რუსეთმა “არამეგობრული ქვეყნების” სია გააფართოვა
რუსეთის მთავრობამ არამეგობრული ქვეყნების სია გააფართოვა და მასში ამჯერად საბერძნეთი, დანია, სლოვენია, ხორვატია და სლოვაკეთი მოხვდნენ.
დოკუმენტში მითითებულია იმ თანამშრომელთა რაოდენობა, რომელთა დაქირავება შეეძლებათ ამ სახელმწიფოების საელჩოებსა და საკონსულოებს.
კერძოდ, საბერძნეთისთვის 34-კაციანი ლიმიტი დაწესდა, დანიისთვის – 20-კაციანი, სლოვაკეთისთვის – 16-კაციანი. რაც შეეხება სლოვენიასა და ხორვატიას, მათ დიპლომატიურ მისიებსა და საკონსულოებში ადგილობრივი პერსონალის დასაქმება არ შეეძლებათ.
რუსეთის მთავრობის განკარგულებაში აღნიშნულია, რომ “დამტკიცებული სია, უცხო სახელმწიფოების მტრული ქმედებების გათვალისწინებით, საბოლოო არ არის”.
2021 წლის მაისში მსგავსი შეზღუდვები აშშ-ისა და ჩეხეთის დიპლომატიურ წარმომადგენლობებზე დაწესდა.
გარდა ამისა, 2022 წლის მარტში რუსეთის მთავრობამ დაამტკიცა იმ უცხო სახელმწიფოებისა და ტერიტორიების სია, რომლებიც რუსეთის წინააღმდეგ “არამეგობრულ ქმედებებს ახორციელებენ”.
ესენია: ავსტრალია, ალბანეთი, ანდორა, დიდი ბრიტანეთი, ევროკავშირის ყველა ქვეყანა, ისლანდია, კანადა, ლიხტენშტეინი, მიკრონეზია, მონაკო, ახალი ზელანდია, ნორვეგია, კორეა, სან მარინო, ჩრდილოეთ მაკედონია, სინგაპური, აშშ, ტაივანი, უკრაინა, მონტენეგრო, შვეიცარია, იაპონია.