„სააკაშვილის მდგომარეობა საქართველოსა და უკრაინის ურთიერთობას ამწვავებს“ – უცხოური პრესა
ბრიტანულ გაზეთ „ფაინენშელ თაიმსში“ (Financial Times) გამოქვეყნებულია სტატია სათაურით „მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა საქართველოსა და უკრაინის ურთიერთობას ამწვავებს“ (ავტორი – ნადია ბირდი).
პუბლიკაციაში მიმოხილულია საქართველოს ექს-პრეზიდენტთან მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით შექმნილი ვითარება. როგორც უკვე ცნობილია, თბილისში გამართული სასამართლოს სხდომის დროს პატიმარმა მიხეილ სააკაშვილმა საქართველოსა და რუსეთის ხელისუფლება დაადანაშაულა, ხოლო უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ აღშფოთება გამოხატა უკრაინის მოქალაქის მიხეილ სააკაშვილის გაუსაძლისი მდგომარეობის გამო („რუსეთი უკრაინის მოქალაქეს საქართველოს ხელით კლავს“) და ამისთვის საქართველოს მთავრობას პროტესტი განუცხადა, ქვეყნის ელჩს კი უკრაინის დატოვება მოსთხოვა 48 საათის განმავლობაში.
პუბლიკაციის ავტორი ესაუბრება ალექსანდრე კრევო-ასათიანს, მიხეილ სააკაშვილის პარტიის – „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ საგარეო-პოლიტიკურ კოორდინატორს: „როგორც ვხედავთ, საქართველოს ხელისუფლება მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით ერთგვარ თამაშს თამაშობს: როცა მთავრობას კრიზისი ჭირდება, ის ექს-პრეზიდენტის მდგომარეობით კარგად სარგებლობს. ჩვენი პარტია ცდილობს საპროტესტო აქციებით მიხეილ სააკაშვილის მსოფლიოს ყურადღება მიაპყროს შეიწყალებს თუ არა პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს? სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პრეზიდენტად 2018 წელს აირჩიეს მმართველი პარტიის „ქართული ოცნების“ მხარდაჭერით. მას აქვს შეწყალების უფლება. ორი კვირის წინ პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი ჟურნალისტი შეიწყალა, რომელიც, როგორც მისი მხარდამჭერები აცხადებდნენ, პოლიტიკური მოტივით იყო დაპატიმრებული.
სალომე ზურაბიშვილმა ბევრჯერ განაცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილის საქმეში არ ჩაერევა, მაგრამ ბევრი ქართველს ჯერ კიდევ აქვს იმედი, რომ იგი გადაიფიქრებს და თავის გადაწყვეტილებას შეცვლის. სალომე ზურაბიშვილი აქტიურად გამოდის საქართველოს პროდასავლური კურსისა და უკრაინის მხარდასაჭერად, რაც საქართველოს მთავრობის რისხვას იწვევს.
„არ ვფიქრობ, რომ სალომე ზურაბიშვილი მიხეილ სააკაშვილს შეიწყალებს“, – ამბობს ალექსანდრე კრევო-ასათიანი , – მას არაერთხელ უთქვამს, რომ ამ იდეის წინააღმდეგია. თუმცა მე მაინც იმედი მაქვს. საერთოდ, ჩვენ, ოპოზიცია, იმედს ვინარჩუნებთ“.