რუსეთის ქმედებები შავ ზღვაში ნატო-სთან ომის საფრთხეს აჩენს – ჯეიმს სტავრიდისი
ევროპაში ნატო-ს ძალების ყოფილი მეთაური, ადმირალი ჯეიმს სტავრიდისი აცხადებს, რომ რუსეთის ქმედებები შავ ზღვაში ნატო-სთან ომის საფრთხეს აჩენს.
ამის შესახებ სტავრიდისმა გამოცემა „პოლიტიკოსთან“ ინტერვიუში ისაუბრა.
ადმირალი მიიჩნევს, რომ მოსკოვის მცდელობა, შეაჩეროს საერთაშორისო წყლებში მცურავი გემები რუსეთსა და ნატო-ს შორის სამხედრო კონფლიქტის რისკს ზრდის.
„რუსეთის ქმედებები შავი ზღვის აკვატორიაში, საერთაშორისო წყლებში ქმნის ესკალაციის რეალურ საფრთხეს, რაც შესაძლოა ნატო-სა და რუსეთის ფედერაციას შორის ზღვაში ომამდეც კი მივიდეს“, – განაცხადა სტავრიდისმა.
მისივე თქმით, „ნატო უკრაინას შეიარაღებას და ფულს იმისთვის არ აწვდის, რომ უბრალოდ უცქიროს, როგორ ახრჩობს რუსეთი უკრაინის ეკონომიკას არალეგალური ბლოკადით“.
სტავრიდისმა ისაუბრა შავ ზღვაში მომხდარ ინციდენტზე, რა დროსაც რუსმა სამხედროებმა გამაფრთხილებელი ცეცხლი გახსნეს და შემდეგ შეამოწმეს პალაუს დროშის ქვეშ მცურავი თურქული სატვირთო ხომალდი. ევროპაში ნატო-ს ძალების ყოფილმა მეთაურმა მომხდარი მეკობრეობას შეადარა. მისივე თქმით, კრემლი ყველაფერზე წამსვლელია, რათა უკრაინასა და ევროპას შორის ვაჭრობა შეაფერხოს.
„რუსეთი თუ დაიწყებს სატვირთო ხომალდების დაპატიმრებას, რათა ისინი დააშინოს, ჩემი აზრით, მაშინ დიდი ალბათობით, ნატო-ს პასუხი იქნება ჰუმანიტარული დერეფნის მხარდაჭერა. რაც გულისხმობს უკრაინული პორტებიდან მოძრავი სატვირთო გემების ნატო-ს სამხედრო ხომალდებისა და ავიაციის გამოყენებით დაცვას“, – ამბობს ადმირალი.
როგორც „პოლიტიკო“ წერს, შავ ზღვაში ვითარება მას შემდეგ დაიძაბა, რაც რუსეთმა 17 ივლისს დატოვა ე.წ. მარცვლეულის შეთანხმება და განაცხადა, რომ უკრაინული პორტებისკენ მცურავ გემებს სამხედრო სამიზნედ განიხილავს. თავის მხრივ, უკრაინამ საზღვაო დრონებით მიიტანა თავდასხმა რუსულ ტანკერზე, რითაც აჩვენა, რომ მას შეუძლია რუსული ენერგომატარებლების ექსპორტი შეაფერხოს. კიევში განაცხადეს, რომ რუსეთის შავი ზღვის პორტები 23 აგვისტოდან „ომის საფრთხის ზონად“ ჩაითვლება.