1. Home
  2. TOP სიახლე
  3. “რუსეთი უკრაინის ტერიტორიებს იკავებს, სამშვიდობო მოლაპარაკება კი დაბრკოლებებს აწყდება”-The Daily Telegraph
“რუსეთი უკრაინის ტერიტორიებს იკავებს, სამშვიდობო მოლაპარაკება კი დაბრკოლებებს აწყდება”-The Daily Telegraph

“რუსეთი უკრაინის ტერიტორიებს იკავებს, სამშვიდობო მოლაპარაკება კი დაბრკოლებებს აწყდება”-The Daily Telegraph

88
0

ბრიტანულ გაზეთ „დეილი ტელეგრაფში“ (The Daily Telegraph) გამოქვეყნებულია სტატია სათაურით: “რუსეთი უკრაინის ტერიტორიებს იკავებს, სამშვიდობო მოლაპარაკება კი დაბრკოლებებს აწყდება” (ავტორი – იონა კლივი), რომელშიც რუსეთ-უკრაინის ომის ფრონტებზე შექმნილი სიტუაციაა განხილული: შეაჩერებს თუ არა უკრაინის არმია რუსეთის წინსვლას?

გთავაზობთ პუბლიკაციას მცირე შემოკლებით:

იმ დროს, როცა სამშვიდობო მოლაპარაკებები ბარიერებს აწყდება, რუსეთის არმია უკრაინაში სულ უფრო სწრაფი ტემპით მოქმედებს და, შესაბამისად, მეტ ტერიტორიებს იკავებს.

უკრაინული საიმედო ინტერნეტ-გამოცემების თანახმად, ნოემბერში კრემლის არმიამ 500 კვადრატულ მეტრზე მეტი ტერიტორია დაიპყრო, ოქტომბერში დაკავებული 200 კვადრატულ მეტრთან შედარებით.

ამერიკული ანალიტიკური ცენტრის Institute for the Study of War („ომის შემსწავლელი ინსტიტუტის) მონაცემებით, რუსეთის არმიის წინსვლის სისწრაფე ისეთი მაქსიმალურია, როგორიც არ ყოფილა უკრაინაში შეჭრის დროიდან, თითქმის ოთხი წლის წინათ.

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ იგი უკრაინის აღმოსავლეთ ნაწილს – დონბასს – ან ძალით, ან მოლაპარაკების გზით დაეუფლება.

ომის შეწყვეტის 28-პუნქტიანი გეგმა, რომელიც, როგორც ამბობენ, კრემლმა დონალდ ტრამპის ადმინისტრაციასთან ერთად შეიმუშავა, უკრაინის ტერიტორიების რუსეთისადმი გადაცემას ითვალისწინებდა, მაგრამ უკრაინამ და ევროპამ ვაშინგტონის შეთავაზება უარყვეს.

რუსეთის არმიის მიერ ბოლო პერიოდში მიღწეული წარმატებები, ალბათ, დონალდ ტრამპს კიდევ უფრო მეტად დაარწმუნებს იმაში, რომ დაზავება რუსეთის პირობების გათვალისწინებით უნდა მოხდეს და რომ უკრაინისათვის სამხედრო დახმარების გაწევა დროის და სახსრების ფუჭ ხარჯვას წარმოადგენს.

შაბათ საღამოს უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ მას „ხანგრძლივი და შინაარსიანი სატელეფონო საუბარი“ ჰქონდა აშშ-ის პრეზიდენტის  წარმომადგენელთან სტივ უიტკოფთან და დონალდ ტრამპის სიძესთან ჯარედ კუშნერთან, რომელიც ასევეა ჩართული მოლაპარაკებებში.

დიდი ხანი არ გასულა ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებიდან, რომ ვლადიმერ პუტინმა უკრაინის ქალაქებისაკენ ათობით დრონის და ბალისტიკური რაკეტა გაუშვა, რომლებმაც დააზიანეს ან გაანადგურეს უმნიშვნელოვანესი ინფრასტრუქტურული ობიექტები, რკინიგზის სადგურების ჩათვლით.

ევროპელი ლიდერები რთული ამოცანის წინაშე დგანან: უკრაინას სულ უფრო მეტი ფული ჭირდება, რომლის მოძიება-მოგროვება ევროკავშირის ქვეყნებში ძნელი ხდება, აშშ კი უკრაინის ომს თავს არიდებს და მისგან თანდათან დისტანცირდება.

8 ნოემბერს ლონდონში, დაუნინგსტრიტზე (დიდი ბრიტანეთის მთავრობის ოფისში) კირ სტარმერმა ვოლოდიმირ ზელენსკი უნდა მიიღოს, საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონთან და გერმანიის კანცლერ ფრიდრიხ მერცთან ერთად.

საჩქაროდ მოწვვეული სამიტი, როგორც ჩანს, იმის მცდელობაა, რომ როგორმე უკრაინას გარკვეული გარანტიები ჰქონდეს: კიევი დარწმუნებული უნდა იყოს, რომ მას ევროპელები „არ გაჰყიდიან“ აშშ-რუსეთის სამშვიდობო პროცესის განმავლობაში. ეს ის საფრთხეა, რომლის შესახებაც ემანუელ მაკრონი მიანიშნებდა გასულ კვირაში.

აშშ-ის გრძელვადიანი საგარეო პოლიტიკა ფართოდ არის გადმოცემული პარასკევს გამოქვეყნებულ დონალდ ტრამპის მოხსენებაში ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგიის შესახებ, რომელშიც პრეზიდენტმა ევროპა უკრაინაში მშვიდობის დამყარების ხელის შეშლაში დაადანაშაულა.

დოკუმენტში კორექტირებულია ადრინდელი ფორმულირებები რუსეთთან მიმართებით. ამჟამინდელ მოხსენებაში რუსეთი აშშ-ის პირდაპირ საფრთხედ (მტრად) აღარ განიხილება.

მოსკოვი მიესალმა ამ ცვლილებებს და განაცხადა, რომ აშშ-ის პრეზიდენტის ხედვები მნიშვნელოვანწილად ემთხვევა რუსეთის პრეზიდენტის ხედვებს.

“დაუყონებლივი კრახი მოსალოდნელი არ არის”

ბოლო კვირის განმავლობაში რუსეთის არმია რამდენიმე ფრონტზე წინ წავიდა. პოკროვსკი, ყოფილი სარკინიგზო და ლოჯისტიკური ცენტრი, მიუხედავად იმისა, რომ უკრაინა, გასაგები მიზეზების გამო, ქალაქის დატოვებას არ აღიარებს, შეიძლება ითქვას, რომ თითქმის მთლიანად რუსეთის ხელშია. ასევე კრიზისული მდგომარეობაში იქვე ახლოს მდებარე ქალაქი მირნოგრადი, რომელიც რუსეთის არმიას სამი მხრიდან ალყაში ჰყავს.

უკრაინა იძულებული გახდა პოკროვსკისა და მირნოგრადის დასაცავად ჩრდილოეთის მიმართულებიდან ძალები სამხრეთისაკენ გადაესროლა, რითაც  ფრონტი გაშიშვლდა. რუსეთმა სიტუაციით ისარგებლა და ზაპოროჟიეს მიმართულებით წინ წაიწია. ბლოკადაშია ქალაქი კუპიანსკი, რომელიც ორი წელია თავს იცავს, მაგრამ, როგორც ჩანს, შემტევი რუსები აშკარად ჭარბობენ უკრაინელ დამცველებს.

თუმცა, როგორც ემილ კასტეჰელმი, ფინეთის ანალიტიკური ცენტრის Black Bird Group-ის სამხედრო ანალიტიკოსი ამბობს, ციფრები ქაღალდზე უფრო უარესად გამოიყურებიან, ვიდრე ბრძოლის ველზე: „დღეისათვის რუსეთის არმიას რაიმე სერიოზული გარღვევა არ მოუხდენია“, – უთხრა მან „დეილი ტელეგრაფს“ სატელეფონო საუბრის დროს, – უკრაინელებს ამ ეტაპზე დაუყონებლივი კრახი არ ემუქრებათ. რუსეთის არმიამ ვერ შეძლო გადამწყვეტი გარღვევის განხორციელება“.

რაც შეეხება რუსეთის არმიის წინსვლას, ანალიტიკოსმა აღნიშნა, რომ „დიახ, რუსეთმა რამდენიმე სოფელი და სახნავ-სათესი მიწები დაიკავა, მაგრამ უკრაინელები ფრონტს ინარჩუნებენ.. ამ მომენტში ფრონტზე კატასტროფა მოსალოდნელი არ არის“.

შენელდება თუ არა  რუსეთის არმიის წინსვლა?

ანალიტიკოსების ვარაუდით, რუსეთს კიდევ რამდენიმე წელი დაჭირდება დონბასის დანარჩენი ნაწილის დასაპყრობად – ამ „პრიზის“ ხელში ჩაგდება ვლადიმერ პუტინი ყველაზე მეტად სურს, მაგრამ ის საიმედოდ არის დაცული „ქალაქ-სიმაგრეებით“ – კრამატორსკით და სლავიანსკით.

მოსალოდნელია, რომ ზამთრის დადგომის კვალობაზე რუსეთის შეტევის ტემპი შენელდება. და მაინც, ვლადიმერ პუტინმა დონალდ ტრამპს სიგნალი გაუგზავნა: კრემლმა თავის ჯარებს უბრძანა, რომ ზამთრის ბრძოლებისათვის მომზადებულიყვნენ და ამით მიანიშნა, რომ რუსეთი თავის ტერიტორიულ მოთხოვნებს არ შეარბილებს.

რუსეთის, რომელიც ამჟამად უკრაინის ტერიტორიის 19,2%-ს ფლობს, კიევისაგან დონბასის მთლიანი ტერიტორიის გადაცემას ითხოვს. ეს აშშ-რუსეთის მიერ შემუშავებული ერთობლივ სამშვიდობო გეგმაშიც არის ასახული. მოსკოვს ასევე სურს, რომ უკრაინას ნატოში შესვლა აეკრძალოს და არმია შეამციროს.

ამ მოთხოვნებმა კიევსა და ევროპის ქვეყნების დედაქალაქებში აღშფოთების ქარიშხალი გამოიწვია. ევროპელებმა ერთად შეადგინეს შემხვედრი გეგმა, რომელშიც ვლადიმერ პუტინის პრეტენზიები უარყოფილია. ამრიგად, მოლაპარაკება ისევ ჩიხში შევიდა.

7 დეკემბერს რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ მისმა არმიამ კიდევ რამდენიმე დასახლებული პუნქტი დაიკავა ხარკოვისა და დონეცკის ოლქებში.

წყარო: