სააკაშვილს ხაბეიშვილი არ უგულისხმია, სახელი და გვარი არ იცის? -პაატა მანჯგალაძე
სააკაშვილს ხაბეიშვილი არ უგულისხმია, სახელი და გვარი არ იცის? თუ უნდოდა, იტყოდა, რომ ხაბეიშვილი არ მოსწონს, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრმა, პაატა მანჯგალაძემ განაცხადა.
მანჯგალაძეს კითხვა დაუსვეს მიხეილ სააკაშვილის ფეისბუქპოსტთან დაკავშირებით, სადაც სააკაშვილი წერს: „მომავალი არჩევნებისთვის ჩვენი პარტიული სიის აბსოლუტური უმრავლესობა უნდა შედგებოდეს იმ ადამიანებისგან, რომლებიც არასდროს ყოფილან პარლამენტის წევრები“.
„მიხეილ სააკაშვილი რეჟიმის ტყვეობაშია და პატიმრობაში არ უნდა იყოს. არ ვიცი, ესა თუ ის პოსტი რატომ იწერება. მიხეილ სააკაშვილს, ციხის პირობების გათვალისწინებით, მედიასთან საუკეთესო ურთიერთობა აქვს და არ გაუჭირდება ბრჭყალები ახსნას და გახსნას, თუ რას გულისხმობს. მით უმეტეს, ინიციატივით გამოვიდა, რომ გეგმა აქვს, როგორ უნდა განვითარდეს პარტია და ამ გეგმას ველოდები. არ მგონია, რომ მიხეილ სააკაშვილი ორმაგ ტყვეობაშია. ეს არის პროპაგანდა, რომელიც ხელისუფლებას სჭირდება, თითქოს მიხეილ სააკაშვილი სუსტია და პარტიასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას ვერ იღებს. სოციალურ მედიაში უამრავი პოსტი შემხვდა, სადაც ამაზე იყო შარჟები აგებული, თითქოს სააკაშვილი სუსტია და გადაწყვეტილების მიღება არ შეუძლია. შეიძლება, პროპაგანდის მიზანი არ აქვთ, როცა ამას საუბრობენ, მაგრამ პროპაგანდისთვის ახალი საკვებია, რომ სააკაშვილი პარტიამ აიყვანა ტყვედ, რაც სისულელე მგონია.
რასაც ვუყურებ, გაუთავებელი საუბარი არ დასრულდა იმაზე, რომ „ნაციონალურ მოძრაობაში“ არეულობაა. კანდიდატის სტატუსის მიღების ზღვარზე ვართ და ნაცვლად იმისა, რომ ამაზე ვიყოთ კონცენტრირებული, ხელისუფლების პროპაგანდას ახალ-ახალ საკვებს ვაძლევთ. რაღაც შიდა გარჩევები არ დასრულდა, რაც არ არის კარგი და პროცესს არ ეხმარება. გადაწყვეტილებები უნდა იყოს მიღებული ან ისე, ან ასე. რაც ხდება, არ მომწონს, ცუდია და სერიოზულ შთაბეჭდილებას არ ტოვებს. სააკაშვილს ხაბეიშვილი არ უგულისხმია, მათ კომუნიკაცია ყოველდღე აქვთ. სახელი და გვარი არ იცის? თუ უნდოდა, სააკაშვილი იტყოდა, რომ ხაბეიშვილი არ მოსწონს“, – განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.