, ვერაფერს მიიღებს. და თუ არაპროფესიონალი დიპლომატი მარკო რუბიო თეთრ სახლში ლავროვის მკაცრ ტონზე ლაპარაკს დაიწყებს, მით უკეთესი იქნება.

საბოლოო ჯამში ისე გამოდის, რომ სერგეი ლავროვი თავის ყველაზე გაწაფულ დიპლომატიურ თამაშს საზღვარგარეთ, საერთაშორისო არენაზე კი არ ახორციელებდა, არამედ ქვეყნის შიგნით. ამიტომაც ინარჩუნებს იგი ესოდენ დიდხანს თავის პოსტს პუტინის რეჟიმის პირობებში.

 

 

წყარო: