1. Home
  2. TOP სიახლე
  3. რუსეთის ლიდერს სურს ამერიკელ კოლეგას თანასწორად შეხვდეს და მსოფლიო გავლენის სფეროებად გადანაწილდეს -The Washington Post
რუსეთის ლიდერს სურს ამერიკელ კოლეგას თანასწორად შეხვდეს და მსოფლიო გავლენის სფეროებად გადანაწილდეს -The Washington Post

რუსეთის ლიდერს სურს ამერიკელ კოლეგას თანასწორად შეხვდეს და მსოფლიო გავლენის სფეროებად გადანაწილდეს -The Washington Post

272
0

აშშ-ის გაზეთში „ვაშინგტონ პოსტში“ (The Washington Post) დაბეჭდილია ვრცელი ანალიტიკური სტატია სათაურით „დონალდ ტრამპისა და ვლადიმერ პუტინის ურთიერთობის ახალი ეტაპი: სასწორზე მსოფლიოს ბედია დადებული // რუსეთის ლიდერს სურს ამერიკელ კოლეგას თანასწორად შეხვდეს და მსოფლიო გავლენის სფეროებად გადანაწილდეს“ (ავტორები – რობინ დიქსონი, ქეთრინ ბელტონი და ფრანჩესკა ებელი).

გთავაზობთ პუბლიკაციას მცირე შემოკლებით:

მომავალ წელს ორი გეოპოლიტიკური ალფა-ლიდერი ერთმანეთს მეტოქეობას დაუწყებენ. რინგის ერთ მხარეს იქნება აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი, რომელიც უკრაინასთან სამშვიდობო ხელშეკრულების დადებას ესწრაფვის და რომელიც აშშ-ის პრეზიდენტს მშვიდობისმყოფელის სახელს მოუტანს, ხოლო მეორე მხარეს – რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი, გავლენიანი, მანიპულაციების მოყვარული და მკვეთრი ანტიამერიკული ავტოკრატი, რომელსაც იმედი აქვს დონალდ ტრამპს დაარწმუნებს ახალი საერთაშორისო წესრიგის დამყარების აუცილებლობაში, მაგრამ წესებისა და ადამიანის უფლებების გარეშე.

ვლადიმერ პუტინს სურს ახალი მსხვილი გარიგება ევროპული უსაფრთხოების სფეროში, რომლის მიხედვით, უკრაინა კრემლის ხელში აღმოჩნდება, ნატოს დასუსტდება და რუსეთის როგორც მსოფლიოს ძლიერი სახელმწიფოს სტატუსს განამტკიცებს. ამ საკითხზე ნებისმიერი მოლაპარაკების წინ მოსკოვი ყურადღებით უსმენს დონალდ ტრამპის განცხადებებს, ითვალისწინებს მის ამბიციებს და ეძებს ამერიკელი ლიდერის სუსტ და მოწყვლად ადგილებს, თუმცა იმავდროულად შიშობს იმის გამო, რომ დონალდ ტრამპი არაპროგნოზირებადია.

აშშ-ის არჩეული პრეზიდენტის სუსტი ადგილები, რუსი ანალიტიკოსების აზრით, არის მისი გეოპოლიტიკური მიამიტობა, ყურადღების დაბალი კონცენტრაცია და მიდრეკილება იმისაკენ, რომ უფრო მეტად საკუთარ ინტუიციას დაეყრდნოს, ვიდრე გონებას. „დონალდ ტრამპი ხშირად [გარკვეულ საერთაშორისო პრობლემების მიმართ] დუმილს არჩევს ხოლმე“, – ამბობს კონსტანტინე რემჩუკოვი, „ნეზავისიმაია გაზეტას“ მთავარი რედაქტორი, – ჩვენ ვნახეთ მისი წინასაარჩევნო კამპანია და დავრწმუნდით, რომ იგი გეოპოლიტიკურ საკითხებში მაინცდამაინც კარგად ვერ ერკვევა“.

ორ ლიდერს შორის ურთიერთობაში მთავარი პრობლემა გახდება უკრაინის კონფლიქტი, რომლის დასრულებას დონალდ ტრამპი 24 საათში აპირებს. მაგრამ თავის მხრივ ვლადიმერ პუტინი ხისტ პირობებს აყენებს (უკრაინის ნატოში არმიღების, მისი არმიის მნიშვნელოვანი შემცირებისა და ტერიტორიული დათმობების ჩათვლით), რომლებიც ძალიან რთულია შესასრულებლად, ანალიტიკოსები ვერ ხედავენ სამშვიდობო შეთანხმების დადების ვერანაირ იმედს – იმის გათვალისწინებით, რომ ვლადიმერ პუტინის პოზიცია მაქსიმალისტურია, ხოლო დონალდ ტრამპი შიშობს, რომ მსოფლიო მას სუსტ ლიდერად შერაცხავს, თუ რუსეთს ბევრს დაუთმობს. „ტრამპს ისევე როგორც მსოფლიოს სხვა ლიდერს, სურს მოლაპარაკება ძალის პოზიციიდან აწარმოოს. მას არ უნდა, რომ მსოფლიოს წინაშე მშიშარად და პუტინის წინაშე მხოხავად გამოვიდეს“, – დარწმუნებულია ჯოშუა გუმინსკი, კონგრესმენების და პრეზიდენტობის შემსწავლელი ცენტრის ვიცე-პრეზიდენტი.

ჯერ-ჯერობით დონალდ ტრამპსა და ვლადიმერ პუტინს შორის სიგნალები არაფერს მიანიშნებენ, იწყება თუ არა მათ რაიმე დათბობა. გასულ თვეში პუტინმა გამაფრთხილებლად განაცხადა, რომ ტრამპის უსაფრთხოება უზრუნველყოფილი არ არისო – ალბათ, იგულისხმა, რომ შესაძლებელია იგი მოკლან: „სამწუხაროდ, აშშ-ის ისტორიაში უამრავი მსგავსი შემთხვევა არის მომხდარი“, – თქვა პუტინმა. თავის მხრივ, დონალდ ტრამპმა სიხარული გამოხატა იმის გამო, რომ პუტინმა დაკარგა თავისი მოკავშირე, სირიის დიქტატორი ბაშარ ასადი და ამიტომაც იგი დასუსტებულია როგორც გეოპოლიტიკური, ისე საომარი მოქმედებებისა და ეკონომიკური პრობლემების გამო. „დროა, პუტინი სამშვიდობო მაგიდასთან დაჯდეს და ცეცხლის შეწყვეტა-დაზავებაზე მოილაპარაკოს“, – თქვა ამერიკელმა ლიდერმა.

მაგრამ ბევრ საკითხში მათი თვალსაზრისები და ხასიათები ერთმანეთს ეწყობა: ვლადიმერ პუტინი ვერ ითმენს დასავლურ ლიბერალიზმს და ვერ იტანს იმ უცხოელ ლიდერებს, რომლებიც მას ლექციებს უკითხავენ რუსეთის ხელისუფლების რეპრესიებზე და ისეთ საერთო-საკაცობრიო ღირებულებებზე, როგორიც არის ადამიანის უფლებების დაცვა. დონალდ ტრამპში იგი თავის მსგავს შეუბრალებელ ცინიკოსს ხედავს. ეს გარემოება შეიძლება უპირატესობა გახდეს მისი მცდელობისათვის – გადააქციოს რუსეთი გლობალურ სახელმწიფოდ, ახალი მრავალპოლუსიანი წესრიგის პირობებში, ადამიანის უფლებების დაცვის გარეშე, სადაც გლობალური გიგანტები მსოფლიოს ინაწილებენ და უფრო სუსტი ქვეყნების სუვერენიტეტით ვაჭრობენ.

„ვლადიმერ პუტინს სძულს ისეთი მიდგომა, რომელიც დემოკრატიული ფასეულობების დაცვას და გარკვეული წესების შესრულებას ითვალისწინებს. სწორედ ამიტომაც გაუარესდა ჩვენი ურთიერთობა [აშშ-სთან, განსაკუთრებით ჯო ბაიდენის მმართველობის დროს], – ვარაუდობს კონსტანტინე რემჩუკოვი, – დონალდ ტრამპი ამ თვალსაზრისით წარმოგვიდგება ისეთ ადამიანად, რომელსაც საქმე არ აქვს არც ფასეულობებისა და არც იდეოლოგიის მიმართ. იგი წინ არ სწევს არცერთ ამ საკითხს და არავის მწვავედ არ აკრიტიკებს. ტრამპი ამბობს: „ჩემთვის სულ ერთია, თუ რას აკეთებთ თქვენ საკუთარი ქვეყნის შიგნით“.

აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში დონალდ ტრამპის გამარჯვების შემდეგ ვლადიმერ პუტინმა ტრიუმფალური განწყობა გამოავლინა და განაცხადა, რომ მისი თვალსაზრისით, ახალი წესრიგი თითქმის მიღწეულია: „ჩვენს თვალწინ ყალიბდება სრულიად ახალი მსოფლიო მოწყობა, რომელიც არ ჰგავს იმათ, რაც წარსულიდან გვახსოვს“, – ხაზი გაუსვა მან და დასძინა, რომ რადგანაც ძველი წესრიგი, რომელიც გარკვეული წესების შესრულებას მოითხოვს, უკვე მკვდარია, ამჟამად ბრძოლა მიდის ახლის ჩამოსაყალიბებლად – „საქმე ეხება პრინციპების შეჯახებას“. ნატო, მისი თქმით, უკვე ანაქრონიზმია, გაეროს წესდება  კი დროა შეიცვალოს – „ძალის ახალი ცენტრების გაჩენის გამო“. დასავლური ლიბერალიზმი, პუტინის მტკიცებით,  „თავისი არსით ტოტალიტარულია“.

ცნობილი რუსი ჟურნალისტი (იყო გაზეთ „კომერსანტის“ კორესპონდენტი, შემდეგ კი ტელეარხ „დოჟდის“ მთავარი რედაქტორი), მწერალი მიხეილ ზიგარი, რომელიც, უკრაინასთან ომის კრიტიკის გამო, რუსეთიდან გაძევებულია და გასამართლებული, თვლის, რომ ვლადიმერ პუტინმა უშუალოდ დონალდ ტრამპის გასაგონად თქვა, როცა ამბობდა, რომ ადრე თუ გვიან დასავლეთი გააცნობიერებს და მიხვდება „პრაგმატული, ჯანსაღი და ფხიზელი მიდგომების აუცილებლობას, რომელიც დაეფუძნება როგორც მომხდარი [და მიმდინარე] მოვლენების, ასევე საკუთარი შესაძლებლობების ხისტ და ზოგჯერ ცინიკურ, მაგრამ რაციონალურ შეფასებებს“. „მარტივად რომ ვთქვათ, პუტინის აზრით, ნებისმიერი დიქტატორი იმსახურებს თმენას მისი მოქმედების მიმართ და მიტევებას, ხოლო ყოველ რეჟიმს აქვს რეპრესიების განხორციელების უფლება“, – წერს მიხეილ ზიგარი ამას წინათ გამოქვეყნებულ ანალიტიკურ სტატიაში.

ვლადიმერ პუტინის აზრით, ომები გარდაუვალია. ამ დროს მუშაობს პრინციპი „ვინც ძლიერია, ის ყოველთვის მართალია“, რაც სრულიად ნორმალურია.  „ქვეყნებს უწევთ თავიანთი ინტერესების დაცვა შეიარაღებული გზით და მათ ხელთ არსებული ყველა საშუალებით“, – თქვა ვლადიმერ პუტინმა და ორი დღის შემდეგ უკრაინის ქარხანას „იუჟმაშს“ ახალი რაკეტით „ორეშნიკით“ დაარტყა. მას შემდეგ კრემლი იმუქრება, რომ იგივენაირად მოიქცევა და დაბომბავს პოლიტიკური და სამხედრო გადაწყვეტილებების მიმღებ ცენტრებს.

დონალდ ტრამპმა უკრაინაში თავის სპეციალურ წარმომადგენლად გადამდგარი გენერალ-ლეიტენანტი კიტ კელოგი წარადგინა, რომლის მტკიცებით, არჩეულმა პრეზიდენტმა თავისი მმართველობის პირველი ვადის დროს ვლადიმერ პუტინთან მოლაპარაკების შედეგად დაძაბულობა შეამცირა და პარალელურად „ამერიკის ინტერესებსაც მტკიცედ იცავდა“.

პუტინისა და ტრამპის მომავალი დაპირისპირებისათვის მზადების ფონზე რუსეთის ლიდერი დროში შეზღუდულია იმის გამო, რომ სანქციები ქვეყნის ეკონომიკას, საბოლოო ჯამში, მაინც დააზარალებს. მაგრამ მას იმედი აქვს და ფსონს იმაზე დებს, რომ უკრაინა რუსეთზე უარესად დაზარალდება და ომის სიმძიმეს ვერ გაუძლებს, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ დონალდ ტრამპი კიევს იარაღის მიცემას შეუწყვეტს. „პუტინს გათვლილი აქვს, რომ ტრამპთან საქმეებს მოაგვარებს“, – ამბობს ინტერვიუში ტატიანა სტანოვაია, კარნეგის ფონდის რუსულ-ევრაზიული ცენტრის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი, – „იგი იმედოვნებს დაარწმუნოს ტრამპი იმაში, რომ საომარი მოქმედებები კრემლის პირობების შესრულებით უნდა დამთავრდეს და თუ მისი ხრიკები არ იმუშავებს, მაშინ, უბრალოდ, ომს გააგრძელებს იმ იმედით, რომ უკრაინას მალე წინააღმდეგობის გაწევის თავი აღარ ექნება“.

რუსი მეცნიერი, რომელსაც ურთიერთობები აქვს მაღალჩინოსან რუს დიპლომატებთან, ამბობს, რომ კრემლში კომპრომისული განწყობა არ არსებობს. ანდა რატომ იქნება, როცა რუსეთის არმია წინ მიიწევს და ქვეყანას ეკონომიკური კოლაფსი უახლოეს დროში ნამდვილად არ ემუქრება? „რუსეთი მზად არის მოლაპარაკება დაიწყოს, მაგრამ მხოლოდ ძალის პოზიციით და არა სისუსტით“, – თქვა ერთ-ერთმა დიპლომატმა ანონიმურობის პრინციპის დაცვით, თემის დელიკატურობის გამო.

დონალდ ტრამპის ტრაბახი იმით, რომ იგი სამშვიდობო გარიგებას სწრაფად დადებს,  მის მოუთმენლობას მოწმობს. თავის მხრივ, მოსკოველი ჩინოვნიკებიც ჯიუტად აგრძელებენ იმის მტკიცებას, რომ სამშვიდობო შეთანხმებამ ომის პირველმიზეზები უნდა აღმოფხვრას. ისინი ვარაუდობენ, რომ მოლაპარაკება ხანგრძლივი იქნება, ევროპული უსაფრთხოების უზრუნველყოფის გათვალისწინებით.

ვლადიმერ პუტინის სურვილს მსხვილი გარიგების დადების მიზნით ახმოვანებს კრემლტან დაახლოებული მსხვილი კონსერვატიული ოლიგარქი კონსტანტინე მალოფეევი, რომელმაც „ფაინენშელ თაიმსისადმი“ მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ პუტინი არ მიიღებს ტრამპის არცერთ წინადადებას, თუ ისინი ერთდროულად არ ეხებიან უკრაინას, ევროპულ უსაფრთხოებას და მთელ დანარჩენ მსოფლიოს – ანუ კრემლს გლობალური გავლენის დემონსტრირება სურს. ოლიგარქის თქმით, მოსკოვს შეუძლია განაცხადოს, რომ მზადაა გამოავლინოს „მოქნილობა“ და კომპრომისი ტერიტორიულ საკითხში, მაგრამ სამაგიეროდ მოითხოვს დათმობებს ევროპული უსაფრთხოების სამომავლო არქიტექტურაში.

თავისი არსით, ეს ნიშნავს, რომ დონალდ ტრამპი და ვლადიმერ პუტინი მოლაპარაკების დროს დათანხმდებიან მსოფლიოს გაყოფაზე გავლენის სფეროებად – რუსეთს გარანტირებული ექნება გავლენა უკრაინაზე, საქართველოზე და რიგ პოსტსაბჭოთა რესპუბლიკებზე, რომლებიც ნატოს წევრები არ არიან. ამასთან, ცხადია, რომ ასეთი გარიგება შეზღუდავს ნატოს ალიანსს და ევროპულ უსაფრთხოებას დაემუქრება.  „იმედი მაქვს, რომ დონალდ ტრამპი ამ ხაფანგში არ აღმოჩნდება და მიხვდება, რომ ასეთი გარიგება უკრაინისთვისაც და ევროპისთვისაც მავნებელი  იქნება“, – თქვა ერთ-ერთმა მაღალჩინოსანმა ამერიკელმა დიპლომატმა და რუსეთის ექსპერტმა, ანონიმურობის დაცვით, იმ ამერიკული კვლევითი ცენტრის წესების შესაბამისად, სადაც იგი მუშაობს. მისი თქმით, პუტინს ყოველთვის სურდა იმის მიღწევა, რომ „ამერიკა და რუსეთი მსოფლიოს თავს მოახვევენ სწორედ ასეთ მშვიდობას“.

ამასობაში კი დონალდ ტრამპის მომხრეებში პოპულარული ხდება თვალსაზრისი რუსეთ-ჩინეთის ალიანსში განხეთქილების დაწყების თაობაზე. ამას წინათ მემარჯვენე პოლიტიკურ მიმომხილველს თაკერ კარლსონს არჩეულმა პრეზიდენტმა ინტერვიუში განუცხადა, რომ მას  რუსეთისა და ჩინეთის ერთმანეთისაგან გათიშვა მოუწევს. „ეს თვალსაზრისი, როგორც ჩანს, პოპულარობით სარგებლობს დონალდ ტრამპის გარემოცვაში მათი ჩათვლით, ვისაც იგი ეროვნული უსაფრთხოების გუნდში იწვევს“, – წერს ალექსანდრე გაბუევი (გაზეთ „კომერსანტის“ ყოფილი ჟურნალისტი, ამჟამად კი რუსეთიდან გაძევებული), კარნეგის ფონდის რუსულ-ევრაზიული ცენტრის დირექტორი ბერლინში.

ერთ-ერთმა რესპუბლიკელმა კონგრესმენმა რუსეთ-ჩინეთის ურთიერთობაში განხეთქილების შეტანის მცდელობას „სოლით სოლის ამოგდების სტრატეგია“ უწოდა. რუსეთი დამოკიდებულია ჩინეთზე ვაჭრობაში, თანაც ორივემ – ვლადიმერ პუტინმაც და სი ძინპინმაც – კარგად იციან, რომ ოთხი წლის შემდეგ დონალდ ტრამპი პრეზიდენტის პოსტიდან სამუსამოდ წავა. ალექსანდრე გაბუევის თქმით, ტრამპის ნებისმიერი თამაში, რომელიც მიმართულია მოსკოვისა და პეკინის კავშირების დასასუსტებლად, წარუმატებელი იქნება იმის გათვალისწინებით, რომ ორ ავტოკრატ ლიდერს შორის მტკიცე პირადი კავშირები არსებობს,  ორივე არ ენდობა ვაშინგტონს და ორივე იმედოვნებს, რომ მრავალპოლუსიან მსოფლიოში უფრო გაძლიერდებიან – აშშ-ის ხარჯზე“.

მოამზადა სიმონ კილაძემ

წყარო: