
როგორია, რომ უყურებ როგორ სცემენ შენ თვალწინ გამეტებით ჟურნალისტ გოგონას – მერაბ ჭიქაშვილი 2009 წლის 15 ივნისის დარბევაზე
პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე, სადაც 2009 წლის 15 ივნისის მშვიდობიანი აქციის დარბევისას ადამიანის უფლებების შელახვის ფაქტები განიხილება, ყოფილმა პოლიტპატიმარმა მერაბ ჭიქაშვილმა ისაუბრა და იმჟამინდელი თბილისის საპატრულო პოლიციის ყოფილი უფროსის, გიორგი გეგეჭკორის მიერ მისი დაკავებისა და ცემის ფაქტი გაიხსენა.
როგორც მან აღნიშნა, მის თვალწინ სცემეს ჟურნალისტი გოგონა და შემდეგ ის პოლიციელი, რომელმაც ეს ჟურნალისტი დაიცვა.
„მე ვუთხარი, თავში არ დამარტყა, ტრავმა მაქვს თავში. მოდიან ადამიანები ნიღბებით და ჩემ თავს აძლევს და ეუბნება, შეათრიეთ სააპელაციოს ეზოში და თავში არ დაარტყათ ბიჭო. რომ შემიყვანეს სააპელაციოს ეზოში, ბორდიურზე უკვე რამდენიმე ადამიანი იყო, სცემდნენ და იქით წაიყვანეო და ამ წაყვანა-წაყვანაში რიგითობით პირველი დამსვეს, ამათ მომაშორეს და ამ ნიღბიანებმა, რომ მეგონა, რომ თავში არ დამარტყამენ, ხუთივემ წიხლებით დამიწყო ცემა და პირიქით თავში უფრო მირტყამდნენ.
მირტყამენ, ვითიშები, აზრზე მოვდივარ, გვერდზე ჩემ მეგობრებს ვხედავ და ვცდილობ, რომ ესენი არ ჩაერთონ, იმიტომ, რომ წამოდგა ერთი ბიჭი დასახმარებლად, სასულიერო პირია დღეს და ისიც სცემეს და მინდოდა ეს არ მომხდარიყო, იმიტომ, რომ მქონდა და მაქვს ეს პასუხისმგებლობა, იმიტომ, რომ პატარები იყვნენ, ახალგაზრდა ბავშვები იყვნენ იქ როგორია რომ უყურებ როგორ სცემენ შენ თვალწინ გამეტებით ჟურნალისტ გოგონას, რომელიც იციან რომ ჟურნალისტია და შემდეგ ამ ჟურნალისტ გოგონას ვინც გადაეფარა პოლიციელი, რომ შეიყვანა ე.წ. ჯიხურში, როგორც სცემეს ის პოლიციელი, რომ ბიჭო რას აკეთებ შენ?! რას აკეთებ შენ, დაიცავი გოგო ?! და ეს გოგონა არის ანა გოჩაშვილი, რომელსაც მადლობა მინდა ვუთხრა, რომ მაშინ იყო ჩვენთან ერთად და მაშინ აშუქებდა“, – განაცხადა მერაბ ჭიქაშვილმა.