1. Home
  2. TOP სიახლე
  3. რუსეთ-უკრაინის ომის 391-ე დღე – ბოლო ცნობები ცხელი წერტილიდან
რუსეთ-უკრაინის ომის 391-ე დღე – ბოლო ცნობები ცხელი წერტილიდან

რუსეთ-უკრაინის ომის 391-ე დღე – ბოლო ცნობები ცხელი წერტილიდან

178
0

უკრაინელმა დამცველებმა, გასული დღის განმავლობაში, 5 მიმართულებით მტრის 120-ზე მეტი შეტევა მოიგერიეს, – ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დილის ანგარიშშია აღნიშნული.

„გასული დღის განმავლობაში მოწინააღმდეგის მთავარი მიზანი დონეცკისა და ლუგანსკის ოლქების ადმინისტრაციულ საზღვრებთან მიღწევის მცდელობები იყო. ამისათვის, ოკუპანტების ძირითადი ძალისხმევა კონცენტრირებული იყო ლიმანის, ბახმუტის, ავდიივკას, მარინკასა და შახტიორსკის მიმართულებებზე შეტევითი ოპერაციების განხორციელებაზე. უკრაინელმა დამცველებმა, აღნიშნული მიმართულებებით, ოკუპანტების 120-ზე მეტი თავდასხმა მოიგერიეს“, – აცხადებენ გენშტაბში.

 

უწყების ინფორმაციით, ოკუპანტები ქალაქ ბახმუტზე შტურმს არ წყვეტენ.

 

უკრაინის გენშტაბში აცხადებენ, რომ რუსულმა ძალებმა, გასული დღის განმავლობაში, 21 საჰაერო და 9 სარაკეტო დარტყმა განახორციელეს. ერთ-ერთი მათგანი – ქალაქ სლავიანსკში, რასაც მშვიდობიან მოსახლეობაში მსხვერპლი არ მოჰყოლია.

 

„კიდევ ერთი სარაკეტო დარტყმა კრამატორსკზე, სამოქალაქო ინფრასტრუქტურის ობიექტებზე განხორციელდა. თავდასხმის შედეგად დაზიანდა 7 მაღალსართულიანი კორპუსი და 3 კერძო ავტომობილი. მშვიდობიან მოსახლეობაში მსხვერპლი არ არის“, – აცხადებენ გენშტაბში.

 

მათივე ინფორმაციით, რუსებმა, გასული დღის განმავლობაში, მრავალჯერადი სარაკეტო სისტემებიდან ცეცხლი 57-ჯერ გახსნეს.

 

ამასთან, რუსული ძალების საპასუხოდ, უკრაინის თავდაცვის ძალების ავიაციამ მოწინააღმდეგის პერსონალისა და სამხედრო ტექნიკის თავმოყრის ტერიტორიებზე 12 დარტყმა განახორციელა, სარაკეტო და საარტილერიო დანაყოფებმა კი ცოცხალი ძალის კონცენტრაციის 3 ტერიტორიას დაარტყეს.

 

რუსეთის მიერ ოკუპირებულ ყირიმში, ქალაქ ჯანკოიში რუსული ფრთოსანი რაკეტები გაანადგურეს, – ინფორმაციას უკრაინული მედია უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარ სადაზვერვო სამმართველოზე დაყრდნობით ავრცელებს.

 

მათივე ინფორმაციით, ქალაქ ჯანკოიში რუსული „კალიბრის“ ტიპის ფრთოსანი რაკეტები მაშინ გაანადგურეს, როდესაც ოკუპანტები მათ სარკინიგზო ტრანსპორტირებას ახორციელებდნენ.

 

„იდუმალი „ბავოვნა“ აგრძელებს რუსეთის დემილიტარიზაციის პროცესს და ამზადებს უკრაინის ნახევარკუნძულს, ყირიმს დეოკუპაციისთვის“, – აცხადებენ უკრაინის სამხედრო დაზვერვაში.

 

უკრაინის სამხედრო დაზვერვაში განმარტავენ, რომ საუბარია რაკეტებზე, რომლებიც განკუთვნილია რუსეთის შავი ზღვის ფლოტის ხომალდებიდან გაშვებისთვის. ასეთი იარაღის განადგურების დიაპაზონი 2500 ათას კილომეტრზე მეტია სახმელეთო სამიზნეებისთვის და 375 კილომეტრზე მეტი – საზღვაო სამიზნეებისთვის.

 

მანამდე, სოციალურ ქსელებში ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ ჯანკოიში აფეთქებების ხმა ისმოდა.

„ამჟამად არ არსებობს არანაირი მტკიცებულება, რომ ჩინეთი რუსეთს იარაღს აწვდის“, – ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველოს ოფიციალურმა წარმომადგენელმა ანდრეი იუსოვმა განაცხადა.

 

„არის შემთხვევები, როდესაც პუტინის რეჟიმი, რუსეთის ფედერაცია, ყიდულობს დრონებს, სამოქალაქო საქონელს ღია წყაროებიდან და იყენებს მიკროჩიპებს ამ საქონლიდან. თუმცა, იარაღის მიწოდების არანაირი მტკიცებულება არ დაფიქსირებულა. უკრაინა ყურადღებით აკვირდება სიტუაციას“, – აღნიშნა უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველოს ოფიციალურმა წარმომადგენელმა.

 

უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს წარმომადგენლის ანდრეი იუსოვის თქმით, უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომის ფონზე, რუსეთი ფარულ მობილიზაციას ახორციელებს და შემდგომი სამობილიზაციო საქმიანობისთვის ემზადება. 

„რუსეთში ფარული მობილიზაცია გრძელდება და მზადება შემდგომი სამობილიზაციო ღონისძიებებისთვის მიმდინარეობს. ეს ფაქტი მიუთითებს იმაზე, რომ ჯარი არ არის ეფექტური, სათანადოდ გაწვრთნილი. ამას მოწმობს ბრძოლის ველზე მტრის დიდი დანაკარგებიც“, – აცხადებს იუსოვი. 

 

მისივე თქმით, მობილიზებულებს ბრძოლის ველზე „პანიკური განწყობები“ აქვთ.