
საარჩევნო ადმინისტრაციის დელეგაცია მექსიკის შეერთებულ შტატებში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს შეხვდა
საარჩევნო ადმინისტრაციის დელეგაცია ცესკოს თავმჯდომარის, გიორგი კალანდარიშვილის ხელმძღვანელობით, ოფიციალური ვიზიტით, მექსიკის ეროვნული საარჩევნო ინსტიტუტისა და ქალაქ მეხიკოს საარჩევნო ინსტიტუტის მიწვევით, მექსიკის შეერთებულ შტატებში იმყოფებოდა.
ცესკოს ინფორმაციით, დელეგაციამ მონაწილეობა მიიღო 30-31 მაისს გამართულ საერთაშორისო ფორუმში. პირველ ივნისს კი მექსიკის ადგილობრივი და ფედერალური სასამართლო ხელისუფლების არჩევნებს დააკვირდა.
ვიზიტის ფარგლებში ცესკოს თავმჯდომარე და დელეგაციის წევრები მექსიკის შეერთებულ შტატებში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს ზაზა გაბუნიას შეხვდნენ და ვიზიტის მიმდინარეობის საკითხები განიხილეს. შეხვედრაზე ასევე ისაუბრეს საელჩოს დაფარვის არეალში არსებულ ქვეყნებში საარჩევნო ადმინისტრაციებთან თანამშრომლობის შესაძლებლობებსა და პერსპექტივებზე, სხვადასხვა საერთაშორისო პროექტში საარჩევნო ადმინისტრაციის ჩართვისა და მონაწილეობის შესაძლებლობებზე.
შეხვედრას გიორგი კალანდარიშვილთან ერთად აჭარის უმაღლესი საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე პარმენ ჯალაღონია, სსიპ საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრის დირექტორი ნათია ზაალიშვილი და ცესკოს საფინანსო დეპარტამენტის სახელმწიფო შესყიდვების განყოფილების უფროსი გიორგი ლიპარტია დაესწრნენ.
საარჩევნო ადმინისტრაციის დელეგაცია ოფიციალური ვიზიტით მექსიკაში 29 მაისი -2 ივნისის პერიოდში იმყოფებოდა.