“სააკაშვილი გამოცოცხლდა, ქართულ პოლიტიკაში მოვიდა და საზღვარგარეთ რა უნდა?” – გურამ მაჭარაშვილი
სააკაშვილი გამოცოცხლდა, ქართულ პოლიტიკაში მოვიდა და საზღვარგარეთ რა უნდა? ეს კითხვა მაქვს ევროპარლამენტარებთანაც, – ამის შესახებ მოძრაობა „ხალხის ძალის“ წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.
გურამ მაჭარაშვილი გამოეხმაურა 44 ევროდეპუტატის განცხადებას, რითიც საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებენ, მხარი დაუჭიროს მიხეილ სააკაშვილის გადაყვანას ევროკავშირის ერთ-ერთ წევრ ქვეყანაში, სადაც მას შეუძლია, მიიღოს შესაბამისი სამედიცინო დახმარება.
„ევროპარლამენტარი, რომელიც სტრასბურგის სასამართლოს განცხადების შემდეგ სააკაშვილის ციხიდან გამოშვებას მაინც ითხოვს, იმას ემსახურება, რომ გლობალური „ომის პარტია“ „ლოკალური ომის“ პარტიის საშუალებით ქვეყანაში ცდილობს არეულობას და მეორე ფრონტს. სამწუხაროდ, რადიკალურ ოპოზიციას სურს ქვეყანაში ომი მეორე ფრონტი. სააკაშვილი გამოცოცხლდა, ქართულ პოლიტიკაში მოვიდა და როცა ამბობს, რომ უკვე ქართულ პოლიტიკაშია, მაშინ საზღვარგარეთ რა უნდა? უცხოეთში წასვლა რატომ უნდა? ეს კითხვა მაქვს ევროპარლამენტარებთანაც.
სტრასბურგის გადაწყვეტილებაა, რომ ამ ადამიანმა უნდა იკვებოს, სასჯელი მოიხადოს. ამ გადაწყვეტილებას როცა თავზე გადაახევ ყველა მოსამართლეს, რომელმაც თქვა, რომ პატიმარი სააკაშვილი საქართველოდან არ უნდა წავიდეს, ციხიდან არ უნდა გავიდეს და მაინც ითხოვ, ციხიდან გავიდეს, ეს ნიშნავს, რომ მათი მიზანია არა სააკაშვილის ჯანმრთელობაზე ზრუნვა, არამედ როგორმე გამოაცოცხლონ პოლარიზება. ამას ემსახურებოდა გვარამიას გათავისუფლებაც“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.