“რუსეთი არ უქმნის საფრთხეს მსოფლიო წესრიგს”- დიმიტრი პესკოვი
რუსეთი არ უქმნის საფრთხეს მსოფლიო წესრიგს, ნატო-სგან განსხვავებით, რომელმაც დაგეგმა და განახორციელა 2014 წელს ხელისუფლების ცვლა უკრაინაში და მოახდინა მოსკოვის პროვოცირება საკუთარი საზღვრების რუსეთის საზღვრებთან მოახლოებით, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, რითაც გამოეხმაურა იენს სტოლტენბერგის შეფასებებს კონტინენტზე არსებულ საფრთხეებთან დაკავშირებით რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრიდან გამომდინარე.
პესკოვის განმარტებით, დიდწილად ევროპაში ამჟამად არსებული ვითარება გამოწვეულია „ნატო-ს აგრესიული თავდასხმითა“ და „ალიანსის მიახლოებით რუსეთის საზღვრებთან“. რუსი მაღალჩინოსნის განცხადებით, ვითარება რამდენიმე ათწლეულის განმავლობაში მწიფდებოდა და „აიძულა რუსეთი მიეღო ზომები.
„ნამდვილი საფრთხე მსოფლიო წესრიგისთვის ჩვენს კონტინენტზე, ევროპაში – ეს ალბათ, ის გადატრიალებაა, რომელიც უკრაინაში 2014 წელს მოხდა და რომელსაც რეჟისორობა ნატო-ს წევრმა ქვეყნებმა გაუწიეს, მიუხედავად გარანტიებისა, რომლებსაც იძლეოდნენ რიგი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები. აქედან ჩნდება საფრთხე მსოფლიო წესრიგისთვის“, – განაცხადა პესკოვმა.
ცნობისთვის, ნატო-ს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის განცხადებით, უკრაინის ომი ყველაზე საშიში მომენტია ევროპისთვის მეორე მსოფლიო ომის შემდეგ და რუსეთს გამარჯვების უფლება არ უნდა მისცენ. მისივე თქმით, თუ რუსეთის პრეზიდენტი ნატო-ს გაუკეთებს იგივეს, რაც საქართველოს, მოლდოვასა და უკრაინას გაუკეთა, ამ შემთხვევაში ამ პროცესებში სრულიად ნატო იქნება ჩართული.