1. Home
  2. TOP სიახლე
  3. “სად არის საქართველო ევროპულ გზაზე?”- “ამერიკის ხმა”
“სად არის საქართველო ევროპულ გზაზე?”- “ამერიკის ხმა”

“სად არის საქართველო ევროპულ გზაზე?”- “ამერიკის ხმა”

249
0

ამერიკული სამაუწყებლო კომპანია Voice of America („ამერიკის ხმა“ – ფინანსდება აშშ-ის სახდეპარტამენტის მიერ) აქვეყნებს სტატიას სათაურით „სად არის საქართველო ევროპულ გზაზე?“, რომელშიც განხილულია ევროპის კომისიის მიერ გამოქვეყნებული ანგარიში საქართველოსთან მიმართებით.

გთავაზობთ პუბლიკაციას:

ევროკომისიამ გამოაქვეყნა ანგარიში ევროკავშირის გაფართოების შესახებ და საქართველოსთან მიმართებით, ამ კუთხით არსებული ვითარების თაობაზეც გაკეთდა განცხადებები. ანგარიშის გამოქვეყნების თარიღი დაემთხვა მნიშვნელოვან პერიოდს – საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას საქართველოში, ამიტომაც ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ამ საკითხსაც შეეხო.

ჯოზეფ ბორელმა, ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში, ისაუბრა ევროკავშირის არა მარტო გაფართოებაზე, არამედ გაძლიერების მნიშვნელობაზეც. მისი თქმით, მხოლოდ ზომა არაფერს ნიშნავს. გაერთიანების გაზრდა საჭიროა არა მხოლოდ ფართობით, არამედ შინაარსობრივი და სტრუქტურული სიძლიერით. მან თქვა, რომ უკრაინამ და მოლდოვამ სერიოზულად გააუმჯობესა თავისი მაჩვენებლები მიმდინარე წელს.

„საქართველოში საპარლამენტო არჩევნები სერიოზული დარღვევებით აღინიშნება, რომელთა გამჭვირვალედ გამოძიება, შესწავლა არის აბსოლუტურად აუცილებელი. ვერ ჩამოვთვლი საარჩევნო დარღვევებს, მაგრამ ისინი არის ბევრი. მნიშვნელოვანია ითქვას, რომ დამოუკიდებელმა დამკვირვებლებმა არ აღნიშნეს არჩევნების სამართლიანად და თავისუფლად ჩატარების თაობაზე. ეს ითხოვს გამოძიებას, რადგან ნათელი მოეფინოს, რა მოხდა, როგორი იყო დარღვევების მასშტაბი და რა გავლენა ჰქონდა ამას მთლიან შედეგზე,“- ამბობს ჯოზეფ ბორელი.

ანგარიშის წარდგენისას მან იმის თაობაზეც განაცხადა, რომ საქართველოს ხელისუფლება ბოლო დროს ევროკავშირს შორდება. „კონსოლიდირებული ტრენდია საქართველოს ხელისუფლების მხრიდან, ბოლო თვეების განმავლობაში, რომ ქვეყანა შორდება ევროპულ გზას, მის ღირებულებებსა და პრინციპებს. ჩვენი ანგარიში ნათელ გზას სახავს კვლავ, დაახლოებასთან დაკავშირებით. თუ იქნება, საქართველოს ხელისუფლებისგან სურვილი, ჩვენ ვთავაზობთ გზას ამისთვის. კანონის გაუქმება „გამჭვირვალეობაზე“, რამაც იქონია უარყოფითი გავლენა სამოქალაქო საზოგადოებასა და მედიაზე, იგივე ეხება „ოჯახური ღირებულებების შესახებ კანონს“, იქნება პირველი მაჩვენებელი საქართველოს მხრიდან, რომ დაიგეგმოს შესაბამისი ნაბიჯები“,- ამბობს ბორელი.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი, ევროკავშირის წარმომადგენლებს საკითხის „პოლიტიზებაში“ ადანაშაულებს და მოუწოდებს გაცნობიერებისკენ, რადგან „წინდაუხედავი მიდგომებით, თანამშრომლობას პოლიტიკურ იარაღად აქცევენ, რაც ევროკავშირის რეპუტაციას აზიანებს.“

„არ ვიცი, რატომ არის პრობლემა ევროკავშირისთვის, რომ მისი ყველა დაფინანსება იყოს გამჭვირვალე. ფაქტია, ეს ევროკავშირისთვის არის პრობლემა და არ სურს, როგორც ჩანს, რომ ყველა მისი დაფინანსება იყოს გამჭვირვალე. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ყველა ორგანიზაცია, მაგალითად, „ევროპის დემოკრატიის ფონდი“, როდესაც საქართველოში შემოდის, რაში ხარჯავს ფულს? რა აქტივობებში? თუკი ეს ქართველი ხალხის სასარგებლოა, რატომ უნდა დავუმალოთ? მე იმედი მქონდა, რომ ევროკავშირი, თუ სხვა დონორები ამ საკითხს, ქართველი ხალხის პოზიციას მიიღებდნენ ცნობად, სერიოზულ ცნობად და დაფიქრდებოდნენ იმაზე, როგორ უნდა უზრუნველყონ, საკუთარი დაფინანსების გამჭვირვალობა საქართველოში. პრობლემა არ არის თბილისში. პრობლემა იმ დედაქალაქებშია, რომლებსაც არ სურთ, რომ მათი დაფინანსება საქართველოში იყოს გამჭვირვალე,“- აცხადებს შალვა პაპუაშვილი.
პარლამენტის თავმჯდომარე აცხადებს, რომ საქართველოს სერიოზული წინსვლა აქვს, ევროინტეგრაციის პროცესში, სხვა კანდიდატ ქვეყნებთან შედარებით.

ევროკომისიის ანგარიში უკანასკნელი 12 თვის განმავლობაში განვითარებულ მოვლენებს აფასებს. აღნიშნავს მიღწეულ წინსვლას ტექნიკურ სფეროში. როგორიცაა ენერგეტიკის სექტორში ნაწილობრივ ბაზრის გახსნა, რაც მანამდე დიდი ხნის განმავლობაში იყო გადადებული; გარემოს დაცვის, კლიმატისა და ნარჩენების მართვის სფეროებში ევროკომისიამ დაინახა, რომ საქართველოს ხელისუფლება გამოხატავს მზაობას განახორციელოს რეფორმები. კიდევ ერთი სფერო, სადაც პროგრესის თაობაზეა აღნიშნული, სახელმწიფო შესყიდვებია, თუმცა დადებითი ტენდენციების თაობაზე საუბარი ანგარიშში აქ წყდება.

პროგრესი არ ფიქსირდება იმ ცხრა ნაბიჯის ირგვლივ, რომლის შესრულების ვალდებულება გასულ წელს დაეკისრა საქართველოს ხელისუფლებას.

ანგარიშში საუბარია უკუსვლაზე დეზინფორმაციის წინააღმდეგ ბრძოლის, პოლიტიკური პოლარიზაციის, არჩევნების, ადამიანის უფლებებთან დაკავშირებულს საკითხებზე.

პაველ ჰერჩინსკიმ, ევროკავშირის ელჩმა საქართველოში განაცხადა:

“ანგარიშში ნათქვამია, რომ უკუსვლა მოხდა იმ სფეროში, რომელსაც ყველაზე მნიშვნელოვანი თავი – “სასამართლო სისტემა და ფუნდამენტური უფლებები” ეხება. ნება მიბოძეთ, მკაფიოდ ვთქვა: ეს უპრედენდენტოა ქვეყნისთვის, რომელიც ევროკავშირში გაწევრიანებისკენ ისწრაფვის.

ევროკავშირში გაწევრიანება არის დამსახურებაზე დაფუძნებული და ასეთად დარჩება. დამოკიდებულია თითოეული ქვეყნის მიერ მიღწეულ ობიექტურ წინსვლაზე. წელს საქართველომ უკან დაიხია. ხოლო სხვა კანდიდატმა ქვეყნებმა წინ წაიწიეს. რამდენიმე მათგანმა გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებები გახსნა.

ცხრა ნაბიჯიდან ერთ-ერთი, არჩევნების ჩატარებას ეხება. საქართველოში საპარლამენტო არჩევნებზე სერიოზული დარღვევები აღინიშნა. დარღვევები, რომელიც ევროკავშირის კანდიდატი წევრისგან მოსალოდნელ სტანდარტებს არ შეესაბამება. საჭიროა, საერთაშორისო დამკვირვებლების მიერ, ამ დარღვევების გამოძიება სწრაფად, გამჭვირვალედ და დამოუკიდებლად.
საერთაშორისო დამკვირვებლებს არ უთქვამთ, რომ არჩევნები თავისუფალი და სამართლიანი იყო. საპირისპიროც არ უთქვამთ. რა იქნება შემდეგ? ევროკავშირი-საქართველოს ურთიერთობების მომავალი ახლა საქართველოს ლიდერების ხელშია,”- ამბობს პაველ ჰერჩინსკი.

პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ამბობს, რომ „ანგარიშში, 35 თავიდან მხოლოდ ერთში, რომელიც მართლმსაჯულებასა და ფუნდამენტურ უფლებებს შეეხება, ევროკომისიის შეფასებით არის უკუსვლა. ამ თავში, ჩვენი შეფასება თანაბარია უკრაინას და მოლდოვის შეფასებისა, ხოლო ფუნდამენტურ საკითხთა ჯგუფში, რომელშიც ეს თავი შედის, საქართველო უსწრებს უკრაინასაც და მოლდოვასაც.“

“ამერიკის ხმასთან” საუბრისას, რონდელის ფონდის წარმომადგენელი, ევროპული კვლევების ცენტრის დირექტორი, ამბობს, რომ ევროკომისია ევროკავშირს არ აძლევს რეკომენდაციას საქართველოსთან გაწევრიანებაზე მოლაპარაკებები გახსნას.
„კანდიდატის სტატუსი არაფრისმომცემია, თუ წინ არ მივდივართ. გამოსვლებში ჩანდა, რომ არჩევნები დარღვევით ჩატარდა. არაფერი თქმულა არჩევნების ცნობასთან დაკავშირებით, რაც ნიშნავს იმას, რომ მისი აღიარებისგან თავს იკავებენ. ალბათ, დაელოდებიან ეუთო-ოდირის საბოლოო დასკვნასაც. მე მგონი, შოკირებულები არიან. შესაძლებელია, უფრო მკაცრი ზომების მიღება. მაგალითად, 7 ნოემბერს ევროპული საბჭოს სხდომა ტარდება და არაა გამორიცხული, რომ უვიზო მიმოსვლის შესაძლებლობა ჩამოერთვას საქართველოს,“- გვეუბნება კახა გოგოლაშვილი.

„საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის ანალიტიკოსი, ნინო სამხარაძე, „ამერიკის ხმასთან“ ამბობს, რომ ევროკომისიის ანგარიშმა აჩვენა ის, რაც საზოგადოებამ უკვე იცის, ესაა საქართველოს, როგორც სახელმწიფოს დემოკრატიზაციისა და ევროპეიზაციის ისტორიული კრიზისი. „ეს კრიზისი გამოიხატება იმაში, რომ ევროინტეგრაციის პროცესი, ოფიციალურად შეჩერებულია. მისი პოლიტიკური კონტექსტი გულისხმობს ურთიერთობების დაზიანებას. ისტორიაში პირველად, უკუსვლა დავაფიქსირეთ. პოლიტიკურად, ის განცხადებები, რაც კეთდება „ოცნებისგან“, მიუთითებს იმაზე, რომ თანამშრომლობის სივრცე და პერსპექტივა უკვე აღარ არსებობს“.

კახა გოგოლაშვილი გვეუბნება, რომ ევროკავშირთან ურთიერთობების გაუარესება და დაშორება გულისხმობს არა მხოლოდ ღირებულებითი ხასიათის ნაპრალის გაჩენას საქართველოსა და დასავლეთს შორის, არამედ, მატერიალური და ფინანსური მოცემულობისა და შესაძლებლობების გაუარესებასაც.
„ყოველწლიურად, საქართველოში 120 მილიონი ევროს დახმარება მოდიოდა, გრანტების სახით, ჩვენ სახელმწიფო ბიუჯეტში. ამით ევროკავშირი მხარს უჭერდა სხვადასხვა სახის სახელმწიფო პროგრამებს. ასევე, შეიძლება დაიკარგოს მილიონები ევროკავშირის ეკონომიკური და საინვესტიციო გეგმიდან, მაგალითად იმ 240 მილიონიდან, რომლის ნაწილი ბიზნესის მხარდაჭერაზე მოდიოდა, ნაწილი, მაგალითისთვის, სოფლებში ინტერნეტიზაციაზე, ენერგო ინფრასტრუქტურის დასახმარებლად და სხვა. თავისთავად, ეს იმოქმედებს საქართველოს ბიზნეს-რეიტინგზე, ლარის კურსზე, გამოიწვევს ჯაჭვურ რეაქციას, აისახება ზოგად სოციალურ მდგომარეობაზე,“- ამბობს ევროპული კვლევების ცენტრის დირექტორი.
„ევროინტეგრაციის პროცესი საქართველოსთვის შეჩერდა. ჯერ არ შეწყდა, მაგრამ შეჩერდა. ინტეგრაციის პროცესების გადადება გაურკვეველი ვადით გამოიწვევს იმას, რომ ფინანსური პაკეტები, რაც განკუთვნილია გაფართოების პოლიტიკის ფარგლებში საქართველოსთვის, ევროკავშირის ბიუჯეტიდან, ხელშესახებად შემცირდება, თუ საერთოდ არ შეწყდა. ისეთი პროექტების დონეზე, რაც ეხებოდა საშუალო სტატისტიკურ ფერმერს, სტუდენტს, მეცნიერს, პირობითად, ეს პროექტები დაზიანდება მნიშვნელოვნად,“- გვეუბნება ნინო სამხარაძე.
ანალიტიკოსები გვეუბნებიან, რომ ხელისუფლება ფიქრობს, ან სურს, საზოგადოებამ იფიქროს, რომ ევროკომისიის ანგარიშით, საქმე არც ისე ცუდადაა, თუმცა რეალურად, ჩანაწერი დემოკრატიის უკუსვლის თაობაზე ანგარიშში იმდენად მძიმე პასაჟია, რომ მას ვერანაირი ტექნიკური მიღწევა ვერ გადაწონის.

ევროკომისიის ანგარიშის თაობაზე თავისი დასკვნა უნდა გამოაქვეყნოს ევროპის საბჭომაც, რასაც, სავარაუდოდ დეკემბერში უნდა ველოდოთ.

წყარო: