1. Home
  2. TOP სიახლე
  3. “რუსები დონბასში წინ მიდიან, უკრაინელთა შეტევა კურსკის ოლქში კი შენელდა”-The New York Times
“რუსები დონბასში წინ მიდიან, უკრაინელთა შეტევა კურსკის ოლქში კი შენელდა”-The New York Times

“რუსები დონბასში წინ მიდიან, უკრაინელთა შეტევა კურსკის ოლქში კი შენელდა”-The New York Times

625
0

ამერიკული გაზეთი „ნიუ-იორკ თაიმსი“ (The New York Times) 23 აგვისტოს ნომერში აქვეყნებს სტატიას სათაურით: „რუსები დონბასში წინ მიდიან, უკრაინელთა შეტევა კურსკის ოლქში კი შენელდა“ (ავტორი – ქონსთანთ მეჰიუთი).

გთავაზობთ პუბლიკაციას მცირე შემოკლებით:

ორ კვირაზე მეტი გავიდა რუსეთის კურსკის ოლქში უკრაინის არმიის ქვედანაყოფების უეცარი შეჭრიდან და ამ ხნის განმავლობაში უკვე შესამჩნევია, რომ უკრაინელთა წინსვლა რუსეთის სიღრმეში საკმაოდ შენელდა.
ფაქტია, რომ მოულოდნელობის ფაქტორის მიუხედავად, კიევის ჯარებს მაინცდამაინც დიდი წარმატებებისათვის არ მიუღწევიათ და ისინი მხოლოდ რუსეთის ტერიტორიის უმნიშვნელო ნაწილს აკონტროლებენ. ამავე დროს კი, კურსკის ოლქიდან 200 კილომეტრის მოშორებით, უკრაინის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში გააფთრებული ბრძოლები მიმდინარეობს: რუსები ნაბიჯ-ნაბიჯ წინ მიდიან.

რუსეთის შეტევამ, რომელიც, უკრაინელთა „კურსკის ნახტომის“ მიუხედავად, არ ნელდება, კიევი სახიფათო მდგომარეობაში ჩააყენა: ისინი იძულებულნი არიან დაიცვან დონბასის ფრონტის კრიტიკულად მნიშვნელოვანი მონაკვეთი და იმავდროულად ცდილობენ წინ წავიდნენ კურსკის ოლქში. და ეს იმ დროს, როცა კიევი ცოცხალი ძალისა და შეიარაღების ფრიად შეზღუდულ რაოდენობას ფლობს.

რუსები პოკროვსკის „კედლებს“ უახლოვდებიან

დღეს უკრაინის არმიის აღმოსავლეთის (დონბასის) ფრონტზე უპირველესი მნიშვნელობა აქვს ქალაქ პოკროვსკის დაცვას, რომელიც კიევის ჯარებისათვის მნიშვნელოვან ლოჯისტიკურ ცენტრს და სატრანსპორტო კვანძს წარმოადგენს და რომელსაც სტრატეგიული მდებარეობა უკავია.

„პოკროვსკის დაკარგვას უკრაინისათვის საკმაოდ არსებითი მნიშვნელობა ექნება დონბასის დაცვის საქმეში“, – ამბობს მაიკლ კოფმანი, კარნეგის ფონდის რუსეთისა და ევრაზიის კვლევების პროგრამის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი, – „რა თქმა უნდა, თუ რუსების პოკროვსკის ოკუპირებას განახორციელებენ, ეს არ იქნება კატასტროფა უკრაინისათვის, მაგრამ მაინც ნეგატიურ გავლენას მოახდენს თავდაცვის საერთო მდგომარეობაზე“.
უკრაინის ადგილობრივი ხელისუფლებამ უკვე მოუწოდა სამოქალაქო მოსახლეობას პოკროვსკის დატოვების თაობაზე – დროულად მოასწრონ ევაკუაცია, სანამ სიტუაცია უფრო არ გაუარესდება. სამწუხაროდ, ქალაქის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის სერგეი დობრიაკის თქმით, ევაკუაცია ნელი ტემპებით მიმდინარეობს: ყოველდღიურად ლვოვის მიმართულებით მხოლოდ 500 თუ 600 ადამიანი მიდის, 1000 ადამიანის ნაცვლად. „მოსახლეობას ევაკუაცია არ სურს“, – ამბობს ვლადიმერ ნიკულინი, პოკროვსკელი პოლიციელი, – ეს არც არის გასაკვირი. ისინი მიჩვეულნი არიან საომარ მდგომარეობაში ცხოვრებას ჯერ კიდევ 2014 წლიდან. მათ ბევრი საშინელება გამოცადეს საკუთარ თავზე და ახლაც იმედი აქვთ, რომ გადაიტანენ“.

ნიუ-იორკში უკვე რუსული ტანკები დაგრიალებენ

პოკროვსკის ახლოს მდებარე დაბა ნიუ-იორკი, შეიძლება ითქვას, რომ უკვე რუსების ხელშია, უკრაინელები მხოლოდ დაბის მცირე ნაწილსღა იცავენ. ნიუ-იორკის ქუჩებში რუსული ტანკები დაგრიალებენ.

დაბამ სახელწოდება ნიუ-იორკი ჯერ კიდევ მე-19 საუკუნეში მიიღო, შემდეგ ნოვგოროდსკოე დაერქვა, 2021 წლის პირველი ივლისიდან კი, უკრაინის ვერხოვნა რადას გადაწყვეტილებით, ძველი სახელი ოფიციალურად დაუბრუნდა.

ნიუ-იორკი, ფაქტობრივად, დაცემულია და თუ მას გვერდით მდებარე ქალაქ ტორეცკსაც იგივე დაემართება, რუსებს გზა ეხსნებათ კიდევ ერთ მსხვილი ლოჯისტიკური ცენტრისაკენ – კონსტანტინოვკისაკენ.

კურსკის ოლქში უკრაინელთა წინსვლა შენელდა. რატომ?

როგორც ანალიტიკოსები ამბობენ, უკრაინის ჯარების ნაწილების კურსკის ოლქში შეჭრის ერთ-ერთი მიზანი ის იყო, რომ კრემლს თავისი ჯარი დონბასის ფრონტიდან კურსკის დასაცავად გადაესროლა, ანუ პოკროვსკის მიმართულებით რუსების ჯარების შეტევა შეესუსტებინა. მაგრამ მოსკოვი ჯერ ჯერობით დონბასიდან ჯარების მოხსნას არ ჩქარობს და პრიორიტეტს, კურსკის ოლქთან შედარებით, ისევ დონბასს ანიჭებს.

„რუსებს დონბასიდან კურსკისაკენ ჯარები პრაქტიკულად არ გადაუსროლიათ“, – განაცხადა მაქსიმ ჟორინმა, მესამე შემტევი ბრიგადის მეთაურის მოადგილემ ჟურნალისტებთან საუბარში, – კურსკის ოლქში ჩვენს შესვლას დონბასის ფრონტზე არავითარი გავლენა არ მოუხდენია“.

უკრაინელებმა კურსკის ოლქში ყველაზე მეტ წარმატებას შეტევის დასაწყისში მიაღწიეს, შემდეგ მათი წინსვლა შენელდა და ახლა აქტიურობა მხოლოდ ცალკეულ უბნებზე ფიქსირდება.

ანალიტიკოსების განმარტებით, ეს გამოწვეულია იმით, რომ მოსკოვმა კურსკის ოლქის სამხრეთში ქვეყნის სხვადასხვა რეგიონიდან ახალი ძალები გაგზავნა. რუსებმა, მართალია, დიდი მსხვერპლის ფასად, მაგრამ უკრაინელების შეჩერება მოახერხეს, წინ წამოსწიეს სამხედრო ტექნიკა და საარტილერიო ქვედანაყოფები. უკრაინელებს კი ცოცხალი ძალის, საბრძოლო მასალებისა და შეიარაღების პრობლემები გაუჩნდათ, ისედაც მწირი რეზერვები კიდევ უფრო იწურება.

როგორც დასავლელი ექსპერტები აღიარებენ, უკრაინის არმიამ კურსკის ოლქში უკვე დაკარგა 65 ტანკი, ამერიკული ოთხი ჯავშანტრანსპორტიორის Stryker-ის ჩათვლით. რუსებმა კი 40 ტანკი დაკარგეს.

მოამზადა სიმონ კილაძემ

წყარო: