
საარჩევნო მედია სკოლის კურსდამთავრებულებს სერტიფიკატები გადაეცათ
საარჩევნო ადმინისტრაციის ახალი საგანმანათლებლო პროექტი „საარჩევნო მედიასკოლა“ წარმატებით დასრულდა.
ცესკო-ს ინფორმაციით, საპილოტე პროექტის ერთ-ერთი მთავარი მიზანი საარჩევნო გარემოს გაუმჯობესება და საარჩევნო საკითხების შესახებ ჟურნალისტიკის ფაკულტეტის სტუდენტების ცნობიერების ამაღლება იყო.
საგანმანათლებლო პროექტის წარმატებით დასრულებისათვის მონაწილეებს სერტიფიკატები ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილმა და ცესკო-ს პრესსპიკერმა, ნათია იოსელიანმა გადასცეს.
გიორგი კალანდარიშვილმა ახალგაზრდებს პროექტში მონაწილეობისთვის მადლობა გადაუხადა და იმედი გამოთქვა, რომ პროექტის ფარგლებში მიღებული ინფორმაცია მათ მომავალ საქმიანობაში დაეხმარებათ.
„საარჩევნო მედიასკოლის“ სტუდენტები ორი კვირის განმავლობაში ისეთ მნიშვნელოვან საკითხებს გაეცნენ, როგორებიცაა: საარჩევნო სისტემები და საარჩევნო ადმინისტრაციის მოდელები; ელექტრონული არჩევნები; ხმის მიცემის პროცედურები; ინკლუზიური საარჩევნო გარემო; მედიის როლი საარჩევნო პროცესში, საერთაშორისო პრაქტიკა, მედიის უფლებები და მოვალეობები საარჩევნო პროცესის გაშუქებისას, საქართველოში მოქმედი კანონმდებლობა და პრაქტიკა; დეზინფორმაცია, როგორც მსოფლიოს გამოწვევა და მასთან გამკლავების გზები; არასწორი აღქმები და აზრის ფორმირება და ა.შ.
აღსანიშნავია, რომ პროექტის მონაწილეებს ინფორმაცია და საკუთარი გამოცდილება შეხვედრებისა და დისკუსიის ფორმატში, ცესკო-ს ხელმძღვანელ პირებთან ერთად, მოწვეულმა ექსპერტებმაც გაუზიარეს.
პროექტი ცესკო-სა და ახალგაზრდობის სააგენტოს შორის არსებული მემორანდუმის და ასევე, ცესკო-ს სწავლების ცენტრსა და უმაღლეს სასწავლებლებს შორის გაფორმებული მემორანდუმების ფარგლებში განხორციელდა.